საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მთის კიდობანი“ - ტყვე დათვები

21:27 - 19 ოქტომბერი 2017 hits 17393

საქართველოში დათვი საკმაოდ პოპულარული ცხოველია, თუმცა, სამწუხაროდ ხშირია ფაქტები, როდესაც რესტორნები კლიენტების მისაზიდად ტყვე დათვებს იყენებენ. ადამიანების ხელში ჯერ კიდევ ახალდაბადებული დათვის ბელები ხვდებიან, რასაც, როგორც წესი, წინ უძღვის დედა დათვის მკვლელობა.

ტყვეობაში მოხვედრილი ბელები საკმაოდ მძიმე პირობებში იზრდებიან, ცხოვრობენ პატარა ვოლიერებში და იღებენ გაურკვეველ საკვებს. გართობის მიზნით, არცთუ იშვიათად, მათ ალკოჰოლსაც ასმევენ, ამ ყველაფერს კი ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება. ნადირობასთან ერთად, ეს არის დათვებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოში.

საკანონმდებლო აკრძალვების მიუხედავად, საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა დატყვევებული ცხოველების ჩამორთმევის პროცესი. ახალ ზოოპარკში დათვების ვოლიერების მოწყობამდე არ იყო პირობები ამ ცხოველების შესანახად.

აღნიშნული ფაქტორების გამო, დათვი საქართველოს წითელ ნუსხაში მოხვდა, თუმცა ბოლო პერიოდში მათი რიცხოვნობის გარკვეული მატება შეინიშნება.

 

როგორ მოვიქცეთ თუკი სადმე დათვი გადაგვეყარა?

დათვი ჩვეულებრივი ცხოველია. ის ადამიანს იშვიათად ესხმის თავს და ასეთი შემთხვევები, როგორც წესი, ადამიანის მიერ არის პროვოცირებული. სხვა შემთხვევაში, დათვი იქამდე ცდილობს დამალვას, სანამ ჩვენ აღმოვაჩენთ.

დათვები საკმაოდ ხშირად ჩნდებიან სოფლების გარშემო. ანადგურებენ ნათესებს და სკებსაც. თაფლი მათი ძირითადი საკვები არ არის, თუმცა ტკბილეული ძალიან უყვართ.

თუკი ასეთ დროს ადამიანი მოულოდნელად დაადგა თავს, უმეტეს შემთხვევაში დათვი გაქცევას ეცდება. შეიძლება მას აგრესიული რეაქცია ჰქონდეს, თუმცა შეტევაზე მხოლოდ მაშინ გადავა, თუკი გასაქცევი არ აქვს. დათვს თუ შეამჩნევთ, უმჯობესია შორიდანვე მიიქციოთ მისი ყურადღება და დააფრთხოთ ხმაურით. მაგრამ, თუ ამან სისტემატური ხასიათი მიიღო, დათვი მალევე ისწავლის, რომ ეს მისთვის სახიფათო არ არის.

Mtisambebi.ge-სა და თბილისის ზოოპარკის ერთობლივი პროექტი - „მთის კიდობანი“

პროექტის ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებული ცხოველებისა და ფრინველების შესახებ უამრავ საინტერესო და უცნობ ფაქტს გაგაცნობთ თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. გადაცემის ვიდეოჩანაწერი mtisambebi.ge–ზე ყოველ ოთხშაბათს გამოქვეყნდება, მისი მოსმენა კი პანკისის სათემო რადიოს ეთერით ყოველ შაბათს, 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში