საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ძლიერი წვიმის შედეგად თუშეთის გზა ჩაიკეტა

22:22 - 09 აგვისტო 2018 hits 5822

ძლიერი წვიმის შედეგად ფშაველი-აბანო-ომალოს გზა რამდენიმე ადგილას დაზიანდა. აბანოს უღელტეხილს ქვემოთ, სამხევამდე გზის ნაწილი ადიდებულმა მდინარემ წაიღო. სოფელ ხისომდე, მეწყერის ადგილას მდინარეში წყლის დონემ აიწია და საავტომობილო გზა დაფარა. თუშეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია.

როგორც „მთის ამბებს“ თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა ვახტანგ გიუნაიძემ უთხრა, უღელტეხილს ქვემოთ სამხევამდე გზაზე 4 მანქანაა ჩარჩენილი.

„მგზავრებს შორის ქალები და პატარა ბავშვი იყვნენ. რეინჯერებმა ისინი სამხევში, სარეინჯერო სახლში დაიყვანეს და იქ დააბინავეს. გზის დაზიანების შესახებ ინფორმაცია უკვე აქვთ საგზაო კომპანიის წარმომადგენლებს და სავარაუდოდ, დილიდანვე დაიწყებენ მუშაობას“, - აღნიშნა ვახტანგ გიუნაიძემ.

თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ლადო კახოიძის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად გზა ფშაველიდან უღელტეხილამდე, თორღვას აბანოსთანაც დაზიანდა.

„ადრე დილით, როგორც კი ინათებს, ტექნიკა მაშინვე დაიწყებს მუშაობას. 6 ტრაქტორი გვყავს თუშეთის გზაზე. თუ აღარ იწვიმებს, გზას ხვალვე გავხსნით, შუადღეს. თუ წვიმა გაგრძელდა, მიჭირს იმის თქმა, გზა როდის გაიხსნება“, - უთხრა „მთის ამბებს“ გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს „გერალის“ წარმომადგენელმა ტარიელ წიკლაურმა.

ამ დროისთვის თუშეთში აღარ წვიმს, თუმცა სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 აგვისტოს ჩათვლით, თუშეთში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. 10 და 13 აგვისტოს პერიოდულად გამოიდარებს.

ამ თემაზე:

თუშეთის გზაზე ავტომობილების მოძრაობა აღდგა, დაწესებულია შეზღუდვები

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში