საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

EBRD–ის დირექტორთა საბჭომ დაადასტურა, რომ დარიალი ჰესი დარღვევებით აშენდა

10:45 - 18 მაისი 2017 hits 14119

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმმა დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ საჩივარი დარიალი ჰესის პროექტთან მიმართებაში.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ EBRD–ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ბანკის დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმის (PCM) მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის თანახმადაც, EBRD-მ დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები, როცა მიიღო გადაწყვეტილება დარიალი ჰესის დაფინანსების თაობაზე. ამ ნაბიჯით, ბანკმა გაიზიარა „მწვანე ალტერნატივას“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდას“ მიერ საჩივარში აღწერილი დარღვევები.

PCM-ის მომზადებული დასკვნის თანახმად, EBRD-მ სათანადოდ არ შეაფასა პროექტთან დაკავშირებული გეოდინამიკური რისკები დარიალ ჰესის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშში.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში შეფასებული იყო მხოლოდ პროექტის განხორციელებით გამოწვეული რისკები და არა ისეთი საფრთხეები, როგორიცაა მეწყერები და ღვარცოფები, რომელთაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას დარიალი ჰესის ინფრასტრუქტურას, მომუშავე და საპროექტო არეალში მყოფ ადამიანებს. შესაბამისად, პროექტის დაფინანსების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებით ბანკმა დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა.

დასკვნა ადასტურებს, რომ არ იყო შესწავლილი ასევე მდინარე თერგში წყლის ხარჯის უახლესი მონაცემები. შესაბამისად, ბანკის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მოძველებულ მონაცემებს (1990 წელი და ძველი). შესაბამისად, EBRD-მა ამ შემთხვევაშიც დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა.

დამოუკიდებელმა გასაჩივრების მექანიზმმა მოუწოდა EBRD-ს, რომ დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან მიმართებაში: უზრუნველყოს, როგორც პროექტის მიერ წარმოქმნილი, ასევე პროექტისგან დამოუკიდებლად არსებული რისკების/საფრთხეების გამოვლენა და მათი ინტეგრირება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშში; უზრუნველყოს ბსგზშ ანგარიშში გარემოსდაცვითი მონაცემების განახლება, მათ შორის, მდინარეზე დაგეგმილი სხვა პროექტებისა ან/და კლიმატის ცვლილების ზემოქმედება მდინარეში წყლის ხარჯის ოდენობაზე; აქტიურად იმუშაოს დარიალ ჰესის ინვესტორთან, რათა ამ უკანასკნელმა გაასაჯაროოს მდინარეში არსებული წყლის ოდენობის განახლებული მონაცემები, სასურველია პროექტის ექსპლუატაციის დაწყებამდე და დაასაბუთოს რომ მდინარეში არსებული წყლის ოდენობა უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების და კონკრეტულად, ნაკადულის კალმახის შენარჩუნებას.

„მწვანე ალტერნატივამ“ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდამ“ 2014 წლის 22 ნოემბერს შეიტანეს საჩივარი EBRD-ს დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმში დარიალის ჰესისთვის კრედიტის გამოყოფის თაობაზე. მოსარჩელეები ითხოვდნენ დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმისგან დარიალი ჰესის პროექტის თავსებადობის შეფასებას EBRD-ის შესაბამის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკასთან.

დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, 108 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში შესაბამისი ნებართვების გარეშე დაიწყო. მშენებლობის შედეგად 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის დაახლოებით 90% სადერივაციო მილსადენსა და გვირაბში მოექცა. პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზეზით, ყაზბეგის ეროვნული პარკის ნაწილს დაცული ტერიტორიის სტატუსიც მოუხსნეს.

გარემოსდამცველები ამტკიცებდნენ, რომ „დარიალი ჰესის“ მშენებლობის შედეგად, სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმიან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობას. ამასთან, გაიზრდებოდა ბუნებრივი კატასტროფების განვითარების საფრთხე. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით, პროექტს ექნება შეუქცევადი ზეგავლენა მდინარეზე დამოკიდებულ სახეობებზე, მათ შორის, წითელ ნუსხაში შეტანილ ნაკადულის კალმახზე და გამოიწვევს თერგში ამ პოპულაციის გაქრობას.

2014 წლის 17 მაისს, დარიალის ხეობაში, მდინარეების თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე ადგილი ჰქონდა კატასტროფული მასშტაბის ღვარცოფის გავლას. სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

იმავე წლის 20 აგვისტოს, საღამოს 22 საათზე, დევდორაკის ხეობაში ღვარცოფულმა ნაკადმა კიდევ გაიარა ისევ იმ ადგილზე, სადაც 17 მაისს კლდოვან–ყინულოვანი მასა მოწყდა. ღვარცოფის შედეგად, 350–400 ათასი კუბი მიწა ჩამოვიდა, რის გამოც საქართველო –რუსეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა, მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, ასევე დაზიანდა ლარსის ჰესი, დაიტბორა ლარსის საბაჟო– გამშვები პუნტი და „დარიალი ჰესის“ გვირაბი. „ლარსი ჰესზე“ დასაქმებული 2 მუშა გვირაბში დარჩა. ისინი გარდაცვლილები იპოვეს.

დარიალი ჰესი 2017 წლის აპრილში გაიხსნა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში