საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ახმეტაში უსახელო მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა

01:15 - 08 ნოემბერი 2018 hits 7993

ახმეტაში ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა.

მწვერვალს ანწუხელიძის სახელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაერქვა. გადაწყვეტილება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 7 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

მწვერვალი ზღვის დონიდან 3276 მეტრზეა. მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს სამხრეთით  3 კილომეტრში, მდინარე ფშავის არაგვის სათავეებსა და მდინარე ალაზნის ზემო წელში.

„დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიდიოდა ამ საკითხზე მსჯელობა. სამინისტროს წარმომადგენლები სოფლების, ქვემო ალვნისა და ზემო ალვნის მოსახლეობასაც შეხვდნენ. უსახელო მწვერვალი თავდაცვის სამინისტრომ შეარჩია. გიორგი ანწუხელიძე თუშია და თუშებისთვის განსაკუთრებით საამაყო გმირია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისი სახელის უკვდავსაყოფად“, – უთხრა „რეგინფოს“ ახმეტის საკრებულოში თუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანზორ ხიზანაიძემ.

გიორგი ანწუხელიძე 1984 წელს ახმეტაში დაიბადა და სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეებს. ინტერნეტში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებდნენ, ისინი გიორგის ზურგზე რიგრიგობით ახტებოდნენ და აიძულებდნენ მიწისთვის ეკოცნა. კადრებში ჩანს, რომ ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება. სამი თვის განმავლობაში გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ, ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

ქვემო ალვანში მისი ხსოვნის მემორიალი 2013 წლის 26 ოქტომბერს გაიხსნა. 2013 წლის 2 ნოემბერს „თუშეთის სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვა თავდაცვის სამინისტროს სერჟანტთა მომზადების სკოლას.

გარდაცვალებამდე გიორგის ერთი შვილი ჰყავდა, ლევანი. ანა ანწუხელიძე გიორგის დაღუპვიდან 7 თვეში გაჩნდა.

2010 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარმოებაში აქვს მიღებული საქმე „ანა და ლევან ანწუხელიძეები რუსეთის წინააღმდეგ“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში