საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რატომ აპროტესტებს ლენტეხის მოსახლეობა „ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:47 - 07 ივლისი 2018 hits 15072

ლენტეხის მუნიციპალიტეტში „ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობა მდინარეების ხელედულას და დევაშის ხეობებშია დაგეგმილი. ჰიდროელექტროსადგურისთვის კომპანია გვირაბების მოწყობას გეგმავს იმ ტერიტორიაზე, სადაც გეოლოგების დასკვნით მოსალოდნელია ღვარცოფული, მეწყრული, ეროზიული და სხვა საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურება. ჰესის მშენებლობისთვის 18-20 ჰექტარზე ტყეც გაიჩეხება. სოფლებში - ხელედში, წანაშსა და ლესემაში საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს დატბორვა ემუქრება.

9 ივლისს, ლენტეხში, მერიის შენობასთან „ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. ჰესის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. მოსახლეობამ ხელედულას ხეობიდან სამშენებლო კომპანიის ტექნიკა რამდენიმე დღის წინ გააძევა, თუმცა ადგილობრივების თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ჰესის მშენებლობა კვლავ განახლდეს.

„ხელედულა 3“ ჰესის შესახებ

ლენტეხის მუნიციპალიტეტში „ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა, 2017 წლის 24 მაისს აქვს დამტკიცებული.

დასკვნის მიხედვით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 50.77 მგვტ იქნება, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 254.934 გვატ.სთ. ჰესის მშენებლობისთვის მდინარე ხელედულაზე გათვალისწინებულია 8 მეტრიანი დამბის მოწყობა (დამბა 1), მდინარე დევაშის კალაპოტში მდინარე ხელედულას გადაგდების მიზნით კი 3816 მეტრი სიგრძის უდაწნეო გვირაბის მშენებლობა, რომლის სიმაღლე 4.25 მეტრი იქნება, სიგანე კი 4.85 მეტრი.

11 მეტრიანი დამბის (დამბა 2) მოწყობაა გათვალისწინებული მდინარე დევაშის ხეობაში, წყალმიმღებიდან წყალი გადავა სადაწნეო აუზში და შემდგომ მიეწოდება 2300 მეტრი სიგრძის სადაწნეო გვირაბს. სადაწნეო გვირაბის შემდეგ წყალი მიეწოდება სადაწნეო მილსადენს, რომლის დიამეტრი 2.60 მეტრია. სადაწნეო მილსადენი სამ ნაწილად იყოფა და ჰესის შენობაში განთავსებულ ტურბინებამდე გაგრძელდება.

პროექტის მიხედვით, ხელედულა-3 ჰესის მიერთება დაგეგმილია არსებულ ერთჯაჭვიან 110 კვ საჰაერო ხაზთან - იფარი-ჯახუნდერი-ლაჯანური, ორჯაჭვიანი 110 კვ-იანი საჰაერო ხაზით. გარდა ამისა, 125 მგვა ავტო-ტრანსფორმატორი დამონტაჟდება არსებულ 220/110 კვ ლაჯანურის ქვესადგურში, რათა მოხდეს ხელედულა-3 ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა. პერსპექტივაში ხელედულა-3 ჰესი მიუერთდება ახალ 500/220 კვ ქვესადგურს ცაგერში, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია 2023 წლისთვის.

დოკუმენტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 3.5 – 4 წელია. ყველაზე მეტი დრო უდაწნეო და სადაწნეო გვირაბების მშენებლობას სჭირდება, დაახლოებით 3-3.5 წელი. მშენებლობის ფაზაზე 250-300 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.

ჰესის მშენებლობისთვის დაგეგმილია როგორც ახალი გზების მოწყობა, ასევე არსებული გზების გამოყენება. პროექტი 4 სამშენებლო ბანაკის მოწყობას ითვალისწინებს. ერთ-ერთი ბანაკი მოსახლეობიდან დაახლოებით 50-60 მეტრის დაცილებით განთავსდება.

სამინისტროს დასკვნაში ნათქვამია, რომ მდინარე ხელედულა საშიში გეოდინამიკური პროცესების მაღალი რისკებით ხასიათდება. ხეობაში მრავლადაა მეწყრული და ეროზიული პროცესების აქტიური კერები. იგივე შეიძლება ითქვას მდინარე დევაშის ხეობაზეც, სადაც დამბა 2-თან მისასვლელი გზა რთული რელიეფის ფერდობებზე უნდა მოეწყოს და შესაბამისად, მაღალია ეროზიული პროცესების გააქტიურების რისკები. სამინისტრო ჰესის მშენებელ კომპანიას რეკომენდაციას აძლევს, მდინარე ხელედულას მარცხენა შენაკადის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეროზიული პროცესების გამო, საყრდენი კედლის მშენებლობა დაგეგმოს, სოფელ ხელედის სკოლის, ეკლესიისა და სხვა ნაგებობების დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

დასკვნის თანახმად, ზემოქმედების ქვეშ მოექცევა დაახლოებით 55 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

„ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი ბიომრავალფეროვნებაზე, ფლორის ნაწილში განსაკუთრებით წაბლზე. ტყის გაჩეხვა მოსალოდნელია 18-20 ჰექტარზე.

მცენარეულ საფარზე მიყენებული ზიანის კომპენსაციის მიზნით, კომპანია ტყის კორომების გაშენებას გეგმავს სანაყაროების ტერიტორიაზე.

ფაუნის ნაწილში მაღალი ზიანია მოსალოდნელი მდინარე დევაშის ხეობაში, სადაც ბინადრობს კავკასიური ციყვი, მურა დათვი, ორბი, ველის კაკაჩა, ბუკიოტი და სხვა.

ჰესის ექსპლუატაციის პერიოდში ზემოქმედება მოსალოდნელია განსაკუთრებით ნაკადულის კალმახზე. ზიანის კომპენსაციის მიზნით მშენებელი კომპანია კერძო თევზსაშენიდან შეისყიდის 50 000 ცალ ლიფსიტას და კაშხლის ზედა ბიეფში გაუშვებს.

პროექტის განხორციელების შესახებ  საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმი 2015 წლის 29 მაისს გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით კომპანიას ეკისრება ვალდებულება გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში (ძირითადად ზამთრის თვეებში) რეალიზებულ იქნას ადგილობრივ ბაზარზე, „რაც ხელს შეუწყობს საკუთარი ჰიდრორესურსებით ქვეყანაში არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას“.

„ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობით შპს „ხელედულა ენერჯია“ დაინტერესებული, რომელიც 2015 წლის 16 სექტემბერს არის რეგისტრირებული. 100 %-ის მესაკუთრეა თურქული კომპანია „ანადოლუ კავკასია ენერჟი იათურიმლარი“.

2018 წლის დასაწყისში, ჰესის მშენებლობის პროექტში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, მდინარე დევაშზე დაგეგმილი დამბა 2-დან ჰესის სააგრეგატო შენობამდე გათვალისწინებული სადაწნეო გვირაბის ნაცვლად, გადაწყდა კომბინირებული სადერივაციო სადაწნეო სისტემის მოწყობა 2368 მ სიგრძის მილსადენის და 454 მ სიგრძის სადაწნეო გვირაბის გამოყენებით. კომპანიის განმარტებით, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების მასშტაბებს.

2018 წლის მარტსა და აპრილში, ლენტეხსა და ხელედში რამდენჯერმე დაიგეგმა ხელედულა 3 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების ანგარიშის საჯარო განხილვა, მაგრამ სახელმწიფოს ყველა მცდელობა ჩაიშალა. ადგილობრივი მოსახლეობა განხილვას არ დაესწრო.

რა პრეტენზიები აქვს მოსახლეობას

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ხელედის თემში სულ 511 ადამიანი ცხოვრობს. აქედან, ხელედში 258 ადამიანია რეგისტრირებული, ლესემაში 81 და წანაშში 119. ხელედის მკვიდრი რაჯი ლიპარტელიანი ამბობს, რომ ბოლო 4 წელში მოსახლეობის რაოდენობა უფრო შემცირდა.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივები ხელედულა 3 ჰესის მშენებლობის წინააღმდეგნი არიან, გვირაბის მშენებლობაა. გვირაბის გაჭრა აფეთქების მეთოდით არის დაგეგმილი. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ საცხოვრებელი სახლები დაზიანდება. ასევე, შესაძლოა, პრობლემა შეექმნას წყაროს წყლების დებეტს ან სულ გაქრეს.

2018 წლის თებერვლის ბოლოს, პრემიერ-მინისტრისა და სახალხო დამცველისთვის გაგზავნილ წერილში, ხელედის თემის მოსახლეობა ყურადღებას ამახვილებს მდინარე ხელედულას ღვარცოფულ ბუნებაზე და 2005-2011 წლებში მომხდარ სტიქიურ მოვლენებს იხსენებს, რა დროსაც მდინარემ ხელედის თემის სოფლებს სერიზოული ზიანი მიაყენა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, როცა მდინარის წყლის დიდ ნაწილს გვირაბსა და მილსადენებში მოაქცევენ, წყლის დარჩენილი ნაწილი ვეღარ შეძლებს, ყოველწლიურად, მთიდან დიდი რაოდენობით ჩამოტანილი ნატანის გატანას, რაც საბოლოოდ მდინარის პირას ჭალებისა და საცხოვრებელი სახლების დატბორვას გამოიწვევს.

მოსახლეობის შიშს გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის 2015 წლის დასკვნაც ამყარებს, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ხელედულას ხეობაში მოსალოდნელია ღვარცოფული, მეწყრული, ეროზიული და სხვა საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურება, რამაც შესაძლოა მდინარე ხელედულას მარჯვენა ტერასაზე მდებარე საცხოვრებელი სახლები წალეკოს.  

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში