საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჰესების მშენებლობა დენს 10 თეთრით გააძვირებს - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში

20:31 - 21 სექტემბერი 2018 hits 17282

სვანეთში ნენსკრა ჰესის, ლეჩხუმსა და იმერეთში ნამახვანის ჰესების კასკადისა და აჭარაში კორომხეთის ჰიდროელექტროსადგურის მუშაობა საქართველოს ბიუჯეტს 1.2 მილიარდი ლარის (474 მილიონი დოლარის) ზარალს მოუტანს. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ ჰიდროელექტროსადგურების მფლობელ კომპანიებთან ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, 2018 წლიდან მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი ყოველწლიურად გაიზრდება და 12.5 თეთრის ნაცვლად, 2025 წლისთვის ერთი კვტს-ის ღირებულება 21.5 თეთრი იქნება.

მსოფლიო ბანკის ანგარიში 2018 წლის 22 თებერვლით თარიღდება და მითითებულია, რომ ანალიზი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე გაკეთდა. დოკუმენტი მოსახლეობისთვის ამ დრომდე უცნობი იყო და ის გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ,მწვანე ალტერნატივამ გაასაჯაროვა.

დოკუმენტის მიზანია წარმოადგინოს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, მთავრობის მიერ ენერგიის შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პოტენციური ზემოქმედების შეფასების შედეგები, ფისკალური ხარჯებისა და ენერგიის ტარიფზე გავლენის თვალსაზრისით.

ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი მიგნება არის ის, რომ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის, ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის (რომელიც მოიცავს ნამახვანისა და ტვიშის ჰიდროელექტროსადგურებს) და კორომხეთის ჰიდროელექტროსადგურის მუშაობა ბიუჯეტს 1.2.მილიარდი ლარის (474 მილიონი დოლარის) ზარალს მოუტანს, რაც გამოწვეული იქნება სახელმწიფოს მიერ გაფორმებული ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით - შეიძინოს აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია. მსოფლიო ბანკის ექსპერტების შეფასებით, ეს სამი ჰიდროელექტროსადგური ჭარბ ენერგიას გამოიმუშავებს.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის ფისკალური დანახარჯები ყველაზე დიდია, რადგან მთავრობის მიერ გაფორმებულ ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებაში გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე ყველაზე მაღალი ტარიფია მითითებული - იწყება 7,55 აშშ ცენტი/კვტსთ-ით, წლიური 3 %-იანი ზრდით (ანუ ფასი ყოველ წელს 3%-ით გაიზრდება). ხელშეკრულება 34-წლით არის გაფორმებული. ჰიდროელექტროსადგურის წლიური გამომუშავება დაახლოებით 1,2 მლრდ კილოვატი საათია. ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებით სახელმწიფოს ვალდებულება აქვს ნაკისრი, რომ წლის განმავლობაში გამომუშავებულ ენერგიას სრულად შეიძენს.

ნენსკრას მოსდევს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური (ნამახვანის კასკადის შემადგენელი ნაწილია) და კორომხეთის ჰესი. ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში, ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულება 15 წლით არის გაფორმებული. სახელმწიფომ ყოველწლიურად აპრილ-სექტემბერში გამომუშავებული ენერგია უნდა შეიძინოს. ტარიფი - 6.2 ცენტი/კილოვატსაათია, წლიური 2,5%-იანი ზრდით.

კორომხეთის ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაშიც ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულება 15 წლით არის დადებული. სახელმწიფომ ყოველწლიურად აპრილ-სექტემბერში გამომუშავებული ენერგია უნდა შეიძინოს. ტარიფი 6.4 ცენტი/კილოვატსაათია. ამ შემთხვევაში ფასის წლიური ზრდა გათვალისწინებული არ არის.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ფისკალურ დანახარჯებს გამოიწვევს, რადგან ენერგოსისტემაში არასაჭირო ზედმეტ ენერგიას შექმნის. ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში წლიური ფისკალური დანახარჯი 2023 წელს 225 მილიონი ლარი იქნება, ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე 36 მილიონი ლარი, ხოლო კორომხეთის ჰესზე 18 მილიონი ლარი. ჯამში ფისკალური დანახარჯი ამ სამ ჰიდროელექტროსადგურზე წელიწადში 280 მილიონი ლარია. ეს რიცხვი ყოველ წელს იზრდება და 2036 წელს 395 მილიონ ლარს შეადგენს. 2022-2041 წლებში, ბიუჯეტიდან ამ ჰესებზე გაწეული ხარჯი ჯამში 6 მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი იქნება.

ამ ხარჯების 611 მილიონ ლარამდე შემცირება შესაძლებელია, თუ სახელმწიფო შეძენილი ელექტროენერგიის ექსპორტს განახორციელებს (იმ დაშვებით, რომ ჭარბი ენერგიის 85 % ექსპორტირებული იქნება თურქეთში).

თუმცა, ფისკალური დანახარჯი სრულად ვერ აღმოიფხვრება, რადგან ელექტროენერგიის საშუალო საბაზრო ფასი თურქეთში შემცირდა და 4.5 ცენტი/კილოვატსაათია, მაშინ როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ გაფორმებულ ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებაში ელექტროენერგიის ღირებულება გაცილებით მაღალია და 6.2 ცენტი/კილოვატსაათიდან იწყება, ხოლო ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში 7.55 ცენტი/კილოვატსაათია. თურქეთის გარდა, ენერგიის საბაზრო ფასი შემცირებულია რუსეთშიც და 2 ცენტი/კილოვატსაათს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი უფრო იაფი უჯდება: რუსეთიდან მაქსიმუმ 6,3 ცენტი/კილოვატ საათი, ხოლო აზერბაიჯანიდან 3.8 ცენტი/კილოვატსაათი.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ამ ფონზე 2018 წლიდან ელექტროენერგიის ტარიფი ყოველწლიურად მოიმატებს. მაგალითად, 2025 წლისთვის ერთი კილოვატ საათის ღირებულება 21.5 თეთრი იქნება, 2030 წლისთვის კი - 22.7 თეთრი.

***

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში უნდა აშენდეს. ჰესის მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს, მაგრამ სვანეთის მოსახლეობა წინააღმდეგია და საპროტესტო აქციებს მართავს. რამდენიმე თვის წინ, სვანეთის საერთო კრებაზე - ლალხორზე ჰესების მშენებლობის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. 2018 წლის ივლისში სოფელ ჭუბერში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ნენსკრამ მდინარის პირას მდებარე ნაგებობები და სახლები წაიღო. მთლიანად დაანგრია მდინარეზე არსებული ხიდები. გარესამყაროს იყო მოწყვეტილი ჭუბერის ხეობა და 10-ზე მეტი სოფელი.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, აქედან 14 ეკლესია, ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა. სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანიჭალა, ასევე 13 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა ნაწილიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულს, ენეოლითის ხანას განეკუთვნება, მთლიანად წყლით იფარება.

კორომხეთი ჰესი ერთ-ერთია ჰიდროელექტროსადგურების კასკადიდან, რომელიც მდინარე აჭარისწყალზე ნორვეგიული კომპანიის შვილობილმა კომპანიამ, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ უნდა ააშენოს. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის სავარაუდო თარიღი 2020 წელია.  

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში