საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

2019 წლიდან მესაზღვრეებს ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ

17:15 - 08 ნოემბერი 2018 hits 24214

2019 წლიდან სამხედრო მოსამსახურეებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფისა და სდსს-ს თანამშრომლებს თანამდებობრივი სარგო გაეზრდებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„2019-2020 წლებში 7526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით 100-510 ლარით გაეზრდება. ამავე დროს, 2018 წლის ზაფხულიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 000-მდე თანამშრომლის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს პროცესი გაგრძელდება და 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, დაახლოებით 2 900 ადამიანს. ასევე პირველი იანვრიდან იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებისთვის ხელფასების ზრდა. ხელფასი ასევე გაეზრდებათ სახელმწიფო დავის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღეისათვის მესაზღვრის ხელფასი 800 ლარია, სტაჟიანი მესაზღვრეების ხელფასი კი 1050 ლარს აღწევს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველსაყოფად ცენტრალური და თავდაცვის უწყების  ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა.

„სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ასევე  სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფა, რისი განხორციელებაც 2013 წლიდან დაიწყო და დღემდე 1634 ოჯახია ბინით უზრუნველყოფილი. დარჩენილია 728 სამხედრო მოსამსახურე. 2020 წლისთვის ჩვენ შევძლებთ თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებას. ბინების გადაცემა სამ ეტაპად განხორციელდება და ის 2020 წლისთვის დასრულდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში