საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მზია წიკლაური - მასწავლებელი და მეფუტკრე შატილის გადაუჭრელ პრობლემებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:53 - 02 აპრილი 2017 hits 9697

პირიქითა ხევსურეთში მეუღლესთან ერთად დასახლდა. საბჭოთა დრო იყო, კომკავშირული ქორწილი გადაუხადეს - „ახალგაზრდა ოჯახი მთაში ბრუნდება!“ მას აქეთ, 34 წელია, ზამთარ-ზაფხულ შატილში ცხოვრობს. საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებელია. მაღალმთიან რეგიონში რომ ცხოვრობს, ხელფასთან ერთად მცირე დანამატსაც იღებს, ჯამში დაახლოებით - 600 ლარს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, საოჯახო სასტუმრო და საკუთარი მეურნეობა რომ არ ჰქონდეს, თანხა არაფერში ეყოფოდა.

მზია წიკლაურის, ისევე, როგორც მისი თანასოფლელების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დაურეგისტრირებელი სახლები და კარ-მიდამოა. ამის გამო მთაში მცხოვრები პირის სტატუსს ვერ იღებენ. მიუხედავად ამისა, აქაურებს ყველაზე მეტად მაინც უშუქობა აწუხებთ. მცირე ჰესი ხშირად ფუჭდება და ელექტროენერგიის გარეშე ხან რამდენიმე დღე, ზოგჯერ კი მთელი თვეც რჩებიან. უშუქობა საქმესაც ვნებს - ბუნებრივი აირი შატილში არასდროს ჰქონიათ, ამიტომაც, საოჯახო სასტუმროების ფუნქციონირება დენზეა დამოკიდებული. 

56 წლის მზია წიკლაური წარმოშობით არხოტის თემიდანაა, თუმცა დედოფლისწყაროში დაიბადა და გაიზარდა - მისი ოჯახი 60-იან წლებში გადაასახლეს. მეუღლე - ირაკლი ჭინჭარაული 2000 წელს გარდაეცვალა. სამი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ.

ყოველდღე უთენია დგება. ძროხას წველის, ყველი ამოჰყავს, ფუტკარს უვლის. სტუმრები თუ ჰყავს, მათ ემსახურება, საუზმეს უმზადებს.

საოჯახო სასტუმრო, ოთხი ორსაწოლიანი ოთახითა და ორი სველი წერტილით, საკუთარი სახსრებით მოაწყო. 40 ათას ლარამდე დაუჯდა. შენობის გადახურვაში დაცული ტერიტორიების სააგენტო დაეხმარა. სასტუმრო „მზიანში“ ყველაზე დატვირთული პერიოდი ივლისი-სექტემბერია. ტურისტები ჩამოდიან ისრაელიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, კანადიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან. „ყველანი ინტერნეტს ითხოვენ“, თუმცა შატილში ინტერნეტი არ აქვთ.

„83 წლიდან აქ ვცხოვრობ და ერთადერთი, რაც შეიცვალა ისაა, რომ ტურისტი შემოვიდა. ტურისტი რომ არა, სასტუმროს აღარ გავაკეთებდი. მოთხოვნა გაჩნდა, სასტუმროების რაოდენობაც გაიზარდა. შემოსავლის მიღების შესაძლებლობამ ხალხიც დააბრუნა, მართალია ზაფხულობით, მაგრამ მაინც! ინტერესი გაუჩნდა ხალხს, რომ კიდევ რაღაც გააკეთონ“.

მზია წიკლაურის ოჯახს საკუთარი კოშკიც აქვს. აღსადგენია. ფიქრობს, რომ კოშკში სასტუმროს მოწყობა მომგებიანი იქნება, თუმცა არ მოსწონს, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე „ტურისტები ყირაზე გადადიან, თანაც კანალიზაციისა და წყლის შეყვანაც ცუდად მოქმედებს კოშკებზე, უნდა დავიცვათ“!

(შატილის კომპლექს სდაცვა და აღდგენა რომ სჭირდება ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუკი საკუთარი თვალით ნახავთ, როგორ ადის მოტოციკლების კოლონა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე.) 

მზია წიკლაურის ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო მეფუტკრეობაა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 9-10 სკა ჰქონდა და გაყიდვასაც უპირებდა, თუმცა გადაიფიქრა, საქმე ისწავლა და დღეს 30 ძირი ფუტკარი ჰყავს. ზოგი სკა კარგად „მუშაობს“, ზოგი ნაკლებად. თითოდან დაახლოებით 20-25 კილოგრამი თაფლი ამოდის. პროდუქტს ადგილზევე ყიდის, კილოგრამს - 20 ლარად.

„პირველად მე მყავდა ფუტკარი. მერე, სხვებმაც ჩათვალეს, ქალი თუ უვლის, ჩვენც მოვუვლითო და ახლა თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ფუტკარი და გაჩნდა ინტერესიც.“

სოფელში რთული პერიოდი ნოემბრიდან იწყება. უღელტეხილი იკეტება და მაისის ბოლომდე სამანქანო გზა არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ შატილში ბუნებრივი აირი არ აქვთ, ამ პერიოდში, გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელში დარჩენილთათვის, განსაკუთრებით მწვავედ უშუქობის საკითხი დგება.

„ჰესის საქმე უნდა მოგვარდეს აუცილებლად. გასულ ზამთარს წყალი არ ყოფნიდა, მერე მდინარე ადიდდა, ქვა-ღორღი მოიყოლა და რაღაცა გადაწვა.“

საბჭოთა პერიოდში აგებული შატილის ჰესი ამორტიზირებულია. გაფუჭდება - შეაკეთებენ, თუმცა გავა 3-4 დღე და კვლავ ფუჭდება.

„მოვლენ, გააკეთებენ და წასულები არ არიან, ისევ გასაკეთებელი ხდება“ - ამბობენ ადგილობრივები. ჰესის მიმართ მათი დამოკიდებულება, ყველაზე უკეთ, რკინის კარზე გაკეთებული წარწერით ჩანს - „შატილის უნამუსო გესი!“

კიდევ ერთი საკითხი, რაც მზია წიკლაურსა და მის თანასოფლელებს აწუხებთ, დაურეგისტრირებელი სახლი და კარ-მიდამოა. ამის გამო მთაში მცხოვრები პირის სტატუსს ვერ იღებენ.

„დღესდღეობით 5-6 ოჯახი რჩება აქ ზამთრის პერიოდში. სახელმწიფომ მიზანმიმართული პროექტები თუ არ განახორციელა, ალბათ მთას არ ეშველება. მარტო კანონი საკმარისი არ არის!“

წლის განმავლობაში ახლობლებსაა მოწყვეტილი - შვილები თბილისში ცხოვრობენ, ნათესავები ბარში არიან. თავისუფალ დროს უმეტესად სკოლაში, ბავშვებთან ერთად ატარებს - „სააღმზრდელო ჯგუფში ვარ მეცადინეობაზე და დროც გადის.“ 

„შატილში მოსახლეობის დამაგრებას სკოლა უწყობს ხელს. მაგ კუთხითაც სავალალო მდგომარეობა გვაქვს - სასკოლო ასაკის ბოლო ბავშვი მივიღეთ წელს. სამწუხარო იქნება სკოლა თუ დაიხურა, ალბათ მოსახლეობაც დატოვებს სოფელს. არადა, შატილი სასაზღვრო სოფელია და არ უნდა დაიცალოს!“

 

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში