საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასაქმებით - მთის ამბები/რეგინფო

21:58 - 22 ივლისი 2021 hits 4616

საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN) გამოცემებისთვის - მთის ამბები/რეგინფო და სათემო მედიებისთვის (პანკისის, სვანეთის და რაჭის სათემო რადიოები) აცხადებს კონკურსს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. წინა კონკურსებისგან განსხვავებით, პროგრამის პირობები შეცვლილია.

სტაჟირების პროგრამა სამთვიანია. შერჩეულ მონაწილეებს პირველ ეტაპზე ტრენერები შეასწავლიან ინფორმაციის წყაროებთან მუშაობას, რეპორტაჟების მომზადებას, თხრობისა და წერის ტექნიკებს, პროფესიონალური ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის საფუძვლებს. ტრენინგები ჩატარდება კოვიდრეგულაციების დაცვით.

ორკვირიანი ინტენსიური ტრენინგების შემდეგ საველე პრაქტიკები გაიმართება მაღალმთიან რეგიონებში - თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში, რაჭაში, სვანეთსა და ჯავახეთში.

პროგრამის მონაწილეები გადაღებების დაგეგმვის, რესპონდენტებთან ურთიერთობის, რეპორტაჟების მომზადების, კამერასთან მუშაობის პროცესში ჩაერთვებიან მთის ამბები/რეგინფოს რეპორტიორებთან ერთად და მათი ინსტრუქტაჟით.

პროგრამის პირველ ეტაპზე, ICN უნაღდო ანგარიშსწორებით მხოლოდ ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად ტრანსპორტირების (საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება) და კვების ხარჯებს აანაზღაურებს; საველე პრაქტიკების დროს ICN დაფარავს მონაწილეთა მგზავრობის, კვებისა და საოჯახო სასტუმროებში ცხოვრების ხარჯებს.

ICN უფლებამოსილია, სტაჟირების განმავლობაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მონაწილესთან თანამშრომლობა, თუ ის ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს ან არღვევს ICN-ის შინაგანაწესით დადგენილ რეგულაციებს.

ერთთვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ, საინფორმაციო ცენტრების ქსელი მხოლოდ წარმატებულ მონაწილეებს, გამოსაცდელი ვადით დაასაქმებს ვიდეოოპერატორი-მემონტაჟის, რეპორტიორის, სოციალური მედიის მენეჯერის, დაგეგმვის ან სათემო რადიოების რედაქტორის ასისტენტის პოზიციებზე თბილისის ან რეგიონულ ოფისებში.

მთის ამბები/რეგინფოში დასაქმების შემთხვევაში (პროგრამის მეორე თვიდან), მონაწილეები მიიღებენ ანაზღაურებას თვეში 1000-დან 1500-მდე ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით). სტაჟირების პროგრამის მეორე თვიდან ისინი ვალდებულები არიან, მთის ამბები/რეგინფოს გუნდის გამოცდილი წევრების მხარდაჭერით, სამუშაო გეგმა შეასრულონ, რაც შრომითი ხელშეკრულების ნაწილი იქნება.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შემოტანა შეუძლიათ სრულწლოვან ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მედია და ადვოკატირება, განსაკუთრებით სოციალურ, გარემოსდაცვით, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მუშაობა.

უპირატესობა მიენიჭებათ:

  1. ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში უმაღლესი განათლების, თხრობისა და წერის, ვიდეოგადაღების, სოციალური მედიის მართვის კარგი უნარების მქონე კანდიდატებს;
  2. თბილისსა და რეგიონებში, განსაკუთრებით კახეთში, ზემო სვანეთში, რაჭაში, ტყიბულში, ქვემო ქართლში, ოკუპირებულ რეგიონებში ან მათ სიახლოვეს, ჯავახეთსა და ბათუმში მცხოვრებ ახალგაზრდებს;
  3. აქტიურ მოლაშქრეებს (მთიან რეგიონებში მოგზაურობისა და ვლოგერობის გამოცდილებით);

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ანკეტა და გამოგზავნეთ 2021 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.

ანკეტის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა განმარტოთ, რატომ გსურთ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა. საინფორმაციო ცენტრების ქსელი პროგრამისთვის მხოლოდ 8 ახალგაზრდის შერჩევას გეგმავს.

შერჩეულ კანდიდატებს 20 აგვისტომდე ჩაუტარდებათ გასაუბრება. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში