საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

როდის და როგორ მოექცა თუშეთში ჭერო და ინწუხი რუსეთის კონტროლქვეშ

22:37 - 20 აგვისტო 2018 hits 46838

19 აგვისტოს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ ანტისაოკუპაციო მოძრაობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა, თუშეთში, სოფელ დიკლოსთან სახელმწიფო საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოწია. „კურიერის“ წამყვანის თქმით, ზამთრის შემდეგ ქართული საგუშაგოები რუსმა სამხედროებმა დაიკავეს და ქართველი მესაზღვრეები პოსტებამდე აღარ მიუშვეს, სამი დაცარიელებული ქართული სოფლის გარშემო კი მიწებს ამ დროისთვის რუსეთიდან გადმოსული პირები იყენებენ.

„მცოცავი ანექსიის პირობებში ვართ თითქმის ყველა მხრიდან. თრუსოს ხეობას უკვე დაემატა ის პრობლემა, რომელიც არის თუშეთში. ეს არის სოფელ დიკლოს ზედა მიმდებარე ტერიტორია, ხეობა, სადაც რუსმა მესაზღვრეებმა მუდმივი საგუშაგო გააკეთეს. რუსეთმა ისევ ძალადობრივი გზით, ასეთი ტაქტიკური ხერხით მიიტაცა ის ნაწილი და ეს არის ძალიან საგანგაშო მდგომარეობა, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ იგივე მეთოდებით აპირებს მოქმედებას ასევე თრუსოს ხეობაში“, - აღნიშნავს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.

სიუჟეტში მოცემულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას კომენტარიც, რომელიც ამბობს: „ჩვენ არაერთგზის ვაწყდებით ქმედებებს, რომელიც უკანონოა, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვაფიქსირებთ და საერთაშორისო საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას და მერწმუნეთ, რომ დადგება დრო, როდესაც ყველა დამნაშავე აგებს მართმსაჯულების წინაშე პასუხს“.

თავდაცვის მინისტრის კომენტარი მაყურებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა.

19 აგვისტოსვე, „რუსთავი 2-ის“ სიუჟეტს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა: „მედია საშუალებებში გავიდა ინფორმაცია, რომ თითქოს რუსეთის ფედერაციის მხარემ ზამთრის პერიოდის შემდეგ, დიკლოს მიმართულებით, საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოწია და ქართველ მესაზღვრეებს აღარ უშვებენ. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დიკლოში ფუნქციონირებს სასაზღვრო პოლიციის პოსტი. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დადგენილ პერიმეტრზე, ქართველი მესაზღვრეები დღემდე შეუფერხებლად ახდენენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას“.

როგორც გამოვარკვიეთ, ანტისაოკუპაციო მოძრაობამდე აღნიშნული ინფორმაცია ბიომრავალფეროვნების სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრმა კახა არცივაძემ გაავრცელა.

„რუსეთის მიერ მიტაცებული მთელი ხეობა თუშეთში - სოფელ დიკლოსთან“, - ასეა დასათაურებული არცივაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო, რომლის მიხედვითაც, ქართულმა მხარემ თუშეთის სოფლებზე კონტროლი 2014 წელს დაკარგა.

„რამდენიმე წლის წინ, ზამთრის სეზონის დასრულების მერე, საზღვარზე გასულ ჩვენ მესაზღვრეებს რუსები დახვდნენ და ხეობაში აღარ შეუშვეს. ამჟამად საზღვარი რამდენიმე კილომეტრით არის გადმოწეული. ხეობაში სამი სოფელია. დაუსახლებელი იყოო. ახლა ლეკები არიან. დურბინდით დავათვალიერე. თიბავენ და მიწას ამუშავებენ“, - წერს კახა არცივაძე ფოტოს აღწერაში.

ჭერო და ინწუხი

სინამდვილეში, საქმე ეხება თუშეთის ორ და არა სამ სოფელს. ჭერო და ინწუხი თუშეთში, ჭანჭახოვანის ხეობაშია. ომალოდან (თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრი) გზა სოფელ შენაქოზე გადის და დიკლოსკენ მიემართება. დიკლომდე 14 კილომეტრია. სამანქანო გზა დიკლოში მთავრდება. დღევანდელი დიკლოდან 2 კილომეტრში, ციცაბო კლდეზე მდებარეობს ძველი დიკლო, რომელიც ახლა ნასოფლარია. ისტორიული ცნობებით, სოფელი XIX საუკუნემდე დაღესტნელების შემოსევის შედეგად განადგურდა.

ძველი დიკლოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 4-6 კილომეტრშია სოფლები ჭერო და ინწუხი. დაღესტნის რესპუბლიკის მხრიდან წუმადის რაიონი ესაზღვრება. პირველი სოფელი ხუშეტი ინწუხიდან დაახლოებით 3.5 კილომეტრშია. გადასასვლელი სარმაღელის უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2600 მეტრზე.

ოფიციალური, მოქმედი, საქართველოს რუკებით, ჭერო და ინწუხი საქართველოს შემადგენლობაშია. საქართველო - რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულებული არ არის და ეს მონაკვეთი შეუთანხმებელია.

„თვითონ მაქვს ნანახი, დაღესტნისა და საქართველოს საზღვარზე, სარმაღელის უღელტეხილზე, სასაზღვრო ნიშანი იყო ჩასმული. იქვე იყო ამოთხრილი სასაზღვრო ორმოც. მერე, როცა საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაიწყო, გაქრა ეს ნიშანი, ორმომაც ჭეროსკენ გადმოიწია“, - ამბობს ეთნოგრაფი ნუგზარ იდოიძე. ახლა თუშეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1992 წლიდან, როცა საქართველოს სასაზღვრო სამსახური შეიქმნა, 1998 წლის ჩათვლით, იგი თუშეთის სასაზღვრო საგუშაგოს ხელმძღვანელობდა:

„ჭერო და ინწუხი თუშეთის ტერიტორიაა, მაგრამ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იქ თუშები აღარ ცხოვრობენ. მოწყვეტილი სოფლებია დიკლოსგან, ძალიან რთული ჩასასვლელია და როდესაც დაღესტნელებისგან შეწუხება ხდებოდა, ჩვენმა ხალხმა იძულებით დატოვა ეს ტერიტორია, დიკლოში გადმოცხოვრდნენ. მიტოვებულ სოფლებში მოსაზღვრე ხუშეტიდან ლეკები დასახლდნენ. ინწუხის ჭალა, სოფლიდან ქვემოთ, მთელ თუშეთში ყველაზე დაბალი ადგილია. იქ ისეთი ხეები ხარობს და ისეთი ხილი მოდის, რომელიც თუშეთში სხვაგან არსად არის. ნავენახარიც კი ჰქვია ერთ-ერთ ადგილს, სავარაუდოდ, ვენახიც იყო. ძალიან მოსავლიანი მიწაა“.

ბოლო მცდელობა, რომ ჭეროსა და ინწუხში თუშების დაბრუნება მომხდარიყო, 1983 წელს ჰქონდათ. თუში ტელმან იჭირაული მაშინ თუშეთის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად მუშაობდა: „ერთ ზაფხულს მწყემსები გავგზავნეთ საქონლით. მთელი სეზონი იქ იყვნენ. ლეკები მაშინაც ცხოვრობდნენ, ჩვენ სოფლებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ. თუშებსა და ლეკებს კონფლიქტი არ ჰქონიათ, მაგრამ ძალიან რთულია იქ ცხოვრება. ისეთი საცალფეხო ბილიკებია, ხურჯინაკიდებულ ცხენს ჩასვლა უჭირს. ჩვენი მწყემსები არ დარჩნენ და უკან დაბრუნდნენ“.

ნუგზარ იდოიძე იხსენებს, რომ 1993-1995 წლებში, ჭერო-ინწუხის ტერიტორიაზე ქართველი და რუსი მესაზღვრეები მორიგეობით პატრულირებდნენ: „ერთი კვირა ჩვენ ვახდენდით შემოვლას, მეორე კვირა ისინი. ასეთი შეთანხმება იყო რუსულ მხარესთან“.

1996 წლიდან ქართველი მესაზღვრეების მიერ აღნიშნული ტერიტორიის აქტიური პატრულირება აღარ ხდება.

2003 წელს ქართველ და რუს მესაზღვრეებს შორის გამართულ სასაზღვრო წარმომადგენლობით შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სოფელ ჭეროსა და სოფელ ინწუხის მიმდებარე ტერიტორიების დაცვა უნდა მომხდარიყო ერთობლივად - ქართველი და რუსი მესაზღვრეების მიერ, 10-10 დღიანი მონაცვლეობით.

2006 წელს ქართველ მესაზღვრეებსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა, რომლის შემდეგაც, მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პატრულირება აღარ განხორციელებულიყო.

ჭეროსა და ინწუხში ახლაც ავარები ცხოვრობენ. დიკლოს მცხოვრებლების თქმით, ჭეროში 2 ან 3 ოჯახია, ინწუხშიც ამდენივე, ძირითადად ზაფხულობით. „ერთი რასულა იყო, თუშეთში გაიზარდა. მწყემსად მუშაობდა ომალოში. მერე წავიდა და ჭეროში დასახლდა. 8 თუ 9 შვილი ჰყავდა. ერთხელ, დიკლოდან რომ მიდიოდა ჭეროში, კლდიდან გადავარდა და დაიღუპა. 12 შვილი ჰყავდა ბაღადურს. მისი ერთ-ერთი შვილიც კლდეზე გადავარდა. ძალიან რთული რელიეფია. 2005 წელს, ძველ დიკლოსთან ჩვენი მესაზღვრეც დაიღუპა, 20 წლის გიორგი აბაიძე“, - ამბობს სოფელ დიკლოში მცხოვრები, 81 წლის მაშო ბეწუნაიძე.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგუშაგო, რომელიც ზამთარშიც ფუნქციონირებს, სოფელ დიკლოშია.

რუსულ მხარეს სასაზღვრო საგუშაგო სარმაღელის უღელტეხილზე აქვს მოწყობილი. ჭეროსა და ინწუხში რუსი მესაზღვრეების პატრულირება არ შეინიშნება. „ჩვენ როგორც ვიცით ლეკებისგან, თვითონ დაღესტნელები როცა შემოდიან ჭერო-ინწუხში, რუსი სამხედროები საშვის გარეშე არ უშვებენ. ჩვენი მესაზღვრეები კი ჩვენებს ძველი დიკლოს იქით საერთოდ არ უშვებენ“, - აღნიშნავს ნუგზარ იდოიძე.

გადამოწმებული ინფორმაციით, ჭეროსა და ინწუხის მიმართულებით სასაზღვრო ზონასა და ზოლში შესასვლელი სპეციალური საშვის მოთხოვნის ფაქტები არ ფიქსირდება. მხოლოდ 2017 წელს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ტურისტს უარი უთხრა ჭეროსა და ინწუხში ლაშქრობაზე, რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციული ქმედებების თავიდან აცილების მიზნით.

არცერთი წყარო, რომელსაც „მთის ამბები“ ესაუბრა, ხუშეტიდან ინწუხის მიმართულებით სამანქანო გზის არსებობას არ ადასტურებს.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში