საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

1-ლი იანვრიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 5-ჯერ გაიზრდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:03 - 03 ნოემბერი 2018 hits 24938

სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად, ყოველთვიურად 50-ლარიან დახმარებას მიიღებენ. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.

„ჩვენ ამის შესახებ საუბარი გვქონდა გაზაფხულზეც, როდესაც UNICEF-ის კვლევა გამოქვეყნდა. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი მუდამ იყო და არის ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. პირველ რიგში საყოველთაო ჯანდაცვისა და დაზღვევის სისტემა მინდა გამოვყო, მაგრამ რაც შეეხება ჩვენი სოციალური დახმარების პოლიტიკას, ამ ნაწილში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვექნებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის, 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყოფა.

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) 2018 წლის ივნისში გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა, ძირითადად შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის გამო.

კვლევის თანახმად, ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია. გასული ორი წლის განმავლობაში ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 26.8%-დან 31.6%-მდე გაიზარდა. ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ 3-5 წლის ასაკის 10 ბავშვიდან 6-ს საბავშვო წიგნები ან საერთოდ არ აქვს, ან აქვს არასაკმარისი რაოდენობით.

გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმა მთავრობის ინიციატივას ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის სოციალური დახმარების გაზრდის შესახებ: „გაეროს ბავშვთა ფონდის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ თანახმად, მიზნობრივი სოციალური დახმარება ახლა უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს და ბავშვის დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას.

ვაფასებთ რა პოზიტიურად მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ასევე ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა განახორციელებს დამატებით ღონისძიებებს იმ ღარიბი ბავშვების დასახმარებლად, რომლებსაც ვერ ფარავს მიზნობრივი დახმარების პროგრამა. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ მთავრობა მოახდენს კვების ვაუჩერების ეფექტიან ადმინისტრირებას, რომ ამ სიკეთით მაქსიმალურად ისარგებლონ განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებმა ოჯახებმა“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში