საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შატილის გზა გაიხსნა

16:32 - 12 მაისი 2019 hits 6124

პირიქითა ხევსურეთთან, შატილის თემთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გაიხსნა. როგორც „მთის ამბებს“ ბარისახოს საგზაო სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა არაბულმა უთხრა, გზაზე მოძრაობა ჯერ მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის არის დასაშვები.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩინთიდან (ჟინვალის სიახლოვეს) შატილამდე 97 კილომეტრია და გზის გავლას დაახლოებით 3 საათი სჭირდება (თბილისიდან 4 საათი).

გზა ფშავის სოფელ თვალივის ჩათვლით მოასფალტებულია, მაღაროსკარამდე მონაკვეთზე კი რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩარგლის გადასახვევამდე გზის მოასფალტება წელს უნდა დასრულდეს. ჩარგლიდან ბარისახომდე კი ბეტონის საფარის მოწყობას გზების დეპარტამენტი 2019-2020 წლებში გეგმავს. ამავე პერიოდში აპირებენ ბარისახო-შატილის გრუნტის გზის რეაბილიტაციასაც.

პირიქითა ხევსურეთში შეგიძლიათ დაათვალიეროთ კისტანის კოშკები, შატილის შუა საუკუნეების ციხე-კომპლექსი, რომელიც 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშია შეტანილი.

შატილიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზეა აკლდამებში ამოწყვეტილი სოფელი ანატორი.

ანატორიდან გზა მდინარე არღუნს მიუყვება. მუცოში შეგიძლიათ ნახოთ გვიან შუა საუკუნეებში კლდეზე აგებული ციხე-კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილის რეაბილიტაციაც გასულ წელს დასრულდა.

გირჩევთ, ხევსურეთში მოგზაურობა მუცოს დათვალიერებით არ დაამთავროთ. მუცოდან სამანქანო გზა ორად იყოფა: მარცხნივ ისტორიული სოფლები არდოტი, ანდაქი და ციხე-სოფელ ხახაბოსკენ მიმავალი ხეობაა, მარცხნივ კი სოფლები ხონისჭალა და ხონე. არდოტში, ანდაქსა და ხონეში ადამიანები მუდმივად ცხოვრობენ, ხახაბოში კი მხოლოდ ზაფხულობით. არდოტსა და ანდაქში საოჯახო სასტუმროებიც ფუნქციონირებს.

შატილის გზა ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში იკეტება მაისის შუა რიცხვებამდე, დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო. პირიქითა ხევსურეთში მუდმივად მცხოვრები ადამიანები, ზამთარში, ბარისახოში ან თბილისში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს გადმოჰყავს, მესაზღვრეების ცვლის დროს, რომელიც ორ კვირაში ერთხელაა.

რაც შეეხება პირიქითა ხევსურეთის მეორე თემს, არხოტის ხეობას, როშკა-არხოტის გზის გაწმენდითი სამუშაოები ჯერ არც დაწყებულა. გზების დეპარტამენტში „მთის ამბებს“ განუმარტეს, რომ ეს გზა მათ ბალანსზე არ არის.

წელს, ზაფხულში, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის სათემო ქსელი“ ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის 70-მდე სოფლის ინტერნეტიზაციას განახორციელებს. ოცამდე სოფელში ინტერნეტზე დაფუძნებული სატელეფონო კავშირი პირველად გახდება ხელმისაწვდომი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში