საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

როგორ „ჩავტენოთ“ საძილე ტომარაში

20:46 - 10 ნოემბერი 2017 hits 22154

წლების განმავლობაში ტყეში წასვლამდე საძილეს მაქსიმალურად წესიერად ვახვევდი და ისე ვათავსებდი სატრანსპორტო ტომარაში. სალაშქრო ფორუმების კითხვისას გადავაწყდი რომ საძილეს დახვევა-დაკეცვა მოძველებული მიდგომაა, ერთი და იგივე ადგილზე მუდმივი გადაკეცვა ძაბავს საძილეს ნაკერებს და დროთა განმავლობაში უფრო მეტად აზიანებს.

საკმარისია უბრალოდ „ჩატენო“ თბილი საძილე თავის ჩანთაში. ეს მეთოდი გაცილებით სწრაფი და მარტივია, განსაკუთრებით ისეთ შეზღუდულ სივრცეში, როგორიც კარავია. ამ მიდგომის სიზუსტეში რომ დავრწმუნებულიყავი, მივწერე საძილეს მწარმოებელ ფირმებს. „რაბმა“, „მაუნთეინ ჰარდვეარმა“, „კელტიმ“, „ფიზერდ ფრენდმა“, „ბიგ აგნესმა“ დამიდასტურეს, რომ სწორედ ჩატენვაა მართებული მეთოდი. მოთავსება ფეხების ნაწილიდან დაიწყეთ. საძილედან ასე უფრო ადვილად გამოვა ჰაერი დაპრესვისას და გასაბერ ბუშტს არ დაემსგავსება. საძილეს მოთავსებისას სატრანსპორტო ტომარა ჰაერში ჭერის ნაცვლად, ჯობია რაიმეს დავაყრდნოთ, რათა ამ უკანასკნელის ნაკერები ძალიან არ დავტვირთოთ და არ დავაზიანოთ.

თუ ზამთრის ძვირფასი საძილე გვაქვს, რომლის გარეთა ფენა წყალსა და ჰაერს არ ატარებს, მაშინ „ჩატენვამდე“ შიდა მხრის გარეთ გადმოტრიალება პროცესს გაცილებით გაგვიმარტივებს, რადგან ჰაერი საძილედან ადვილად გამოიდევნება. 

ლაშქრობიდან დაბრუნებისას აუცილებლად ამოიღეთ საძილე ჩანთიდან, კარგად და საფუძვლიანად გააშრე-გაანიავეთ და მოათავსეთ ფუმფულა მდგომარეობაში სპეციალურ შესანახ ტომარაში, რომელიც ნორმალურ საძილეებს ყიდვისას მოსდევს. არცერთ შემთხვევაში, დიდი ხნით არ დატოვოთ ჩაპრესილი საძილე პატარა სალაშქრო ტომარაში. ასე შენახვა აფუჭებს საძილეს თბოიზოლაციის შესაძლებლობებს.

„მთის ამბები“ გიორგი ნაზღაიძის სალაშქრო რჩევებს კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს გიზიარებთ.

მოგვწერეთ რომელი სალაშქრო ნივთების შესახებ გსურთ რჩევების მიღება და შემდგომ ვიდეოგანხილვებში დაწვრილებით ინფორმაციას გაგაცნობთ.

გიორგი ნაზღაიძე

პროფესიით ბიზნესის მენეჯერია. 9 წელია ლაშქრობს. კითხულობს ლექციებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

თავში