საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

Mtisambebi.ge აცხადებს კონკურსს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის

19:06 - 17 ნოემბერი 2018 hits 2429

საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN) პროექტებისთვის Mtisambebi.ge და Reginfo.ge აცხადებს კონკურსს თბილისის ოფისში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სრულწლოვან ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მულტიმედია და დოკუმენტალისტიკა;

სტაჟირების პროგრამა სამთვიანია. შერჩეული კანდიდატები შეისწავლიან: ინფორმაციის წყაროებთან, მონაცემთა ბაზებთან მუშაობას; ინფორმაციის გამოთხოვას სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და დამუშავებას; ახალი ამბების, გრძელვადიანი თემების მოძიებას, საკითხების შერჩევას; წინასწარ დაგეგმვას; ფოტო-ვიდეო გადაღებას; მონტაჟს; ტექსტის წერას; ახალი ამბებისა და მულტიმედია რეპორტაჟების მომზადებას; დოკუმენტალისტიკას.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ანკეტა და გამოგზავნეთ 2018 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.

ანკეტის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა განმარტოთ რატომ გსურთ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა.

პრიორიტეტი მიენიჭებათ ახალგაზრდებს საქართველოს რეგიონებიდან.

შერჩეულ კანდიდატებს დეკემბრის დასაწყისში ჩაუტარდებათ გასაუბრება პირისპირ ან სკაიპის მეშვეობით. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სამუშაო დღეები და საათები განისაზღვრება წინასწარ, ინდივიდუალურად, მონაწილეებთან შეთანხმებით.

სტაჟირების დასრულების შემდეგ ICN განიხილავს წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობას.  

www.Mtisambebi.ge საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსია. პროექტის მიზანია ისეთი დასახლებებიდან, როგორიცაა თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევი, თრიალეთი, სამცხე – ჯავახეთი, მთიანი აჭარა, რაჭა – ლეჩხუმი და სვანეთი ახალი ამბების მომზადება და გავრცელება. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობას.

www.Reginfo.ge ინტენსიურად აშუქებს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს ახალი ამბებისა და რეპორტაჟების საშუალებით; ხელს უწყობს სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარებას; მონიტორინგს უწევს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში