საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშები ცალკე თვითმმართველი ერთეულის შექმნას ითხოვენ

16:29 - 28 ოქტომბერი 2014 hits 412

თუშები საქართველოს მთავრობისგან ითხოვენ, თუშეთი და თუშებით დასახლებული სოფლები ახმეტის მუნიციპალიტეტს გამოეყოს და ახალი თვითმმართველი ერთეული შეიქმნას. შესაბამისი წერილით მთავრობას, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა სახელმწიფო უწყებებს, თუშების სახელით ასოციაცია „თუში მეცხვარეს“ ხელმძღვანელმა ზურაბ მურთაზაშვილმა მიმართა.

თუშეთის შესახებ

თუშეთი ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას  (ჩეჩნეთი და დაღესტანი), სამხრეთიდან  კახეთს, ხოლო დასავლეთიდან  ხევსურეთს  და გეოგრაფიულად განთავსებულია სამი მდინარის - ჭანჭახოვანის, გომეწრისა და  პირიქითის ალაზნების აუზში. ოფიციალური მონაცემებით, თუშეთის ფართობი 896 კმ 2-ია. მოსახლეობა ისტორიულად ოთხ თემად იყოფა - ჩაღმა, გომეწარი, პირიქითი, წოვათა და ორმოცდაათამდე სოფელშია განსახლებული.

გეოგრაფიული, კლიმატური და სამეურნეო პირობების თავისებურებამ თუშეთში  ჩამოაყალიბა  მაღალმთიან რელიეფს მორგებული განსახლების სისტემა - სოფელ-ბოსლობა, რომელიც მოიცავდა ძირითად სოფელს, როგორც საზაფხულო დასახლებას  და სამეურნეო სოფელს - ბოსელს, რომელიც შენდებოდა ნაკლებად დაქანებულ, მზიან ფერდობზე და წარმოადგენდა ძირითადი სოფლის საზამთრო-სამეურნეო  დასახლებას. ასე ჩამოყალიბდა თუშთა განსახლებისა და სამეურნეო საქმიანობის  მომცველი „გეოსოციალური სამკუთხედი“ თუშეთი - ალვანი - შირაქ-სამუხი. ეს სამი  ისტორიულ-გეოგრაფიული არეალი თუშებმა განსაკუთრებული ცხოვრების წესით დააკავშირეს. იგი წარმოადგენს ყოველწლიურ ციკლურ სამეურნეო მიგრაციას 300 კილომეტრის დიაპაზონში - ოთხი თვე თუშეთში, ოთხი თვე საცხვრე ტრასის მიმდებარე, კახეთის სოფლებში მოსავლის აღების შემდგომ გამოთავისუფლებულ მიწის ნაკვეთებზე და ოთხი თვე შირაქ-სამუხის საზამთრო საძოვრებზე. ამან თუშებს სამგან მაცხოვრებელი ტომის სახელწოდება დაუმკვიდრა.

ისტორიული ალონის (ალვანის) მინდორი თუშების საკუთრებაში მე-16 საუკუნის  20-30 წლებიდანაა.

შირაქში თუშების გამოჩენას აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი უკავშირებს არჩილის მეფობის ხანას (1664-1675 წ.წ.). მეცნიერის მიერ მიკვლეული და გამოქვეყნებული „ორ ქვაზედ დაწერილი გუჯარიდან“ ჩანს, რომ თუშებს მხოლოდ ალონის მინდორი ვეღარ აკმაყოფილებს და მათ ეძლევათ „მტკვარსა და იორს შორის მდებარე“ ტერიტორია სხვა მიწა-წყალთან ერთად, რისთვისაც სახელმწიფოსთვის  „ფარაზე ერთ ცხვარზე მეტი“ არ უნდა გადაეხადა, ხოლო თუ თუშებს ამ საქმეში ხელს ვინმე შეუშლიდა „ისიმცა შეიშლება თავისის სახისაგან“.

 

დავა შირაქ – სამუხის საძოვრებზე

შირაქ – სამუხის საზამთრო საძოვრები გეოგრაფიულად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა, თუმცა 18 722 ჰექტარი ახმეტის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. ეს არის საქართველოს ადმინისტრაციულ – ტერიტორიული დაყოფის პრაქტიკაში უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც ერთი რაიონის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს მეორე რაიონის ადმინისტრაციული ერთეული, ამ შემთხვევაში, გეოგრაფიულად დედოფლისწყაროს რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ახმეტის რაიონის სოფელი კასრისწყალი. შესაბამისად, კასრისწყლის ტერიტორიით სარგებლობის გადასახადი (მიწის გადასახადი, იჯარის გადასახადი და სხვა) ირიცხება ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა არსენ ბუღრიძემ განუცხადა, ახმეტის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი გამოთანაბრებითი ტრანსფერის გარდა 1 მლნ 400 ათასს შეადგენს. აქედან, 35% თუშების მიერ გადახდილ მიწის გადასახადზე და საიჯარო ქირაზე მოდის.

არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის შირაქ-სამუხის საზამთრო საძოვრებზე განთავსებულია 75 საცხვრე და 20-მდე მსხვილფეხა საქონლის სადგომი ბინა. მათ შორის, თუშების კერძო მეცხვარეობის სექტორი წარმოდგენილია 60-70 ათასამდე სული ცხვრით, 10 ათასამდე მსხვილფეხა საქონლით 1500-მდე ცხენით, ამდენივე მეცხვარული  ნაგაზით და მუნიციპალური შპს „ქვემო ალვანის ჯიშთსაშენი“ - 7000-მდე ცხვრით. მომთაბარე მეცხოველეობაში 1000-მდე კაცია დასაქმებული.

დაახლოებით 18 ათასამდე ჰექტარი მოქცეულია ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, სადაც ზამთრობს სოფელ ზემო ალვანის კერძო  მეცხვარეობის 45 საცხვრე ბინა (40 000-მდე სული ცხვარი).

ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობის კომლთა რაოდენობა 4 ათასს შეადგენს. ორივე  სოფლის მოსახლეობას, ადგილზე (ახმეტის რაიონში) არსებული მიწის ნაკვეთების გარდა, 1992 წლის მიწის რეფორმის შედეგად სოფელ კასრისწყალის ტერიტორიაზე (შირაქში) საკუთრებაში გამოეყო ჯამში 2 000 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი.

შირაქ – სამუხის საზამთრე საძოვრები არაერთხელ გახდა დედოფლისწყაროს და ახმეტის რაიონებს შორის დავის საგანი. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 1991 წელს დედოფლისწყაროს რაიონის მცხოვრებთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე, რუსთაველის საზოგადოებამ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან იშუამდგომლა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1961 წლის 16 აგვისტოს N513 დადგენილების თანახმად, ყოფილი წითელწყაროს რაიონის ტერიტორიიდან ახმეტის რაიონისთვის გადაცემული 5 200 ჰექტარი მიწის ფართობის დედოფლისწყაროს რაიონისთვის დაბრუნების შესახებ. დედოფლისწყაროს მცხოვრებთა ეს მოთხოვნა თუშებმა გააპროტესტეს. მათ წერილით მიმართეს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. პრეზიდენტმა გამსახურდიამ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს ბესარიონ გუგუშვილს წერილობით დაავალა: „გთხოვთ, განიხილოთ და არ დაუშვათ თუშებისთვის საძოვრების ჩამორთმევა“. საკითხი თუშების სასარგებლოდ გადაწყდა.

1996 წელს  დედოფლისწყაროს რაიონის ხელმძღვანელობამ მოითხოვა შირაქ – სამუხში მდებარე მიწის გადასახადების ჩარიცხვა დედოფლისწყაროს რაიონის საბიუჯეტო ანგარიშზე, იმ მიზეზით, რომ მიწა მათ საზღვრებშია მოქცეული. საკითხი ამჯერადაც ახმეტის რაიონის სასარგებლოდ გადაწყდა.

 

თუშეთის თემის შექმნის მოთხოვნა

1994 წელს თუშებმა მოითხოვეს სოფლების, ზემო ალვანის, ქვემო ალვანის და კასრისწყალის დასახლებების ბაზაზე განსაკუთრებული მმართველობის ორგანოს - თუშეთის თემის შექმნა.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ედუარდ შევარდნაძის 1994 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულებით, ახმეტის რაიონის გამგეობას დაევალა გადაწყვეტილების მიღება – თუშეთის თემის შექმნისა და შესაბამისი დებულების დამტკიცების შესახებ.

 

1994 წლის 17 ნოემბრის N283 გადაწყვეტილებით, ახმეტის რაიონის გამგეობამ დაამტკიცა თუშეთის თემის შექმნა და სათანადო დებულება, რასაც 1994 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმით (N10) მხარი დაუჭირა კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმა.

1995 წლის 18 იანვრის N1 გადაწყვეტილებით ახმეტის რაიონის გამგეობამ შეაჩერა, ხოლო 1995 წლის 7 აპრილის N28 გადაწყვეტილებით გააუქმა თავისი გადაწყვეტილება თუშეთის თემის შექმნის შესახებ, მოსახლეობის „აქტივის კრების საფუძველზე, რომელმაც არ ჩათვალა თუშეთის თემის შექმნის საკითხი აქტუალურად“.

 

რატომ არიან თუშები უკმაყოფილოები

ასოციაცია „თუში მეცხვარეს“ ხელმძღვანელის ზურაბ მურთაზაშვილის თქმით, დაიბლოკა საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 სექტემბრის N978 განკარგულება „თუშეთის სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“.

„ამ განკარგულებით რეგულირდებოდა თუშეთის გარემოსდაცვითი, სოციალურ - ეკონომიკური და დემოგრაფიული საკითხების კომპლექსი, რომელიც წარმოადგენდა გარემოს გლობალური ფონდის მიერ თუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისათვის გამოყოფილი გრანტის 3,2 აშშ დოლარის გააქტიურებისა და ამ საკითხების საქართველოს ხელისუფლების მიერ გეგმაზომიერად წარმართვის აუცილებელ წინაპირობას. პრეზიდენტის  განკარგულების 13 პუნქტიდან არცერთი შესრულებულა - ახმეტის რაიონის გამგეობას თითიც არ გაუნძრევია ამ განკარგულების შესასრულებლად“, – აღნიშნავს ზურაბ მურთაზაშვილი.

მისივე თქმით, 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილებით, 1 ჰექტარ საძოვარზე საიჯარო  ქირის 25 ლარით და ქონების გადასახადის 10  ლარით განსაზღვრა მოხდა.

„მეცხვარეობის შემოსავლების თითქმის ნულოვანი ზრდის პირობებში (მატყლის ფასი, მისი ბაზრის უქონლობის გამო, საერთოდ ამოთიშულია ცხვრის შემოსავლებიდან) გადასახადების 800%-იანი ზრდა პირდაპირი გზაა ამ დარგის უკვე კერძო სექტორის სრული განადგურებისაკენ. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს დადგენილება ფისკალური ნონსენსია, ხოლო  იურიდიული თვალსაზრისით - სახელმწიფო რეკეტი“, – ამბობს ასოციაცია „თუში მეცხვარეს“ ხელმძღვანელი.

მეცხვარეებისგან მიღებული ინფორმაციით, საზაფხულო და საზამთრო მუნიციპალური საძოვრებით ისინი 4-4 თვის სეზონური ინტერვალით სარგებლობენ, გაზაფხულ-შემოდგომის 4 თვის განმავლობაში - საცხვრე ტრასის მიმდებარე კერძო მესაკუთრეთა მიწის ფართობებით, რისთვისაც 1 სულ ცხვარზე მიწის მეპატრონეს 3 ლარს უხდიან.

მუნიციპალიტეტს საიჯარო ქირას და ქონების გადასახადს საზაფხულო საძოვრებით 4 თვით სარგებლობისათვის უხდიან მთლიანი წლის საჰექტარო განაკვეთს (1,5+5) ლარს, ხოლო საზამთრო საძოვრით 4 თვით სარგებლობისათვის ასევე  მთლიანი  წლის განაკვეთს (3+5) ლარს, ე.ი.  ჯამში ორივეგან - 14,5 ლარს. ამას ემატება მიწის კერძო მესაკუთრეთა გადასახადი (ერთ სულზე 3 ლარი). ზურაბ მურთაზაშვილის თქმით, ყოველივე ეს მძიმე მდგომარეობაში აგდებს მეცხვარეობის ეკონომიკას, რასაც  თუშები ცხვარ-მეცხვარის „სამჯერ გატყავებას“ უწოდებენ.

„ზოგიერთ საძოვრებზე, საიჯარო ურთიერთობების მოგვარების მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა საიჯარო აუქციონი მეცხვარეებს შორის. აუქციონის საიჯარო ფასმა მიაღწია ასტრონომიულ ციფრს - 102 ლარს ერთ ჰექტარზე. თუშ მეცხვარეს ურჩევნია სიცოცხლე დათმოს, ვიდრე შეელიოს 40-50 წლის განმავლობაში მის საცხოვრისად ქცეულ ცხვარ-ბინას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა მიიღო 54 000 ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, გამარჯვებული მეცხვარე გაკოტრდა, ხოლო აუქციონზე დამარცხებულებს კი ამხანაგ - მეცხვარედ აღარავინ ღებულობს, რადგან მწყემსური ტრადიციული კოდექსის დარღვევით უღირსი საქციელი იკადრეს. ისეთ პირობებში, როდესაც ტრადიციულ მორალს უპირისპირდება ფული, თუშები ფულს არაფრად აგდებენ და მთლიანად მორალს ექვემდებარებიან, ეს კი დამშეული ბიუჯეტის მქონე მუნიციპალიტეტისთვის შეიძლება გაუგებარიც იყოს“, – ამბობს ზურაბ მურთაზაშვილი.

ახმეტის მუნიციპალიტეტმა 2010-2011 წლებში აუქციონზე გაიტანა დაცული ლანდშაფტის სოფლების ომალოს და შენაქოს მიმდებარე ისტორიული სასოფლო და სახატე ტერიტორიები, დაყოფილი სამოსახლო და სააგარაკო ნაკვეთებად. ზურაბ მურთაზაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ენერგეტიკის სამინისტროს ე.წ. „ტყის ფონდის მიწების“ სახით სამართავად გადასცა თუშეთის მთლიანი დაცული ლანდშაფტი 48 სათემო სოფელთან ერთად. შედეგად, შეუძლებელი გახდა ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლო პირობების უზრუნველყოფა ბუნებრივი რესურსებით, შეწყდა კერძო საკუთრების ლეგალიზება, შეჩერდა ოჯახური სასტუმროების მშენებლობა.

„თუში მეცხვარეს“ ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს გარემოს გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ჩავარდნაზეც.

„გარემოს გლობალურ ფონდთან და მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული იყო პროექტი, რომელიც თუშეთის ეროვნული პარკის საინფორმაციო ცენტრის (ზამთრის ოფისი) და სხვა ინფრასტრუქტურის სოფელ ქვემო ალვანში მშენებლობას ითვალისწინებდა. გამოყოფილი იყო 1 მილიონამდე აშშ დოლარი. საგრანტო დაფინანსება გარემოს გლობალურმა ფონდმა გაიწვია უკან, რადგან ეს ორგანიზაცია განაცვიფრა ახმეტის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის (2006 წ) კატეგორიულმა ულტიმატუმმა, რომ „ეს შენობა აუცილებლად უნდა აშენდეს ქალაქ ახმეტაში, ან არ აშენდება არსად“. გარემოს გლობალური ფონდის ექსპერტებმა ვერაფრით დაადგინეს, რა ფუნქციური კავშირი ჰქონდა ქალაქ ახმეტას თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ ინფრასტრუქტურასთან და ჩათვალეს, რომ ეს იყო ქართული პროვინციული ბიუროკრატიის მორიგი ახირება და ფული სხვაგან გადაგზავნეს. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტმა ვერა და ვერ გააცნობიერა, რომ თუშეთში და ვაშლოვანში ახმეტისა და დედოფლისწყაროს ატრაქციონების პარკები კი არ შეიქმნა, არამედ შეიქმნა ეროვნული მნიშვნელობის დაცული ტერიტორიები, რაც აქ არსებული ბუნებრივი და ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის აღიარებას ნიშნავს და ყველაფერი ეს ადეკვატურ ინფრასტრუქტურას იმსახურებს“, – აღნიშნავს ზურაბ მურთაზაშვილი.

თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ამ დროისთვის ქვემო ალვანის კულტურის სახლის რამდენიმე ოთახშია შესახლებული.

„დაცული ტერიტორიების სააგენტომ და ახმეტის მუნიციპალიტეტმა ვერ გამონახეს სახსრები ქვემო ალვანის კულტურის სახლთან ერთი ტუალეტის მოწყობისათვის, რომ ქვემო ალვანის მოსახლეობა ყოველ ზაფხულს არ იყოს ათასობით უცხოელი ტურისტის სოფლის ცენტრში ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების უნებლიე ვიზიტორი“, – ამბობს „თუში მეცხვარეს“ ხელმძღვანელი.

 

სამართლებრივი მხარე

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს ახალი თვითმმართველი ერთეულის შექმნის წესს.

კანონის მიხედვით, საქართველოს მთავრობა საკუთარი ინიციატივით, თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) საკრებულოსთან (საკრებულოებთან) ან მოსახლეობასთან კონსულტაციის ან თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) საკრებულოს (საკრებულოების) წარდგინების საფუძველზე მიმართავს საქართველოს პარლამენტს თვითმმართველი ერთეულის შექმნის ან გაუქმების შესახებ წარდგინებით.

მთავრობისთვის გაგზავნილ წერილში თუშები აღნიშნავენ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ინტერესი საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინადადება თუშეთის თემის თვითმმართველი ერთეულის შექმნის თაობაზე. თუშებს მთავრობიდან პასუხი არ მიუღიათ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში