საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ვაჟა-ფშაველა - ფშავლები | I. საზოგადო შენიშვნები

15:18 - 03 ნოემბერი 2017 hits 20917

ფშავლები: მათი სხვა-და-სხვა ჩვეულება, ცრუ-მორწმუნეობა და ხატები.

თამარის დროშა გაშალეს, შეკრბა
დიდუბეს ლაშქარი,
ოსი ფარ-შუბით, თუში ხმლით,
ფშავ-ხევსურს შვენის აბჯარი.

თ.გრ. ორბელიანი

I. საზოგადო შენიშვნები

ძველს ნაქალაქარს ჟინვანს ორი არაგვი ერთვის: ერთი „მთიულეთისა“ და მეორე „ფშავისა“. ფშავის არაგვი შესდგება ორის შტოისგან. ერთი თვით ფშავის არაგვი და მეორე ხევსურეთისა, რომელნიც ერთმანეთს ერთვიან ორ-წყალში ჟინვანიდან ორმოცის ვერსის სიშორეზედ. ხევსურეთის არაგვი ერთვის ფშავის არაგვს მარჯვნიდამ, აქედამ იწყობა ხევსურეთი. ფშავის არაგვის მარჯვენა და მარცხენა მხარე შეკრულია მაღალის და ტყიანის მთებით, რომლების შუაზე შევიწროებული, მოოხრავს და ეშურება მტკვრისაკენ, მის ორივე ნაპირებზედ, ჟინვანიდამ მოყოლებული, მთის კალთებიდამ და წვერებიდამ მოიყურებიან მიწური სახლები და საბძლები - ეს ფშავლების სადგურების არის.

ფშავლები სცხოვრობენ ეგრეთვე ივრის ნაპირებზედ, მოყოლებული ბოჭორმიდამ ივრის სათავემდე (კუდამდე) და შეადგენენ თიანეთის მაზრასა.

ძველ დროში ფშავლებს ფხოველებს ეძახდნენ; თვით ჩვენი მემატიანენი ამ სახელით იხსენიებენ, ხოლო ძლიერ იშვიათად შეხვდებით მათზე ლაპარაკს „ქართლის ცხოვრებაში“. ფშავლების ჩვეულებასა და სარწმუნოებაზედ ჩვენ ვერაფერს ვპოობთ მემატიანეთა მოთხრობაში; სხვა ქართველების ჩვეულებაზედაც ძლიერ ცოტას გვეუბნება „ქართლის ცხოვრება“.

საზოგადად, ყველა ხალხების მემატიანენი გზას უქცევენ მდაბიო ხალხის მდგომარეობას, მათ ჩვეულებას და სხვა-და-სხვა გვარ ცხოვრების ავ-კარგიანობას.

სისწორით რომ ვსთქვათ, არც კი არიან გასაკიცხავნი, რადგან არ იყვნენ ისინი იმდენად გონება-ცხოველნი, რომ ჰსცოდნოდათ რა უფრო გამოსადეგი იქნებოდა მათის შვილებისათვის, - ჩვენთვის. ჩვენი მემატიანესაგან, სხვა მოკლე ცნობათა შორის, ვიცით ფშავლებზე შემდეგი:

მირიან მეფემ და წმ. ნინომ მოუწოდეს „ფხოველნი“ და მათთან ერთად სხვა მთიულები „მსგავსნი ნადირისანი“, რათა მიეგოთ ქრისტიანობა, მაგრამ „უკუ-იქცნენ“-ო.

როდესაც პომპეიმ გამოიარა ურიცხვის ჯარით, მაშინ „ფხოველნი“ რიცხვით სამასი კაცი დაუხვდნენ წინ ანანურში და გზა შეუკრეს. პომპეის გაუკვირდა ამ ერთი მუჭა ხალხის გამბედაობა, მიიწვია თავისთან, გამოჰკითხა ვინაობა: ვინა ხართ? გყავთ მეფე თუ არა? ფხოველთ უპასუხეს, რომ თვით მეფისაგან არიან ისინი დაყენებულნი მეფის კარის მცველად. როგორ იომებდითო, ჰკითხავდა პომპეი, რომ ვინიცობაა მომესია თქვენთვის ჩემი ჯარიო? მაშინ ფხოველთ გაიძვრეს ხმლები, იფარეს ფარები და დაერივნენ ერთმანეთს. პომპეი გაკვირვებული დარჩა მათის ხელ-მარჯვეობით, იარაღის ხმარებით, დაასაჩუქრა, აღუთქვა თავისუფლება და გაისტუმრა მშვიდობით.

ფშაველი არის გაშლილის, მუდამ სიამაყის და მხიარულების გამომხატველის სახისა, ახოვანი, გულ-კეთილი, მომთმენი და, როგორც ყველა მთის კაცი, სტუმრის მოყვარე.

ვისაც უცხოვრია ფშავლებში ის მაშინვე იცნობს ფშაველს სიარულზე, თუნდ ერთის ვერსტის სიშორიდამ. როდესაც ფშაველი დადის გეგონება კვერსა სცემსო. როდესაც ფშაველი გელაპარაკება, სიტყვას თავზე ატანს: „გენაცვალე“, „შენი ჭირიმე“, „დამიტირე“, „მოგიკვდე“. თუ სასმელს დაალევინებ, დაგიბრუნებს თასს და დააყოლებს: „შენსამც ჭირს დავლევ!“


დიმიტრი ერმაკოვი - ფშავლები, 1899 წ. 

ფშაველი უფრო სასიამოვნო სანახავია დღეობაში (ხატობაში). მაშინ ტყავს იხდის და ირთვება.

ფშავლის მამა-კაცის ტან-საცმელს შეადგენს: მოკლე, შავი შალის ჩოხა, შალისავე განიერი შალვარი, წითელი დარაიის ახალუხი; ამასთან მკერდზე ასხმული აშურმა (ვერცხლის ბალთები ერთმანეთზედ აკინძული), მხარ-იღლივ გადაგდებული შიბიანი და სალტებშემოკრული ტარიელის მათრახი, რომელიც ჩხუბისათვის აქვს დამზადებული.

ფშაველი ქალი არა ნაკლებ სიამოვნებას აღძრავს კაცის გულში თავის კლასიკურის მორთულობით.

ქალს საშინაოდ აცვია ჯუბა (შალის კაბა), ფაფანაკი (მოკლე ჩოხა) და ტყავი; თავზედ ახურავს ჩითის ჩიქილა ანუ ლეჩაქი, გარს შემორკულის შავის ხელსახოცით. ხატობის დროს ისე გამოიცვლება, როგორც გაზაფხულზე ბუნება: აყვავდება წითლად და ყვითლად. ხატობაში (დღეობაში) ან ქორწილში როდესაც არის ქალი იმას აცვია წითელი კაბა და ყელზედ ჰკიდია ვერცხლის შიბები. ესე მოკაზმული ეჩვენება და გაუთამაშდება თავის წაწალს.

ფშაველს უყვარს ფართოდ ცხოვრება, არის დაუღალავი მუშა, მაგრამ უზომოდ ჰსცხოვრობს: თავის შემოსავალ-გასავლის ანგარიში არ იცის. მანამ აქვს უხვად ხარჯავს და, როდესაც გაუთავდება, ვალით გაიმართავს ხელს.

სახელისთვის შრომა, მუშაობა, მარტო კაცს არ ეკუთვნის, მამა-კაცს გვერდს უდგა - დედა-კაცი, თითქმის ყველა საქმეში და ვაჟ-კაცურად კაცთან ერთად ეწევა ცხოვრების უღელს: მკაში, ლეწვაში, ხვნაში, შეშის მოტანაში არის ნამდვილი მეუღლე კაცისა. დედა-კაცი იკიდებს შეშის ტვირთს და წინდის ქსოვით, ორი ვერსის სიშორიდამ მოაქვს სახლში. დედა-კაცს, გარდა კაცურის შრომისა, აქვს თავისი სადედა-კაცო საქმეცა, - ის ქმარს და შვილებს „თავის ხელით აცმევს“, როგორც თვითონვე ამბობს; მხოლოდ საპერანგის და საახალუხის ყიდვა სჭირდება.

დედა-კაცი ჰქსოვს ფარდაკებს, წინდებს, ხურჯინებს, ფლასებს, შალებს, სთელავს ნაბდებს. ყველა ეს ხელობა ძველს დროში ჩვენს ქალებს სცოდნიათ, რადგან რუსთაველს მოჰყავს ამის დამამტკიცებელი, ცხოვრებიდამ ამოგლეჯილი სურათი, როდესაც ის ადარებს მხდალს, ლაცარს კაცს ქსლის მბეჭველს დედა-კაცსა:

„კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა!..“

პურის გამოცხობა, საჭმლის გაკეთება და შინაურების მოვლა ხომ ყველგან დედა-კაცის ვალია.

ფშაველი ირთავს ცოლს მოტაცებით, - ეს სახელად მიაჩნია. მოტაცებით ცოლის შერთვა ძველად ევროპიის ხალხებმაც იცოდნენ და, როგორც მოგვითხრობენ მეცნიერნი, სპენსერი, ლებოკი და ტაილორი, დღეს ეს ჩვეულება ველურ ხალხს აქვს ისევ მტკიცედ. ტაილორს მოჰყავს ჟილიამსის სიტყვები ქალის მოტაცებაზე: „ფიჯის კუნძულების მცხოვრებნი იტაცებენ საცოლოებს ანუ ისე თითქო ძალას ხმარობენო, ანუ მართლა ძალით“.

ფშავლებში მოტაცება ქალისა ისე ხშირად აღარა ჰხდება დღეს, როგორც წინედ, რადგან „კანონისა“ ეშინიანთ.

რაკი ცოლს მოიყვანს ფშაველი, გააჩაღებს ქორწილს, რომელიც სამი დღე მაინც გასწევს ხოლმე დიდის ამბით და, რასაკვირველია, დიდის ხარჯითაც. ნახევარ წლის განმავლობამდი ის არ ელაპარაკება ცოლს, ოჯახში „ახალ ყოვლნი“, ასე ეძახიან ახლად დაქორწინებულებს, - უმზრახად სხედან და თუ არავინ ჰხედავს, რა თქმა უნდა, ერთმანეთს დაუტკბებიან.

ეგრეთვე რძალი მოკრძალულია მამამთილთან. ამის მსგავსი ჩვეულება მოჰყავს ტაილორს სხვა-და-სხვა ხალხების ცხოვრებიდამ და აქვს მოქცეული X თავში. აი მისი სიტყვები:

„ინდოელი სიდედრი და სიმამრი ვერ შეხედავს პირ-და-პირ თავის სიძეს; ესევე ჩვეულება აქვს კრისებს და ფიჯიის კუნძულების მცხოვრებთა. მონგოლებს და კალმიკებს აქვს ჩვეულებად, - პატარძალს არ შეუძლიან დაელაპარაკოს თავის მამამთილს, - ვერც დაჯდება იქ, საცა მამამთილია“.

ტაილორი განაგრძობს ამ ზევით მოყვანილ ხალხების ჩვეულების გამო, რომ „სიძეს არ შეუძლიან ახსენოს სიმამრის და სიდედრის სახელი“. მეცნიერი შეწუხებულა და ამბობს: „მიზეზი ამ ჩვეულებისა სიბნელით არის გარე-მოცულიო“.

ფშაველი ქმარი და მისი ცოლი ისე დაჰბერდებიან, რომ ერთმანეთს სახელს არ დაუძახებენ, - ეს უნამუსოობად, სირცხვილად მიაჩნიათ. ათასში ერთი გამვლელ-გამომვლელი ფშაველი თუ არ ემორჩილება ამ ჩვეულებას, თორემ დანარჩენს - უმეტესობას კი ისევ მაგრა უჭიდია ხელი ამ ჩვეულებაზედ. როდესაც „არ მოგდისა!“, იძახის ფშაველი, - ეს იმის ნიშანია, რომ ცოლს ეძახის. ფშველი, თანახმად ძველის ჩვეულებისა და მოსეს რჯულისა, გააგდებს ცოლს, თუ არ გამოადგა და „განსატევებელს“ აძლევს ხუთს ძროხას.

მეთვეურობის ანუ წიდოვანების დროს დედა-კაცი გაჰყავთ სახლს გარეთ, ცალკე აგებულ სახლში (ქოხში), ან გომურში. დედა-კაცი იქ უნდა იყოს, მანამ არ მორჩება. მერე იბანებს და ისე შედის საჯალაფო სახლში. მშობიარე დედა-კაცს ფშაველი გაუკეთებს ქოხს სადგომს სახლზე კარგა მოშორებით და გაიყვანს დედა-კაცს იქ, რადგან საჯალაფო სახლში შვილის შობა გაუწმინდურებად, „შელახვად“ მიაჩნია.

დედა-კაცი უბებიოდ ჰშობავს. ვაკე-საქართველოში - ქართლში და კახეთში ორსულს, ფეხ-მძიმე დედა-კაცს ისე უფრთხილდებიან, რომ ცივს ნიავს არ მიადენენ, არაფერს გააკეთებინებენ, რა არის მუცელი არ წაუხდეს. ფშაველი ორსულს დედა-კაცს არამც თუ არ აკეთებინებს საქმეს, საჭიროდაც მიაჩნია ფეხ-მძიმე დედა-კაცის მუშაობა, რომ ყრმა დიდი არ გაიზარდოს და შობა გაუადვილდეს. ამიტომ ხშირად მოხდება, რომ როდესაც დედა-კაცი არის საქონელში, იქ ჰშობავს და ერთის მაგივრად ორი მოუვა სახლში „ჯალაფთ“. თუ ბალღმა ყვირილი არ დაიწყო, ვერცკი შეატყობთ თუ დედა-კაცს შვილი ჰყოლია. სიკვდილი დედა-კაცისა მშობიარობის დროს იშვიათი შემთხვევაა. მშობიარეს ისე ერიდება ხალხი, როგორც უწმინდურს, თვითონ დედა-კაცები საჭმელს ქოხის სარკმლიდამ ჩააწოდებენ... დედაკაცი უწმინდურად ითვლება შვიდს კვირას. ეს ჩვეულება შაეთანხმება მოსეს კანონს:

„და ეტყოდა უფალი მოსეს და რქვა ეტყოდე შენ ძეთა ისრაილისათა, და რქვა მათ, დედა-კაცმან რომელმან მუცლად იღოს თესლი და შვას წული, არა წმინდაი იყოს იგი შვიდ დღე“.

უნდა აქ შევნიშნო, რომ ებრაული რჯულის წესები, როგორც თვითონ მკითხველი დაინახავს ქვეით, თვალ-საჩინოდ სჩანან ხატების თაყვანის ცემასა და ხევის-ბერობაში.

ფშავლის დედა-კაცი არის მაგარი და გაუტეხელი; კლდეებთან და ბუნებასთან ბრძოლის გამო მისი ხასიათი არის ნაწრთობი. ამიტომ სახლში მამა-კაცის უყოლობა ისე არ დააწიოკებს ოჯახს, როგორც ბარად მოხდება; დედა-კაცი თუ დაქვრივდა, თვითონ დადგება გუთნის-დედად და თავის მარჯვენით დაარჩენს ობლებს.

სახლი ფშავლისა არის ფართო: კედლები აქვს ყორისა უკირო (ციკლოპური) და ყორეზედ არის დაწყობილი დაუთლელი მსხვილი შოლტები (ხეები); შუაზე ანთია ზამთარ-ზაფხულ გაუქრობელი ცეცხლი. კერა ორ-პირად არის გაყოფილი: ერთი საკაცო, მეორე - სადედა-კაცო. დედა-კაცები სხედან ერთს მხარესა, კაცები მეორეზე; საკაცოში დედა-კაცს არ შეუძლიან დაჯდომა.

ფშველს უყვარს თავის კერაზე ყოფნა და მუსაიფი სტუმართან. იგი ჰცხოვრობს საქონლით - ცხვრით და ძროხით, ხნავს იმდენს, რამდენიც მის სახლობას ეყოფა. ორი ძმა რომ იყოს ოჯახში, ერთი მიდის ცხვარში, თრიალეთს და შირაქსა, მეორე უვლის შინაურობას, - თავისსა და ძმის ცოლ-შვილსა. ფშაველს თუმც უყვარს შინ ყოფნა და ზამთრობით ცეცხლის პირას დიდხანს სიფხიზლე და ფანდურით შექცევა, მაგრამ სარგებლობის გულისთვის მიდის აქეთ-იქით.

ამ მოკლე ხანებში ფშავლებმა იწყეს სიარული სამუშაოდ კავკავს (ვლადიკავკაზი); აგრეთვე ჩადიან კახეთს, იქ ჰხვეწენ ხის ჯამებს, ხონებს, ტაბიკებს, ვარცლებს, რომლებსაც ჰყიდიან და თვითონაც ხმარობენ.

როგორც ყველა გაუნათლებელი კაცი ფშაველი არის ცრუ-მორწმუნე: ეშმაკებით და დევებით სავსე ჰგონია ქვეყანა. თვითვეულს ადგილს, მთას, გორას, ხევს, მისის წარმოდგენით, ჰყავს დედა, რომელსაც „ადგილის დედას“ ეძახის. მონადირეს რომ დაუღამდეს სადმე მთაში, ან ხევში, მიებარება ადგილის დედას: „ემ ადგილის დედავ, შენ გებარებოდე, შემინახე შენის მადლით და დავლათითო!“

დავლათი საშინლად სწამს ფშაველს. მდიდარს, წინ წასულს კაცს ის ეძახის დავლათიანს (იღბლიანს), ფშაველს ზოგი კაცი ზოგს ხატზე იღბლიანი ჰგონია; უყვარს ნადირობა და ჰგონია ნადირსაც თავისი საკუთარი პატრონი ჰყავს, ის ევედრება ნადირთ პატრონს, წარმოიდგენს იმას პატარა ქალად, რომ ხელი მოუმართოს; სწამს სიზმარი. მონადირე სიზმრით იგებს, რომ ნადირს მოჰკლავს: „წუხელის, ძმისავ, კარგი სიზმარი რამა ვნახე, ტყავს რასმე გავზიდავდი, ლეშს რასამ ვკიდებდი კირჩხაზე“.

ფშაველს სწამს ძლიერ კვირა-უქმე და შაბათი. კვირა-დღე იარაღის ხმარება და საქმის გაკეთება დიდ ცოდვად მიაჩნია, რომელსაც მოსდევს კაცით, ან საქონლით დაზარალება. შაბათი ფშავლის წარმოდგენით „ინათლება“. შაბათის ნათვლა იმაში მდგომარეობს, რომ ფშაველს შეუძლიან ამ დღეს იმუშაოს, მხოლოდ იმ ღამეს უნდა თხა დაჰკლას და სანთლები მოანთოს.

სადაც ფშაველი დაინახავს ნანგრევებს, ქვას, ან კლდეს, რომელსაც ადევს რამე განსაკუთრებითი ნიშანი და გამოიწვევს ფანტაზიის აპილპილება,ს იქ დასახავს, ან ანგელოზებს, ან ეშმაკებს; იმას სწამს ორ-ნაირი მკითხავი: ერთი სულისა და მეორე - ხატისა. ის დარწმუნებულია, როგორც ჯერედ ბევრი ველური ხალხები, რომლებთაც ჰსწამთ, რომ მიცვალებულთ სულები უხილავად იღებენ მონაწილეობას კაცის ცხოვრებაში, ნდომობენ სასმელ-საჭმელს როგორც ცოცხლები და ხან-და-ხან კიდეც ემიზეზებიან თავის ნათესავებს, თუ ამათ რამე სამსახური დააკლეს.

სულის მკითხავს ეცხადება სულები და, მის შემწეობით, თვითვეული სული აგებინებს ნათესავს თავის საჭიროებას. მეორე ნაირი მკითხავი არის ხატისა. რაც კი უბედურება შაემთხვევა, ფეხიც რომ გადაუბრუნდეს, ფშაველი აწერს ხატის „მიზეზს“: მიდის მკითხავთან საკითხვინებლად, მკითხავი უპოვის რომელიც თვითონ მკითხავს უნდა იმ ხატის მიზეზს, შეაწერს ცხვარს, ან კურატს და გაისტუმრებს გულ-დამშვიდებულს შინ გონება-გაყინულს სტუმარს. ფშაველი ხშირად კიდეც დაემდურება ხატს, თუ იმან არ შეიწირა მისი შესაწირავი და არ აუსრულა თხოვნა:

„რა ვიცი, ღმერთმა იცის, სიალნის (სიმართლის) მეტი ქვეყანასთან არა მიმიძღვის, მაგრამ ბედენა ვერაი ვქენ, ხატისად არა დამიკლავ, ცოცხლსიად, მკვდრისადა, ვინც გულ-მრუდია ის უფრო ჩემზე კარგა ჰცხოვრობს!!!“

როდესაც კვდება ვინმე ფშაველს ჰგონია, რომ „მგებრნი“ (სულები) მოვლენ და ისინი წაიღებენ ახლად მიცვალებულის სულს. მგებრად საიქიოდამ მოდიან „უკლონი“ ანუ ვინც უძეონი დაიხოცნენ.

ფშაველი ფატალისტია: კაცს, რაც შუბლზედ აწერია, ის არ ასცდება; კაცი უმწერლოდ, ესე იგი, თუ არ წერით, არ მოკვდება. ფშაველს რომ ურჩიო, შვილები მიეცი სკოლაშიო, - ის მაშინვე იმას გიპასუხებს: „ჩვენთვის ესე დაუწერია ღმერთს, ესე უნდა ვიყვნეთო“.

ქრისტიანული წესებიდამ ყველაზედ მომეტებულად სწამს ზიარება, მონათვლა და მარხვა, განსაკუთრებით დიდ-მარხვა. ზიარებას ისე უცქერის ფშაველი, როგორც სამკურნალო წამალს, ამიტომ ეზიარება მხოლოდ ავად-მყოფობის დროს.

ახალის მიცვალებულის პატრონი ვერ მოჰკლავს უწმინდურს ცხოველს, რადგან იმას სწამს, რომ უწმინდურის ცხოველის სული გააუწმინდურებს კაცის სულს; თუ სანადიროდ წასული ფშაველი ნადირს ესვრის და ააცდენს, მაშინვე იფიქრებს, რომ თოფი შეკრულია გაუწმინდურებით, ან თვალის ვნებით. ამიტომ იგი არ ესვრის თოფს ყორანს, ძაღლს და კატას, ამათ შეუძლიანთ თოფის შეკვრაო. ვინც კატას მოჰკლავს, იმან საიქიოს უნდა ცხრა საყდარი ააშენოს; ვინც გაბედავს კატის მოკვლას და მის ფეხებს ატარებს თან, იმას ხატი ვერაფერს დააკლებს, ან, როგორც თვითონ ამბობენ, „ხატი არ მიუდგებაო“. კატა ვიცით რომ ძველად ეგვიპტელებს მიაჩნდათ ღმერთად და ინდოეთში კატებისთვის არის აშენებული ტაძარი, იქ ქალები არიან მონოზნად, უვლიან და ჰბანენ კატებსა.

ფშაველი ფჩხილის ნაკვეთს, თმის ნაკრეჭს და პირის ნაპარსს არ გადააგდებს, ეშმაკი დაეპატრონებაო. ამიტომ ან დასწვავს, ან კიდე დამალავს სადმე მოფარებულს ადგილას.

როდესაც საქონელი დაჰრჩება ღამე გარედ, ფშაველი ულოცავს, რომ მგელს კბილი ანუ პირი შეუკრას. თევდორობა ღამეს მარილის სანაყს ქვას (გურჩს) მიაბმენ ფშავლები ბოძზე წნელით, ჩაუდებენ ნაღვერდალს, სრულად დარწმუნებულნი, რომ მგელს ამით პირი დაეწვებაო; ამ ღამეს დედა-კაცი გამოაცხობს კვერებს მგლის სახისას, რომლებსაც „მგელთ კვერებს“ ეძახიან. მეორე დღეს ბალღები მგელთ კვერებს ისრებით „ჰკოდენ“.

ახალ-წლის ღამეს დედა-კაცი აცხობს „ბედის კვერებს“ ყველა სახლში მყოფს კაც-დედა-კაცისთვის და ერთს საზოგადო კვერს. მეორე დღეს კვერებს ნახვენ, ვისიც კვერი გასივდება, - ის იმატებს იმ წელს. საზოგადო, საოჯახო კვერში არის ჩანიშნული ცხვარი, ძროხა, ფუთკარი და სხვა. რომელიც ამათგან გასივდება, ის მოიმატებს... ახალ-წელიწადს, როდესაც მეკვლე მოდის, ამ კვერს შეაგორებს სამჯერ სახლში. თუ წაღმა მიდის კვერი, ოჯახის საქმეც წაღმა ივლის, თუ უკუღმა - ოჯახის საქმეც უკუღმა წავა. მეკვლეს დააბერებენ თაფლ-ერბოთი; ყველივრის შაბათს უდუღებენ ჩიტებს და თაგვებს ფაფას, გაუტანენ ბანზე ნაფოტებზე გაკრულს. ბალღი ჩასძახის დედას სარკმლიდამ:

- დედავ, რასა იქ?

- ჩიტთა-ფაფასა, უპასუხებს დედა.

- ჩიტნი რას სჭამენ?

- სხვათა ყანასა.

ეს ჩვეულება მიაჩნიათ თაგვების და ჩიტების მოსამადრიელებელ საშუალებად. პარასკევ დღეს დედა-კაცი მატყლეულს არაფერს გააკეთებს, ცხვარი დარეტიანდებაო.

(შემდეგი იქნება)
(გაზეთი „ივერია“, #34, 1886 წელი)

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში