საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

რეპორტაჟი თოთხამიდან – იქ რა გინდოდათ, რა დაგკარგვიათ?

15:48 - 09 აპრილი 2017 hits 2447

თოთხამში რამდენად წაგვიყვანთ? – ვეკითხებით ახალქალაქში ტაქსის მძღოლს. იქ რა დაგკარგვიათ? - კითხვითვე გვპასუხობს კითხვაზე და თვალით გვანიშნებს, რომ ტაქსიში ჩავსხდეთ. შემდეგ მანქანიდან გადმოდის, ჩვენს უზარმაზარ ზურგჩანთებს საბარგულში დებს და თოთხამისკენ ჩვენი მოგზაურობაც იწყება.

თოთხამი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ქალაქიდან ხუთ კილომეტრში, ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სოფელში 167 ადამიანი ცხოვრობს.

გაუქმებული მაღაზიის ფანჯრებაჭედილ შენობასთან კაცებს მოუყრიათ თავი და ნარდს თამაშობენ. რთული ცხოვრება რომ აქვთ და უკეთესობის იმედი არა, ეს მათი პირველი სიტყვებიდანვე იგრძნობა:

- რისთვის ამოხვედით, რა აზრი აქვს? ხომ იცით, რომ ჩვენთვის მაინც არაფერი შეიცვლება - გვეუბნება სოფლის ცენტრში შეკრებილი კაცებიდან ერთ-ერთი. ვერაფერს იტყვი: აქ არც გზაა, არც სასმელი წყალი, არც სამედიცინო პუნქტი და არც საბავშვო ბაღი ბავშვებისთვის.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით ხუთი წლის წინ სკოლაც გაუქმდა - ბავშვების არასაკმარისი რაოდენობის გამო. მას შემდეგ სოფელში სასკოლო ასაკის ბავშვების რაოდენობა კი გაიზარდა, მაგრამ თოთხამის სკოლის შენობა ისევ ჩარაზულია. დახურულ სკოლაში კედლის საათი იმ დროს აჩვენებს, რასაც ბოლო გაკვეთილების დღეს აჩვენებდა. კედლებზე ისევ კიდია წლების წინანდელი გამრავლების ტაბულა და რუკები, ზმნის უღლებისა და გაკვეთილების უსარგებლო ცხრილები.

მესროპ ირიციანი თოთხამში ცხოვრობს. ის სკოლის გაუქმებულ შენობას დარაჯობს. მესროპს ორი შვილიშვილი ჰყავს: უმცროსი ოთხი წლისაა, უფროსი კი შვიდის. ის პირველ კლასში დადის და თანასოფლელი ბავშვების მსგავსად მეზობელი სოფლის - კოხის სკოლაში სწავლობს.

„აქედან კოხის სკოლაში რვა ბავშვი დადის. იქამდე 2,5 კილომეტრია. ორივე გზაზე ბავშვმა 5 კილომეტრი უნდა გაიაროს. ბავშვების სკოლაში მანქანით ტარების საშუალება არ გვაქვს. განსაკუთრებით რთულია ზამთარი, როცა ადრე ღამდება. ხშირად ძლიერი ქარია და დიდი თოვლი. გზაზე მაწანწალა ძაღლების ან მგლის თავდასხმის საფრთხეც არსებობს. ამ ბავშვებისთვის განათლების მიღება პრობლემებთან არის დაკავშირებული. თოთხამის სკოლა რომ აღდგეს, ეს პრობლემებიც მოგვარდებოდა. ახლა სოფელში თხუთმეტი ბავშვი გვყავს. მალე კიდევ რამდენიმე დაიბადება. ადრე აქედან ბევრი ოჯახი მიდიოდა სომხეთსა და რუსეთში საცხოვრებლად. ახლა უმეტესობას სოფელში დარჩენა სურს, მაგრამ სკოლა და ბაღი თუ არ იქნება, გაჭირდება.“

უსაფრთხო და ხელმისაწვდომი განათლების ხელშეწყობა სახელმწიფოს ვალდებულებაა. კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობებისთვის სრულფასოვანი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა აუცილებელი პირობაა საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის.

თამრო მურჯიკნელიც თოთხამის მკვიდრია. მისი შვილი სკოლაში წელს უნდა შევიდეს. „სკოლაში ბავშვის მანქანით ტარების საშუალება არ გვაქვს. მე გამონაკლისი არ ვარ. სხვა ოჯახებსაც არ აქვთ ბავშვების სკოლაში მანქანით ტარების საშუალება. გვინდა, რომ ჩვენს სოფელში სკოლა ისევ აღადგინონ ან ბავშვებისთვის სასკოლო ტრანსპორტი გამოყონ.“

თოთხამში კიდევ ბევრი პრობლემაა: უმუშევრობა, უგზოობა, უტრანსპორტობა...

„ექთანი ვარ, მაგრამ ვერ ვმუშაობ. სოფელში ამბულატორიაც კი არ გვაქვს. ბავშვის ასაცრელად აქედან ახალქალაქში უნდა წავიდეთ. იქამდე ჩასვლასაც ფული სჭირდება. აქ ხომ ხედავთ როგორი პირობებია? ზოგი ოჯახი პურის ფულს ძლივს შოულობს. მხოლოდ არჩევნების დროს მოდიან, მთებს გვპირდებიან, გზებს, წყალს, შემდეგ კი დაპირებები აღარ ახსენდებათ. წინასაარჩევნოდ ვითომ გზა გააკეთეს. ხედავთ სადმე გზას? ტრაქტორმა გაიარა და ტალახი გადაასწორა. სულ ეგ იყო.“

მესროპ ირიციანი ამბობს, რომ სკოლის დახურვის შემდეგ მასწავლებლები უმუშევრად დარჩნენ: „ახლა მათ კარტოფილი მოჰყავთ და საქონელს უვლიან. სოფელში სკოლა, ბაღი და ამბულატორია რომ გაიხსნას, სამუშაო ადგილები ისევ გაჩნდებოდა. ბევრჯერ მქონდა სომხეთსა და რუსეთში წასვლის შანსი, მაგრამ სამუდამოდ წასვლას არსად ვაპირებ. აქ ვრჩები, ეს ქვეყანა ჩემი სამშობლოა და ის ძვირფასია ჩემთვის.“

უკან ავტოსტოპით ვბრუნდებით. ჯავახეთის განაპირა სოფლებიდან ახალქალაქამდე ჩამოსვლა 10-25 ლარი ღირს, ახალქალაქიდან თბილისამდე კი -12. თუ ამას თბილისიდან უკან დაბრუნების ხარჯებსაც დავამატებთ, 70-75 ლარი გამოდის. მარტივი გამოსაცნობია, თუ რატომ არ აქვთ აქაურ ბავშვებს ნანახი თბილისი, ბათუმი და საქართველოს სხვა ქალაქები და რატომ არის ასეთი გადაუჭრელი პრობლემა მათი ინტეგრაცია.

ჯავახეთის სოფლების მონახულება დაახლოებით იმდენივე ღირს, რამდენიც უკვე Wizz Air-ის ფრენები ქუთაისი-დორტმუნდის ან ქუთაისი-მილანის მიმართულებით.

ახალქალაქიდან სამცხის სოფელ იდუმალამდე ერთ კეთილ ბაბუას მოვყავართ. თვითონაც მდუმარე და იდუმალი კაცი ჩანს. ერთადერთ კითხვას გვისვამს გზაში - თოთხამში იყავით? იქ რა გინდოდათ?

ვიცი, რაც გვინდოდა: არსად დედამიწის ზურგზე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და მგლის შიშის მიუხედავად ბავშვები სკოლისკენ მიმავალ გზას მუხლამდე თოვლში მიუყვებიან, არავინ არავის უნდა ეკითხებოდეს - იქ რა გინდოდათ, რა დაგკარგვიათ?

თამუნა ნერგაძე

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. ფილოლოგი ფრანგული ენის განხრით. მუშაობდა ქართული ენის ტრენერად სომხურენოვან სკოლაში.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში