საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გორგი აფთარაული - 20 წლის გიდი თუშეთიდან

12:25 - 04 აგვისტო 2018 hits 22462

ძველი თუშური სახელი ჰქვია - გორგი. ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და უკვე 6 წელია, ტურისტებს ემსახურება. ბიზნესი ერთი ცხენით დაიწყო, თუმცა მალე ერთი საკმარისი აღარ აღმოჩნდა. პროექტი დაწერა, დაფინანსება მოიპოვა და ოთხი ცხენი იყიდა.

„ვაკეთებ ჩემთვის ფულს, რომ მერე არ გამიჭირდეს სტუდენტობაში“, - ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტს ამთავრებს. ომალოში არდადეგებზე ადის და ტურისტებსაც ლაშქრობებს მხოლოდ ზაფხულობით უწყობს.

„ყოველ ზაფხულს მთა ცოცხლდება, ტურისტი ბევრია. თუში ახალგაზრდებიც ნახულობენ აქ საქმეს. ზაფხულში მაინც უბრუნდებიან ბებო-პაპის სახლ-კარს.

საღამოობით ცეცხლს ვანთებთ, ვსაუბრობთ, ვმღერით, ამბებს ვყვებით. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.“

მისი თუშური დილა, 6 საათზე, ცხენების მოვლით და სოფლის საქმეებით იწყება. საქმის პოვნა არ უჭირს.

„თუ ტური არ მაქვს, დედას და მამას ვეხმარები. დედას აქ საცხობი აქვს. შეშას ვუჭრი, გვერდში ვუდგავარ, რაშიც შეიძლება დავჭირდე. ხან მამაჩემს მივყვები. იქ სადაც მთა იშლება, ხეებს ვრგავთ.“

ფიქრობს, რომ თუშეთისთვის ყველაზე დიდი პრობლემა გზაა, რომელიც წლის განმავლობაში მხოლოდ ოთხი თვით იხსნება.

„უკეთეს პირობებს შეგუებული ჩვენი თაობა, ვერ გაუძლებს აქაურ რთულ ყოფას. გზა ოქტომბერში რომ ჩაიკეტება, გაზაფხულის ბოლომდე ვერ ჩახვალ ბარში. ზაფხულის დასასრულს ყველა ტოვებს მთას. შარშან 2-3 კვირა მარტო დავრჩი სოფელში. თავიდან ტურისტები მყავდა, ისინიც მალე წავიდნენ და შემოვრჩი აქაურობას. თოვლი მომადგა კარზე. გვიან წავედი თბილისში“.

ორ თვეში ისევ დაემშვიდობება ომალოს, თბილისში სტუდენტურ ცხოვრებას გააგრძელებს და დაელოდება მომავალი წლის ივნისს, როდესაც კვლავ თუშეთს დაუბრუნდება.

რუსუდან ზვიადაური

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. პროფესიით მათემატიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედია კომუნიკაციის მაგისტრი. რუსუდანი ანსამბლ „დები ზვიადაურების“ წევრია.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში