საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ლეილა აჭიშვილი – გზა ჩეჩნეთიდან პანკისისკენ და სირიაში

23:11 - 03 აპრილი 2017 hits 26176

„90-იანი წლების დასაწყისში ჩემი ქმარ-შვილით გროზნოში ვცხოვრობდი. ბედნიერი ოჯახი გვქონდა, ეკონომიკურადაც ძლიერად ვიყავით. ერთ დღეს ჯოხარ დუდაევის, ჩეჩნეთის მაშინდელი პრეზიდენტის მიმართვა გავრცელდა: ყველანი სასწრაფოდ მიტინგზე გამოდითო.

წავიყვანე ჩემი შვილები და წავედი, უფრო სწორედ ისედაც ქუჩაში ვსეირნობდით და ხალხის ნაკადს გავყევით. გროზნოს ცენტრში, მოედანზე, უამრავი ხალხი იყო: კაცები, ქალები ბავშვებით, თეთრწვერა მოხუცები - თითქმის მთელი ქალაქი ქუჩაში იყო გამოსული.

„დღეს რუსეთი აპირებს ჩვენთან ომის დაწყებას. რა გავაკეთოთ? მზად ხართ, რომ შევებრძოლოთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და თავისუფლება?“, - ჰკითხა პრეზიდენტმა ხალხს.

„დიახ, დიახ... სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ ყველა და დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ალაჰუ აქბარ (ღმერთი დიდია)“, - თითქმის ერთხმად უპასუხეს მომიტინგეებმა“, - შორეული 90-იანი წლებიდან იწყებს თავისი თავგადასავლის მოყოლას ლეილა აჭიშვილი, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, ორი შაჰიდის დედა. იმ დროს, წლების წინ თავადაც არ იცოდა წესიერად, რას ნიშნავდა სიტყვა შაჰიდი.

გზა ჩეჩნეთიდან პანკისისკენ

„1994 წელი იყო. ომი დაიწყო. ჩემი ბიჭები მაშინ 6 და 4 წლის იყვნენ. იძულებული გავხდით, წამოვსულიყავით გროზნოდან: მე და ბავშვები ჩემს მშობლებთან, პანკისის ხეობაში წამოვედით, ჩემი მეუღლე დარჩა. ვლადიკავკაზის გზით მოვდიოდით, მახსოვს უამრავი ხალხი იყო და საათობით ვიდექით საზღვარზე. ბავშვებს გაუჭირდათ, მაგრამ ყველა ასე წვალობდა გზაში. ვისაც საბუთები წესრიგში არ ჰქონდა: მოხუცები, ქალები, ბავშვები, დაჭრილები - მთებით, შატილის გზით გადმოდიოდნენ.

ქართულმა მხარემ კორიდორი გააკეთა და შემოუშვა ჩეჩნები. უმეტესობამ, ცხადია, პანკისის ხეობას შეაფარა თავი. ჩვენს სახლშიც, მახსოვს, 15 ადამიანი ცხოვრობდა, არცერთი არ იყო ნათესავი, უბრალოდ შევიფარეთ ხალხი. თითქმის ყველა ოჯახში ასე იყო, უანგაროდ იფარებდნენ თანამოძმეებს. იატაკზე ვშლიდით ლოგინს და ისე ვაძინებდით ხალხს“, - იგონებს ლეილა.

რთული წლები იყო მაშინ საქართველოში: დაიხურა საწარმოები, გაუქმდა სამსახურები, გაუფასურდა ფული, ჭირდა ცხოვრება, არ იყო სინათლე, არ იშოვებოდა საჭმელი.

„გვიჭირდა, მაგრამ თავი გაგვქონდა როგორღაც. რთული დრო იყო, ქუჩებში პატარა ბავშვებიც იარაღით დადიოდნენ. ქურდობა, ნარკოტიკები, იარაღით ვაჭრობა.

მერე კიდევ ერთი განსაცდელი დაატყდა თავს ჩვენს ოჯახს.

ჩემი ძმა, მოსე აჭიშვილი, აფხაზეთში დაიღუპა. კარგად მახსოვს, მანქანებით რომ წავიდნენ აქედან.

ხელისუფლებას საკვები უნდა მიეწოდებინა მებრძოლებისთვის, რამდენი დღე მშივრები დადიოდნენ თურმე ბიჭები, ფოთლებითა და კენკრით იკვებებოდნენ - ვინც გადარჩა, იმათ ჩამოიტანეს ამბები.  

ერთ დღეს ლოცულობდნენ მებრძოლები, ცეცხლი ენთოთ. თვითმფრინავმა გადაიფრინა, ჩვენები ეგონათ, მაგრამ მტრის აღმოჩნდა: ბომბები ჩამოყარა. ჩემი ძმა ბარძაყში დაიჭრა და სისხლისგან დაიცალა, დეიდაშვილის ორგანოები ხიდან მოკრიფეს. ჩემი ძმა, ჩემი დეიდაშვილი და სიძე ერთად დაიღუპნენ. ბევრი ბიჭი დაიღუპა იქ, ბევრი დედა გამწარდა...

უმძიმესი დღეები იყო. მერე მეორე ძმაც დაიღუპა აქვე, პანკისში...

შვილები ევროპაში

„ამასობაში იზრდებოდნენ ჩემი შვილები. ჩემი მეუღლე ჩეჩნეთში იბრძოდა. რაღაც მიზეზების გამო ჩვენი ოჯახი დაინგრა.

პანკისის ხეობაში არატრადიციული ისლამი მკვიდრდებოდა. ბიჭებთან ურთიერთობა რთული ხდებოდა. მე კი მინდოდა, მათ ესწავლათ, განათლება მიეღოთ. უფროსი შვილი 15 წლის იყო. ხშირად სახლიდან მიდიოდა და იკარგებოდა, აღარ ვიცოდი, რა მექნა. ამ პერიოდში ჩემი ყოფილი მეუღლე დამიკავშირდა ტელეფონზე, მითხრა, რომ მიდიოდა საზღვარგარეთ, ყველა საბუთი გაკეთებული ჰქონდა, შემოგვთავაზა წავყოლოდით.

მე ვერ წავიდოდი, მშობლებს ვერ დავტოვებდი. ბიჭების გაშვებაზე კი დავიწყე ფიქრი. მათაც ვკითხე აზრი. „ბიჭები ვართ, დიდი სიამოვნებით წავალთო მამასთან“, - მიპასუხეს. გავუშვი ევროპაში. ნეტავ, არ გამეშვა, - გვიამბობს ლეილა - ერთ ომს გამოვექეცით და სხვა ომი არ ამცდა“.

ლეილა პანკისის ხეობაში იყო, მისი შვილები ევროპაში დამკვიდრდნენ.

„უფროსმა ენები იცოდა: ინგლისური, რუსული, არაბული, თურქული, გერმანული, იტალიურსაც სწავლობდა, მაინტერესებს და გამომადგებაო, - ამბობდა. უმცროსი პროგრამისტი იყო.

იქვე დაოჯახდნენ, რძლებიც ჩეჩნები არიან. შეეძინათ შვილები, ორივეს სამ-სამი ჰყავდა. ჩვენ განშორებიდან 11 წლის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს. უფროსი 25 წლის იყო, რომ ვნახე. აქედან გავარიდე, რელიგიის გავლენის ქვეშ არ იყვნენ-მეთქი და იქ მეტი თავისუფლება ნახეს, მეტი რელიგური თავისუფლებაც. შვილები სულ მეუბნებოდნენ, შენც წამოდი ჩვენთან, არაფერს მოგაკლებთო. ჩვენ ხუთი და-ძმა ვიყავით. დები უცხოეთში ცხოვრობენ: ერთი ტალინშია, მეორე - გერმანიაში, თან სამ ობოლს ზრდის. ძმები ხომ დაიღუპნენ. ჩემი მშობლები მხოლოდ ჩემს იმედად არიან. როგორ დამეტოვებინა? პაპა და ბებიაც წავიყვანოთო, იმასაც მთავაზობდნენ ბიჭები, მაგრამ „აქ დავიბადეთ, აქ დავბერდით, ჩვენი შვილების საფლავები აქ არის და ევროპაში რა გვინდაო?“, - არ მომყვებოდნენ ჩემები და ვერც მე წავედი“.

სამსახურის გაუქმება

გროზნოში თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ხელოვნების ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მერე თელავში ფილოლოგიის ფაკულტეტზე გავაგრძელდე სწავლა, მაგრამ არ დამიმთავრებია.

მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ დიდ სცენაზე გამოვსულიყავი, ბავშვობიდან ვცეკვავდი, ვმღეროდი, საღამოებზე გამოვდიოდი.

სამსახური დავიწყე ჯოყოლოში, კულტურის სახლში სპეციალისტად. გავაკეთეთ პროექტი, გავხსენით ხელოვნების სკოლა, რომლის მსგავსი საერთოდ არ ყოფილა ხეობაში. მასწავლებელი, მთვარისა ჯოისი, ფაქტობრივად ენთუზიაზმზე თბილისიდან ჩამოდიოდა და ხატვას, ძერწვას, თექას და სხვა ბევრ რამეს ასწავლიდა ბავშვებს. სხვა წრეებიც მუშაობდა, 170 მოსწავლე გვყავდა და მსურველებს ვერ ავუდიოდით.

ბავშვები თავიანთ ნამუშევრებს ყიდდნენ და უხაროდათ, ეს ჩვენთვისაც დიდი ბედნიერება იყო. ამ ხეობაში ასეთი აქტიურობა არ იყო პატარა რამე.

პირველი წინააღმდეგობა მაშინ დაიწყო, როდესაც რამდენიმე ბავშვი არ გამოუშვეს შინიდან მეცადინეობაზე: ჩვენი რელიგიის მიხედვით, ადამიანის დახატვა არ შეიძლებაო, ეუბნებოდნენ ბავშვებს სახლში. ხან მოდიოდნენ მოსწავლეები, მაგრამ კარში იდგნენ და აღარ შემოდიოდნენ. გადავწყვიტეთ, მოგვეგვარებინა პრობლემა, დავპირდით მშობლებს, რომ მათ შვილებს სულიერს არაფერს დავახატინებდით. გავაგრძელეთ მუშაობა.

2012 წელს, ხელისუფლება რომ შეიცვალა, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ სკოლა საჭირო აღარ იყო. მეც გამათავისუფლეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მოკლედ, დავრჩი უმუშევარი. შვილები მანუგეშებდნენ, არ ინერვიულოო და მეხმარებოდნენ, ყოველთვიურად იმაზე 2-3-ჯერ მეტ თანხას მიგზავნიდნენ, ვიდრე იქ ვიღებდი. მე იმითაც ბედნიერი ვიყავი, რომ მშობლებს არაფერი აკლდათ“, - სამსახურის გაუქმებას იხსენებს ლეილა, თუმცა მერე ისევ შვილების თემას უბრუნდება.

მუჯაჰედი შვილები

„დრო გადიოდა. ჩემი შვილები ნაკლებად გამოდიოდნენ ხაზზე. უფროსი, ჰამზათი, უფრო თბილი იყო, სიყვარულის გამოხატვა უკეთ შეეძლო და ის უფრო მეხმიანებოდა ხოლმე. თუმცა სულ უფრო ნაკლებად ჩანდა: ხან სად ვართ და ხან - სადო, - მეუბნებოდა.

ერთ დღეს დუისში დეიდაშვილთან ვიყავი სტუმრად. ვსაუბრობდით. თარხან ბათირაშვილიც სირიაში წასულაო, მითხრეს. ვდარდობდით ჩვენს ახალგაზრდებზე, რას ვიფიქრებდი...  

მერე ერთი დუისელი ბიჭი დაბრუნდა სირიიდან და გავიგე, ჰამზათი უნახავსო იქ. გავშრი, რაღაც ცხელმა ტალღამ დამიარა ფეხებში, თურმე ჩემი შვილიც იქ იყო... მერე გამახსენდა, ხშირად ჯიჰადზე საუბრობდა. სასწრაფოდ დავუკავშირდი მის მეუღლეს, რომელიც ახლაც ბავშვებით ავსტრიაში ცხოვრობს. კი, იქ არისო, მითხრა. გავიგე, რომ ჩემი შვილი თარჯიმნად იყო აბუ ომარ ალ შიშანთან (თარხან ბათირაშვილთან). სირიაში ჩასულიყო ჩეჩნეთის ერთ-ერთი მინისტრის ქალიშვილი (იგულისხმება ასუ დურდუკაევის ქალიშვილი სედა. ავტ), რომელიც ჰამზათს ცოლად გაჰყოლოდა. გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, წავსულიყავი სირიაში. ავსტრიაში ჩემს რძალს ვთხოვე, თუ მცირედ მაინც მაფასებს ჩემი შვილი, კავშირზე გამოვიდეს-მეთქი. ის ღამე კომპიუტერთან გავათენე. ღამის პირველი საათი იყო, უცებ დაირეკა: ჰამზათი იყო, შავი წვერი მოეშვა და შავი ბენდენა ჰქონდა წაკრული.

„როგორ ხარ დედა? რატომ ნერვიულობ? მე ღმერთის გზაზე ვდგავარ, მუჯაჰედი ვარო“, - მითხრა.

„თუ გიყვარვარ, ისე მინდა ჩაგეხუტო, შენთან წამიყვანე-მეთქი“, - მეტი ვეღარაფერი ვუთხარი.

„კარგი, დამელოდე და იქნებ წაგიყვანო“, - მითხრა დამშვიდობებისას. ემოციებისგან არ მეძინა.

მეორე დღეს ისევ გამოვიდა ხაზზე. „მე საზამთროს მურაბა წამომიღე და თარხანს ხომ იცი, ჩურჩხელა უყვარსო“, - მითხრა. დამპირდა, რომ თურქეთში დამხვდებოდნენ.

სოფლიდან რისი წაღებაც შეიძლებოდა, წავიღე და მარტო წავედი“.

სირიაში

„თურქეთში ვინმე რუსლანი უნდა დამხვედროდა, მაგრამ არავინ დამხვდა. როგორც მერე გაირკვა, ავცდით ერთმანეთს. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. იქვე ჩემდა ბედად ერთი თურქი ქართველი ვიპოვე, რომელმაც მითხრა, რომ ტაქსით გამგზავნიდა იმ ადგილამდე, სადაც მეორე ადამიანი უნდა მენახა. 18 საათი ვიყავი გზაში. იმ სამ დღეში ბევრი რამ გადამხდა. ასე იყო, თუ ისე, მოვხვდი იმ ადგილას, სადაც მუჯაჰედებს იღებდნენ. ღამე დაჭრილებთან გავათენე. მერე გადამიყვანეს სირიაში, მანამდე გზად ფეხით მივდიოდი, ერთგან უზარმაზარი რკინის კარი ვნახე, საზღვარი აღმოჩნდა. რომ გაიღო, ბიჭები დავინახე. ერთი გადამეხვია „როგორი ლამაზი და ახალგაზრდა დედა ჰყოლიაო აბუ აბდულას (იქ ასე ეძახდნენ ჩემს შვილს)“, ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს. 5 დღე ვიყავი ალეპოში, ეს იყო ყველაზე ბედნიერი 5 დღე ჩემს ცხოვრებაში.

„შენ უნდა წახვიდეო, - მითხრა ჩემმა შვილმა - ვიცი თქვენი გაჭირვება, მაგრამ ახლა მეც არაფერი მაქვს, ღმერთის გზაზე ვარ მოსულიო“.

ძალიან ცხელოდა, გამომაცილა. რომ გამოვდიოდით, ჭიშკარში ვუთხარი „დედამაც ორი შვილი დაკარგა და შენ რომ რამე მოგივიდეს, დამმარხავიც არავინ გვყავს, იქნებ დაბრუნდე-მეთქი“

„მე არ დავბრუნდებიო“.

ფეხებს ძლივს მოვათრევდი, დრო კი აღარ იყო, ერთ არაბს თვითმფრინავზე უნდა წავეყვანე“...

გზა შაჰიდობამდე

„რომ წამოვედი, მეორე დღეს ღამის 12 საათზე დარეკა „განა მე თქვენ არ მიყვარხართ, მე თქვენზე ვილოცებო“, - მეუბნებოდა, მაგრამ ხმა გაწყდა, მერე გავიგე, იმ დროს დაჭრილა და თურქეთში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მეოთხე დღეს მეორე შვილმა დამირეკა „ჰამზათი შაჰიდი გახდაო“. თელავში ავტობუსს ველოდი, მერე რა მოხდა, აღარაფერი მახსოვს. 2013 წლის აგვისტო იყო. ერთი კვირის მერე ისევ ველაპარაკე ხალიდს „ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ მეც წავალო“, გული და სული გამეყინა, მივხვდი, ვერც მის გადარჩენას შევძლებდი. სამი თვის მერე, ოქტომბერში ხალიდიც დაიღუპა. თბილისში საავადმყოფოში ვიყავი, როცა გავიგე. თურმე თავსაც ვერ იკლავს ადამიანი. ფეხზე ვერ ვდგებოდი, ძაღლივით ოთხით დავღოღავდი. მერე მივხვდი, მე თუ დავვარდებოდი, ვერც ჩემს მშობლებს მივხედავდი. დედამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს გადარჩენაში, მანაც ხომ ორი შვილი დამარხა.

არვიცი, რატომ ხდება ასე, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები ტოვებენ შვილებს, ცოლებს, დედებს, ტოვებენ და მიდიან ტყვიების წვიმაში“...

დედა

„გადავწყვიტე ხმა ამომეღო, ვიცოდი, ბევრი დედა გამწარდებოდა ჩემსავით.

მოდი, ერთად დავდგეთ, ნუ გავუშვებთ ჩვენს შვილებს, ის არ არის ჩვენი ქვეყნის ომი. აღარ გვინდა, საკმარისია. ომის მსხვერპლი ისევ ჩვენ გამოვდივართ.

მერე ვიყავი ავსტრიაში, სამი თვე დავრჩი ჩემს შვილიშვილებთან და მივხვდი, რომ უნდა შევძლო ცხოვრება.

ძალიან მინდოდა შვილების საფლავი მენახა. წავედი სირიაში, ორი დღე ვიყავი თურქეთ-სირიის საზღვარზე, მაგრამ არ შემიშვეს, ალ-შიშანმა (თარხან ბათირაშვილმა) შემომითვალა, შენი შვილი აღარ არის ცოცხალი და შენ აქ აღარაფერი გესაქმებაო. მე კიდევ ბიჭების საფლავის ნახვა მინდოდა და იმ გოგოს ბედიც მაინტერესებდა, რომელიც ჩემს შვილთან ცხოვრობდა (სედა შემდეგ ცოლად შეირთო ალ-შიშანმა და შვილიც ჰყავთ, ავტ).

შეძლო და გამოვიდა სცენაზე, ანსამბლ „პანკისთან“ ერთად „არტგენშიც“ მიიღო მონაწილეობა. თუმცა არ წავიდა გასტროლებზე ჩეჩნეთში, რადგან თავს უფლება არ მისცა ემღერა პრეზიდენტ რამზან კადიროვის წინაშე.

„თბილისში „არტგენზე“ ერთი პოლონელი გავიცანი, რომელიც მერე პანკისში მომადგა სტუმრებით. მე სხვაგან, უფრო კეთილმოწყობილ საოჯახო სასტუმროში ვუშვებდი, მაგრამ არ წავიდა და ჩემთან დარჩა... მერე კიდევ მოდიოდნენ სტუმრები“.

შარშან ძალა ეყო და პროგრამის „აწარმოე საქართველოსთვის“ ფარგლებში ჯოყოლოში, თავის სახლში საოჯახო სასტუმრო გახსნა. ხეობაში ქალთა სათემო ორგანიზაციაც დააფუძნა და ქალთა ინიციატივების მხარდასაჭერად და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროექტებსაც ახორციელებს.

„ყველაფრის მიუხედავად, არ ტოვებს ღმერთი ადამიანს... ღმერთმა მარიამი დამიბრუნა. ის მეორე ქორწინებიდან მყავს. მამასთან იყო, მამა არ უშვებდა ჩემთან. დიდი ბრძოლა დამჭირდა. შარშან გოგონა თავად მოვიდა. ეს უდიდესი საჩუქარი იყო, ღმერთის საჩუქარი. მე დღეს მარიამი მყავს, მარიამი და შვილიშვილები“.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში