საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

2019 წელი მისაბაძი ყოფილიყოს, როგორ უნდა გაცოცხლდეს მთა - ტარიელ ხარხელაური

15:33 - 31 დეკემბერი 2018 hits 10448

„რა გითხრათ, რით გაგახაროთ“ - სათქმელი ბევრია, გასახარებელი ნაკლები. ვისურვებდი, რომ 2019 წელს გასახარი ბევრი გვქონდეს, სასაყვედურო შემცირებული.

გამძლეობა მინდა ვუსურვო ჩემს ფშაველებს, ხევსურებს, თუშებს, რაჭველებს, მთის ხალხს და მთელ საქართველოს. მინდა მოვეფერო მათ. მოლოდინის განცდა აგხდენოდეთ. 2019 წელი მისაბაძი ყოფილიყოს, როგორ უნდა გაცოცხლდეს მთა.

მთა თუ ჩამოიშალა, მთა თუ დაცარიელდა, მარტო თბილისში თუ მოიყარა ხალხმა თავი, ასეთი საქართველო მე არ მინდა. დღესვე ვისურვებდი სიკვდილს ასეთ საქართველოში.

რომ გადავდივარ არხოტს, გული გეფლითება, გული გტკივა, გტანჯავს. მარტო იმ დღეს კი არა, მერე მუდმივად თან დაგდევს. რატომ, რისთვის გაწირეს ასე ქვეყანა. ჩვენ, ვინც მთაში ვცხოვრობთ, მიჩვეულები ვართ მუდმივად ამ სიძნელეებთან ბრძოლას, მაგრამ აქაც ხომ უნდა მოვიდეს ეს სინათლე, რომელიც გვირაბის იქეთა მხარეს არის.

მინდა უფრო იმედიანი იყოს 2019 წელი.

დღეს, ისეთი მედია, როგორსაც თქვენ მართავთ, ჩვენს ყოფას წყვეტს. როცა შენ ყურისმგდებელი გყავს, შენს საჩივარზე საუბრობს კაცი, კი არ გაალამაზებს, საუბრობს ისე, როგორც არის. ეს იმ ტკივილის მკურნალობაა, რომელიც უკვე რამდენი ხანია მთას აწუხებს.

დაგვიანდა კიდეც. კიდევ რომ დავაგვიანოთ, ვერაფერს ვუშველით, ვეღარ გადავარჩენთ. მთასთან მარტო თქვენ კი არა, ბევრნი უნდა იყოთ, ვისაც ასე აწუხებს მთის სატკივარი. რამდენიმე კაცი ვერ გაწვდებით მთიან საქართველოს.

თქვენ იცით მთა რა არის, არც ხალხია თქვენთვის უცხო. თქვენი ნაუბარი ადვილად მისაღებია მათთვის, ვიდრე ხელისუფლების მიტანილი ამბავი იმიტომ, რომ მათში ეჭვი აქვთ, მარადიული ეჭვი, რომ არ შესრულდება ის, რასაც გვპირდებიან. შენ რასაც დაპირდები, ის განხორციელდება, ის იცვლება.

ვისურვებ, რომ 2019 წელს მეტმა ილაპარაკოს მთაზე ისე, იმ ენით, როგორც თქვენ ლაპარაკობთ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში