საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ვინ ზრუნავს საბაგიროების უსაფრთხოებაზე საქართველოში?

17:38 - 03 აპრილი 2018 hits 14820

„ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. მოდებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა, არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რაც ინსტრუქციაშია გაწერილი“, - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფრანგული კომპანია „ბიურო ვერიტასის“ დასკვნით, გუდაურში, 16 მარტს მომხდარ ინციდენტში საბაგიროს ოპერატორის დანაშაული გამოიკვეთა.

ერთი პირის შეცდომამ ათამდე ადამიანის დაზიანება გამოიწვია. ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ საბაგიროს ტექნიკური ინსპექტირება 2017 წლის დეკემბერში, შემთხვევამდე სამი თვით ადრე ჩაუტარდა. ინსპექტირება კერძო კომპანია „სი ეი ინთერნეიშენალმა“ განახორციელა.

„შემოწმების დროს შეუსაბამობები არ იყო დაფიქსირებული. ეს იყო ისეთი მომენტი, რომელიც ინსპექტირების დროს ვერ შემოწმდებოდა“, - ამბობს სანდრო შელია, „სი ეი ინთერნეიშენალის“ დირექტორი.

რეგლამენტის მიხედვით საბაგიროების ინსპექტირება ორ წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს. მომხდარი ინცინდენტის შემდეგ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ყველა საბაგირო შემოწმებული და უსაფრთხოა.

„რაც შეეხება ჩვენი თანამშრომლების მომზადებას, გეტყვით, რომ დაახლოებით 50-მდე ადამიანი შემოდგომაზე იმყოფებოდა „დოპელმაიერის“ სათაო ოფისში, სადაც გაიარეს ტრენინგი. ასევე, როდესაც ჩამოდიოდნენ ფრანგი და ავსტრიელი ექსპერტები, ტრენინგებს უტარებდნენ ჩვენს თანამშრომლებს“, - აღნიშნავს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი.

რამდენად კვალიფიციური და გადამზადებული იყო ოპერატორი, რომელიც 16 მარტს გუდაურის ინციდენტისას მუშაობდა? ეკონომიკის მინისტრმა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ამ კითხვაზე პასუხი არ გაგვცეს. ინსპექტირების კომპანიის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ რეგლამენტში კვალიფიციურობის შესახებ ზოგადი განმარტებაა ჩაწერილი. სანდრო შელიას თქმით, მომეტებული საფრთხის მქონე ობიექტებზე მომუშავე ადამიანებისთვის მხოლოდ ტრენინგების ჩატარება საკმარისი არ არის და მათ შესაბამისი სერტიფიკატები უნდა ჰქონდეთ: „სერტიფიცირება შეიძლება იყოს ორწლიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ამ ადამიანმა უნდა განაახლოს სერტიფიცირება და სერტიფიკატი შეიძლება დაკარგოს რაღაც პირობების შეუსრულებლობის გამო. ეს შეიძლება იყოს პრაქტიკული ან თეორიული ტესტის ჩაბარება. სხვა მოთხოვნებიც შეიძლება შევიყვანოთ. მაგალითად, პროფესიული ზრდის მოთხოვნა, რომ როგორც მინიმუმ, ამ ადამიანმა წლის განმავლობაში უნდა გაიაროს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების კურსები“.

გაზრდის თუ არა სახელმწიფო მომეტებული რისკის მქონე ობიექტების პერსონალისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ჯერ უცნობია.

გუდაურში მომხდარ ფაქტზე, რომლის შედეგადაც 11 ტურისტი დაშავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„ბიურო ვერიტასის“ პირველადი დასკვნით, 16 მარტს ნამდვილად იყო ძაბვის ვარდნა, რამაც საბაგიროს გაჩერება გამოიწვია, რის შემდეგაც ოპერატორს საბაგირო უნდა გადაეყვანა დიზელ გენერატორზე და იქ არსებული ტურისტები მიეყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დასკვნაში მითითებულია, რომ ოპერატორმა შეცდომა დაუშვა. საბაგირო უკუსვლით ამუშავდა და სამგზავრო კალათები ერთმანეთს შეახეთქა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის მართვის ქვეშ საქართველოში რამდენიმე საბაგიროა - გუდაურში, სვანეთში, ბაკურიანსა და აჭარაში. გუდაურის ინციდენტის შემდეგ მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილე ირაკლი ჭირაქაძემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა კოტე ქადაგიძემ თანამდებობები დატოვეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში