„წლებია, გვინდოდა პანკისის ხეობაში ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამოს ჩატარება. გარკვეულმა მოვლენებმა ეს ღონისძიება რამდენჯერმე გადაგვადებინა. მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ტარიელი, ეს დიდი ქართველი და კავკასიელი პოეტი, ერეკლე საღლიანისაც არ იყოს, „პოეზიის ხევისბერი“ ჩვენი სტუმარია და მას პანკისის ხეობა მასპინძლობს. ტარიელ ხარხელაურის პოეზიას ხომ ლაიტმოტივად რაინდობის კოდექსი გასდევს. მისი შემოქმედება ადამიანობიდან იწყება და ზეადამიანობამდე ადის.
აქვე უნდა ითქვას, ეს საღამო ვერ გაიმართებოდა, რომ არა კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა და მისი ხელმძღვანელის, იზა ბექაურის ძალისხმევა“, - გვითხრა ხეობის მკვიდრმა, ლიტერატორმა და მთარგმნელმა მექა ხანგოშვილმა.
ქისტები გამორჩეული მასპინძლები რომ არიან, დუისში გამართულმა პოეზიის საღამომაც დაადასტურა. პანკისის ხეობის მკვიდრებმა - ქართველებმაც და ქისტებმაც - უთბილესი შეხვედრა მოუწყეს მთის პოეტად შერაცხულ შემოქმედს.
პოეტის ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა იმ დღეს პანკისში იყვნენ ქართველი პოეტები: ეთერ თათარაიძე, გუჯა ბურდული, ერეკლე საღლიანი, ბაბუა ალუდაური, მიშა ღანიშაშვილი, ადამ ბექაური, ნანა ცინცაძე და სხვები. რაიონისა და რეგიონის კულტურის სამსახურის, ალავერდიის ეპარქიის წარმომადგენლები, ასევე დმანისის და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვარ პანკისის ხეობაში. მე აღმოსავლეთ მთიელებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაკავშირებს. ჩემს წინაპრებში ყველა მთიელი იყო, მათ შორის ქისტებიც.
ასეც რომ არ იყოს, ქართველებსა და ქისტებს დიდი ვალდებულება გვაქვს ერთმანეთის წინაშე: ჩვენ ვართ ერთი ხალხი, ერთი წარმოშობის, ერთი მენტალობის, ერთი სწრაფვის. ჩვენ გაქვს ვალდებულება ვიღვაწოთ ჩვენი ერთობისთვის, ერთმანეთისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, კავკასიისთვის“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მეუფე ზენონმა. მან ბრიტანეთიდან საჩუქარი ჩამოუტანა ტარიელ ხარხელაურს, ხოლო პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრს, ხასო ხანგოშვილს უძღვნა პალტო, რომლის მსგავსსაც ვაჟა ფშაველა ატარებდა.
„მგელი, როგორი ასაკოვანი, ბებერი, დაუძლურებული და ავადმყოფიც უნდა იყოს, მაინც მგელია. და ეს ზუსტად რომ შეეფერება ტარიელ ხარხელაურს. გვიხარია, რომ დღეს ჩვენი ხეობა ასეთ გამორჩეულ სტუმარს მასპინძლობს“,- შენიშნა თავის გამოსვლაში ისტორიკოსმა და მწერალმა ხასო ხანგოშვილმა.
„თუ ჩვენ - ქართველები და ქისტები არ ვიქნებით ერთად, ჩვენ არ ვიქნებთ არცერთი“, - ასეთი იყო შეხვედრის პათოსი.
აქვე უნდა ითქვას, რომ ახმეტის რაიონის მიმდებარე ხეობებისგან განსხვავებით, პანკისის ხეობა გაცილებით ცოცხალი და ხალხმრავალია. აქ, შეიძლება ითქვას, დუღს სიცოცხლე და მრავლად არიან ახალგაზრდებიც. პოეზიის საღამოსაც აქტიური ახალგაზრდა ქალი, პედაგოგი ლუიზა მუთოშვილი უძღვებოდა. სკოლის მოსწავლეებმა ქართულად და ჩეჩნურად წაიკითხეს პოეტის ლექსები.
„არ გაიარო თავდახრილმა ჩემ გამო, შვილო,
ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია“
....
„სთქვი, მამულო, რა გაწუხებს და დავდგები დარიალთან“...
...
„ვერ მიხვალთ საქართველომდე,
მე თუ არ გადამიარეთ“...
...
„ვერკვლის ციხე ვარ, მგლისფერი,
მტრის რისხვამ მდგარი დიდგორსა“
...
„სამშობლო ჩემო,
პოეტი შენ ხარ,
მე შენი ენით მოლაპარაკე“
ერეკლე საღლიანისაც არ იყოს, ვინმე მედროვე პოეტს რომ ეთქვა, არავინ დაუჯერებდა, ტარიელი კი თავისი ცხოვრებით ამტკიცებს თავისივე სიტყვებს.
„ტარიელ ხარხელაურის „სიმაღლე ლექსებშია, თავმდაბლობა კი ხასიათში“, - თქვა თავის გამოსვლაში ადამ ბექაურმა.
მთელი საღამო ბავშვივით თავდახრილი იჯდა და ისე ისმენდა თბილ სიტყვებს პოეტი. მისი შემხედვარე, გჯერა, რომ „დარდი, ფიქრი და ტკივილი“ მისგან „მოედო სამყაროს“. შეხვედრის დასასრულს ტარიელ ხარხელაურმა თავად წაიკითხა რამდენიმე ლექსი.
გვიანობამდე ისმოდა პანკისის ხეობაში ქართული თუ ჩეჩნური ლექსი, სიმღერა, საცეკვაო.
„ძალიან მომეწონა დღევანდელი საღამო. კარგი იქნება თუ სხვა მწერლებსაც ხშირად მოვიწვევთ ჩვენს ხეობაში. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პანკისელი ახალგაზრდებისთვის“, - გვითხრა მარიამ მარგოშვილმა.
„პირადად ჩემთვის დღევანდელი დღე გამორჩეული იყო, რადგან წლებია ვეცნობი ტარიელ ხარხელაურის ლექსებს და მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა საშუალება, პირადად გამეცნო პოეტი. ჩემი აზრით, ასეთი საღამოების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, ოცდამეერთე საუკუნეში ახალგაზრდებში იკარგება პოეზიის როლი“, - თქვა ჩვენთან საუბრისას თამარ ძარღუაშვილმა.
შეხვედრის დასასრულს „მთის ამბები“ მთის პოეტს ესაუბრა:
„დღევანდელი დღე ერთ-ერთი გამორჩეული დღეა ჩემთვის.
ეს ხალხი, ქისტები კავკასიელ ხალხთაგან გამორჩეულად მიყვარს. მათთან 12-13 წელი ვცხოვრობდი, როცა ცხვარში ვიყავი. ქისტებმა გამორჩეული მეგობრობა და თანადგომა იციან, იციან, როგორ შეგინახონ, როგორ დაგზოგონ.
გაოგნებული ვარ ამ ბავშვებითაც, დღეს აქ რომ ვნახე. რამდენიმემ მაინც განსაკუთრებით კარგად წაიკითხა ლექსი, საოცარი გრძნობით. თან ქართული ხომ მათთვის არ არის მშობლიური ენა.
შეიძლება ასეთ დროს მაინც უნდა იყო ბედნიერი ადამიანი, რომ გქონდეს ამის უფლება. ასეთი დღეები წუთისოფლის გაგრძელების უფლებას გაძლევენ.
ძალიან ხშირად ვეკითხები თავს: ხარ კი, ტარიელ ხარხელაურო, იმ სიყვარულის ღირსი, რასაც შენ გრძნობ და რასაც გარშემომყოფები შენ მიმართ გამოხატავენ. თუ ამ სიყვარულის ნაწილს მაინც ვიმსახურებ, მაშინ ჩემს მოსვლას ამ წუთისოფელში გამართლება ჰქონია, მხოლოდ ამისთვისაც ღირს ცხოვრება“.