საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სასწავლო და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასაქმებით - მთის ამბები / რეგინფო

22:14 - 13 აგვისტო 2020 hits 8912

ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN) გამოცემებისთვის მთის ამბები/რეგინფო აცხადებს კონკურსს სასწავლო და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

სტაჟირების პროგრამა ერთთვიანია. მოწვეული პროფესიონალები მონაწილეებს 10 დღის განმავლობაში შეასწავლიან წყაროებთან მუშაობას, ახალი ამბებისა და მულტიმედია რეპორტაჟების მომზადებას, თხრობის ტექნიკას, ტექსტის წერას, ვიდეოგადაღებას, მონტაჟსა და ადვოკატირებას.

ტრენინგების დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილეები საველე და საოფისე პირობებში ორკვირიან ინტენსიურ პრაქტიკას გაივლიან მთის ამბები/რეგინფოს გაერთიანებულ ნიუსრუმში. სწავლება გაიმართება კახეთის საინფორმაციო ცენტრის ოფისში. მონაწილეები რედაქციის ჰოსტელში იცხოვრებენ. კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს საინფორმაციო ცენტრების ქსელი დაფარავს.

ICN უფლებამოსილია, სტაჟირების განმავლობაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მონაწილესთან თანამშრომლობა, თუ ის ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს ან არღვევს ICN-ის შინაგანაწესით დადგენილ რეგულაციებს.

ერთთვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ, საინფორმაციო ცენტრების ქსელი წარმატებულ მონაწილეებს დაასაქმებს მულტიმედია რეპორტიორის, ოპერატორი-მემონტაჟის, პროექტის კოორდინატორის, პროდიუსერის, გადაცემის წამყვანის, სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციებზე.

მთის ამბები/რეგინფოს პროექტებში ისინი მიიღებენ ანაზღაურებას თვეში 800-დან 1500-მდე ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სრულწლოვან ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მულტიმედია, დოკუმენტალისტიკა, სოციალური მედია და ადვოკატირება.

უპირატესობა მიენიჭებათ:

  • ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში უმაღლესი განათლების, თხრობისა და წერის, ვიდეოგადაღების კარგი უნარების მქონე კანდიდატებს;
  • რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ ახალგაზრდებს;
  • პანკისის, ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთის, ხევის, რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, ზემო სვანეთის, ჯავახეთის სათემო ორგანიზაციების წევრებსა და მოხალისეებს;
  • მოლაშქრეებს;

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ანკეტა და გამოგზავნეთ 2020 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით.

ანკეტის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა განმარტოთ, რატომ გსურთ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა. საინფორმაციო ცენტრების ქსელი პროგრამისთვის მხოლოდ 10 ახალგაზრდის შერჩევას გეგმავს.

შერჩეულ კანდიდატებს აგვისტოს ბოლოს ჩაუტარდებათ გასაუბრება, სწავლება კი სექტემბერში გაიმართება.

 

www.Mtisambebi.ge საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსია. პროექტის მიზანია ისეთი დასახლებებიდან, როგორიცაა თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევი, თრიალეთი, სამცხე – ჯავახეთი, მთიანი აჭარა, რაჭა – ლეჩხუმი და სვანეთი ახალი ამბების მომზადება და გავრცელება. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობას.

www.Reginfo.ge ინტენსიურად აშუქებს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს ახალი ამბებისა და რეპორტაჟების საშუალებით; მონიტორინგს უწევს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში