საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„დეკას მოპოვებამ გარემოს, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:13 - 24 იანვარი 2017 hits 26244

დუშეთის რაიონის სოფელ ბარისახოში კოოპერატივმა „არაგველებმა“ დეკას ჩაის წარმოება დაიწყო. კოოპერატივის ინფორმაციით, თვეში 10 ათასი ჩაის კოლოფის გამოშვებაა შესაძლებელი. ბოტანიკოსები და გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ სამრეწველო მიზნით დეკას მოპოვებამ გარემოს, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

„სვანეთში დეკას მოპოვება გასული საუკუნის 80-იან წლებშიც სცადა ერთმა ქუთაისელმა ბიზნესმენმა. სწორედ იმ დროს სვანეთში მივდიოდი. ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორმა და თავისი ქვეყნის დიდმა პატრიოტმა და მამულიშვილმა, ნიკო კეცხოველმა წერილი გამატანა მესტიის რაიკომის მდივანთან, რომ იმ ბიზნესმენისთვის დეკას მოპოვების უფლება არ მიეცა.  

დეკას ხელყოფით გამოწვეულ საფრთხეს დიდი შეფასება არ სჭირდება: მწვანე ფოთლების შეგროვება მცენარეში ფოტოსინთეზის უნარს დააქვეითებს და დეკას რაყები საერთოდ მოისპობა. დეკას, იგივე „ალპურ ვარდს“ გარემოსთვის უფრო მეტი და დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სამკურნალო თვისებები.

შამილ შეთეკაური: დეკა, როგორც გამყინვარების პერიოდის რელიქტი, აჩერებს ნიადაგის ეროზიას და ამავე დროს ზვავმარეგულირებელი დანიშნულებაც აქვს.

უთოვლო ზამთარში დეკას რაყები ისედაც იღუპება, რადგან მისი წინაპარი - შქერი სითბოს მოყვარულია და „თოვლის საბნის“ გარეშე სიცოცხლე უჭირს. დეკას რაყაში 1-1,5 მეტრის სიგრძის თავისუფალი ადგილიც რომ დარჩეს, ეს ნიადაგის ეროზიას გამოიწვევს“, – ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბოტანიკოსი შამილ შეთეკაური.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხევსურეთში დეკას მცირე რესურსია. „ამ ბუჩქნარის ყველაზე დიდი მასივები ხახმატიდან დათვისჯვრისკენ მიმავალ და კისტან-ლებაისკრის, გურო-გიორწმინდის ჩრდილო ფერდობებზეა გავრცელებული. ამ ადგილებს კი თავის პატრონი ჰყავს. იქ ადგილობრივ მოსახლეობას სათიბები და საძოვრები აქვს და მათ კუთვნილ ტერიტორიაზე დეკას უნებართვო მოპოვება აუცილებლად კონფლიქტს გამოიწვევს“, - აღნიშნავს შამილ შეთეკაური.  

დეკას სამრეწველო მიზნით მოპოვების შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კოორდინატორი კახეთში, კახა სუხიტაშვილიც: „დეკა სუბენდემური სახეობაა, რომელიც საქართველოს, ირანისა და თურქეთის ალპურ და სუბალპურ სარტყელშია გავრცელებული. ის ძალიან მგრძნობიარეა გარემო პირობების ცვალებადობის მიმართ. შესაბამისად, დეკას მოპოვება კარგად დაგეგმვისა და შესწავლის გარეშე დიდ საფრთხეს შეიცავს.

კახა სუხიტაშვილი: ეროზიისა და ზვავისგან დამცავი ფუნქციის გარდა მას სხვა დანიშნულებაც აქვს. დეკა ბუჩქოვანი მცენარეა და რაყას ქმნის. ამ ბუჩქების ქვეშ ბუდობს არაერთი ქვეწარმავალი და რაც მთავარია, კავკასიური როჭო. დეკას რაყების გაქრობა შეუქცევად ზიანს მიაყენებს კავკასიური როჭოს პოპულაციასაც.

ბიზნესის და ქართული პროდუქციის წარმოების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ თუ დეკას მოპოვება დაიწყება, მისი მოკრეფა უნდა მოხდეს გონივრული რაოდენობით და ლიმიტირებული კვოტებით“.

ველურ ბუნებაში მცენარეების მოპოვება საქართველოში არ კონტროლდება. სპეციალისტთა აზრით, ბარში დეკას კულტივირება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

დეკა (Rhododendron caucasicum) - რელიქტური მცენარეა მანანასებრთა ოჯახიდან. ის მარადმწვანე, დაბალი, 1-1,5  მეტრის სიმაღლის ბუჩქია. აქვს მოგრძო, ტყავისებრი ფოთლები, რომელთა ზედა მხარე შიშველია, ქვედა კი - ქეჩისებრ ბუსუსიანი და თეთრი ან მოყვითალო ყვავილები. ნაყოფი ხუთბუდიანი კოლოფია. გავრცელებულია კავკასიის სუბალპურ და ალპურ სარტყელში, ზღვის დონიდან 1600–3000 მეტრის სიმაღლემდე. გვხვდება აგრეთვე თურქეთში, პონტოს მთებში. საქართველოს სუბალპურ ტყეებში (არყნარები, წიფლნარები) დეკა იზრდება შეკრულ ქვეტყედ. ალპურ სარტყელში ჩრდილოეთ კალთებზე ქმნის ასევე ხშირ რაყას - დეკიანს. ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს (14–17%). ყვავილის შეფერილობით განარჩევენ რამდენიმე სახესხვაობას. ცნობილია შქერისა და დეკას ბუნებრივი ჰიბრიდები, რომლებიც დამახასიათებელია კოლხეთის სუბალპური სარტყლისთვის. არსებობს როდოდენდრონის გვარის ჩრდილოამერიკული სახეობებისა და დეკას რამდენიმე ბაღური ჰიბრიდი, რომელიც ამერიკის ბაღებშიც არის მოშენებული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში