საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შაბათი, 23 სექტემბერი 2017

24 კილომეტრი ფეხით – განათლების მისაღებად

18:45 - 23 ივნისი 2017 hits 21506

„შეიძლება ზვავი ჩამოვიდეს, წყალი ადიდდეს, ნადირიც იყოს, მაგრამ ყურადღებით დავდივართ“, – 14 წლის აბულეთ დაიაური მუცოდან შატილის სკოლამდე 12 კილომეტრს ფეხით გადის. მომავალი სასწავლო წლიდან აბოსთან ერთად სკოლაში მისმა დამ, 6 წლის ქეთომაც უნდა იაროს. სახელმწიფომ მათთვის სასკოლო ავტობუსის დანიშვნა დღემდე ვერ მოახერხა.

პირიქითა ხევსურეთის ერთადერთ სკოლაში აბოს ორი მუცოელი ბიძაშვილიც სწავლობს. ბიჭები სახლიდან კვირას მიდიან, პარასკევამდე პანსიონში რჩებიან და გაკვეთილების შემდეგ შინ ისევ ფეხით ბრუნდებიან.

„ალბათ სამნი რომ ვართ, ნადირიც აღარ გამოდის, ეშინია, თორემ ნადირიც არის ტყეში. ორშაბათს დილას რომ ჩავიდე, ვერც გაკვეთილებს მივუსწრებ და ვერც მეცადინეობას შევძლებ. თან წიგნებიანი მძიმე ჩანთის ტარებაც რთულია ამ გზაზე. მეც ვიღლები და პირველკლასელი გოგო როგორ ივლის? ქეთო ვერ გაუძლებს ასე სიარულს, პატარაა“, – ამბობს აბო.

მუცოდან შატილამდე და პირიქით 24 კილომეტრია. გზა მდინარე არღუნის ხეობაში გადის და ხშირი წყალმოვარდნის დროს განსაკუთრებით საშიში ხდება.

გადაადგილება ზაფხულის პერიოდშიც ჭირს, მაგრამ ხანდახან მაინც გამოჩნდება ხოლმე მანქანა, ზამთარში კი მიღმახევში სულ რამდენიმე ადამიანი რჩება და პერიოდულად გზაც იკეტება. აქაურებს ყველაზე ხშირად სწორედ თავისუფალი მანქანის გამოჩენა ახარებთ. 

აბულეთი კლასში მარტოა და მასწავლებლები გაკვეთილზე მხოლოდ მისთვის შედიან. წელს შატილის სკოლაში შვიდი ბავშვი სწავლობდა. ახლა ხუთნი დარჩნენ. ყველაზე ხალმრავალი, ორბავშვიანი კლასის მოსწავლეებმა სკოლა დაამთავრეს. მეოთხე, მეექვსე და მეათე კლასებშიც, აბოს მსგავსად, თითო მოსწავლე იყო.

განათლების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს „სკოლების ხელმისაწვდომობის“ პროგრამა. სამინისტროს განმარტებით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა უსაფრთხოდ გადაადგილების პრობლემებმა (მაღალმთიანი რეგიონები, ტყიანი ადგილები სოფლებს შორის, სადაც გარეული ცხოველების საშიშროებაა, მდინარეებზე გადასასვლელები და ა.შ.) წარმოშვა მათი საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე ტრანსპორტით გადაყვანის საჭიროება.

პროგრამის განხორციელებისთვის სკოლამ ტრანსპორტით უზრუნველყოფის საჭიროებისა და ბენეფიციართა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრს უნდა მიაწოდოს. საბოლოოდ, სამინისტრო ტენდერის გზით ტრანსპორტის მომსახურების შესყიდვას ახდენს.

იმის მიუხედავად, რომ შატილის სკოლა მუცოდან 12 კილომეტრით არის დაშორებული და გზაც სახიფათოა, მუცოელი ბავშვები ამ სერვისით ვერ სარგებლობენ.

შატილის სკოლის დირექტორი მაყვალა დაიაური, რომელიც თავადაც მუცოელია, ამბობს, რომ არასოდეს დაუსვამს საკითხი, მიღმახეველ ბავშვებს მანქანა მომსახურებოდა.

- ზამთარი თუ მკაცრია და გზა იკეტება, შემოდგომა-გაზაფხულზე ხომ მაინც არის ამ გზაზე ბავშვების მანქანით ტარება შესაძლებელი?

- კი, მაგ დროს კი.

- ორი წელია გზა ზამთარშიც არ ჩაკეტილა მუცოს ხეობაში.

- კი, ვიცი“.

დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის დავით ოსეფაშვილის თქმით, მშობლებს ტრანსპორტი ს დანიშვნის მოთხოვნით არ მიუმართავთ.

- მშობლებს შესაძლოა წერილობით არ მოუმართავთ, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს საკითხი არაერთხელ დასვეს როგორც სკოლის დირექტორთან, ასევე სოფლის გამგებელთან და გამგეობის წარმომადგენლებთან. მომართვის გარეშე არ იცოდით, ბავშვები 24 კილომეტრს ფეხით რომ გადიან?

- ვიცოდი, მაგრამ მე ხომ არ ვეტყოდი, რომ ტრანსპორტი მოეთხოვათ.

- რატომ, დავუშვათ და თვითონ არ მოითხოვეს, ან ინფორმაცია არ ჰქონდათ, იქ არც ტელეფონია, არც ინტერნეტი, რადიოც კი არ იჭერს, თქვენ რამე გიკრძალავდათ ამ შეთავაზებას?

- ეს არ არის ჩემი ვალდებულება.

რეკლამა

განათლების სამინისტროს მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს წარმომადგენლის გია მამუკელაშვილის განცხადებით, შატილის სკოლას ტრანსპორტი 2016 წლის პირველი სემესტრიდან უნდა მომსახურებოდა. „კონტრაქტორმა კომპანიამ ვერავინ ვერ დაიქირავა შატილში. იქ არც გადარიცხვაა, არც საწვავის ყიდვა შეიძლება. დათვიჯვრის უღელტეხილი რომ იკეტება 6 თვით, ვერც ხელფასს გადაუხდი იმ ადამიანს, წინასწარ ვერც საწვავს მისცემ, მოკლედ ვერ მოხერხდა განხორციელება.

- უღელტეხილი რომ იკეტება, მასწავლებლები ხომ იღებენ ხელფასს? დაქირავებული მძღოლიც ასე აიღებდა, რატომ შეიქმნა პრობლემა? საწვავის მიწოდებაც შეიძლებოდა წინასწარ. კონტრაქტორი კომპანია თუ ვერ ასრულებს ამ მოთხოვნებს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ბავშვებმა 24 კილომეტრი ფეხით უნდა იარონ, როცა ამისთვის ბიუჯეტიდან თანხაა გამოყოფილი.

- ჩვენ კონტრაქტორ კომპანიას ყველა შეუსრულებელი ვალდებულებისთვის ვაჯარიმებთ. დაგვეხმარეთ, ვინმე დაგვაკავშირეთ და სექტემბრიდან ავამოქმედებთ ამ პროგრამას შატილშიც“.

სკოლასთან დამაკავშირებელი გზა მდინარე არღუნის ხეობაში გადის. არღუნმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: tinatinmosiashvili@yahoo.com

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში