საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რით ასაბუთებს მთავრობა მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობას - ინტერვიუ

23:23 - 20 თებერვალი 2018 hits 4961

რატომ გადაწყვიტა მთავრობამ თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა პანკისისა და ხადორის ხეობების გავლით; რას უპირებს ხელისუფლება არსებულ გზას, რომელიც აბანოს უღელტეხილზე გადის; რას პასუხობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე პეტიციის ავტორებს, რომლებმაც სნო - ჯუთა - როშკა - შატილი - ომალო - ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტს დამანგრეველი უწოდეს და მისი შეჩერება მოითხოვეს - „მთის ამბები“ გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი სეთურიძესთან.

რა არის ამ გზების მშენებლობის მიზანი, რისთვის და ვისთვის კეთდება?

- 2016 წელს, როდესაც მთავრობამ ამ გზების მშენებლობა გადაწყვიტა, მთავარი მიზანი იყო მთის რეგიონების დაკავშირება ერთმანეთთან, რაც გულისხმობდა ტურისტული მარშრუტის შექმნას ხევიდან ფშავ-ხევსურეთში, შემდეგ ფშავ-ხევსურეთიდან თუშეთში და ასევე, ახმეტიდან პანკისის და ხადორის ხეობების გავლით თუშეთში ახალი გზის მშენებლობას. პანკისი-თუშეთის ახალი გზა იქნება გაცილებით უსაფრთხო, რაც თუშეთს უფრო ინტენსიურად განვითარების საშუალებას მისცემს.

მხედველობაში მაქვს, რომ დღეისათვის მხოლოდ მაღალი გამავლობის და მაქსიმუმ დაახლოებით 5 ტონამდე ტვირთამწეობის მანქანებს შეუძლიათ თუშეთში გადასვლა, რაც იქ ნებისმიერი პროექტის განხორციელებას ართულებს. მაგალითად, შეუძლებელია მძიმე ტექნიკის გადაყვანა, რადგან მისაბმელიანი მანქანები იქ ვერ გადადიან. ჩვენ რამდენჯერმე დაგვჭირდა თუშეთში მუხლუხიანი ტექნიკა გადაგვეყვანა, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფების ლიკვიდაციის მიზნით და ეს დროის და მატერიალური რესურსების უზარმაზარ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. საქართველოს ნებისმიერ რეგიონს საჭიროა ჰქონდეს სრულყოფილი დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორი იმისთვის, რომ გადაადგილება იყოს შესაძლებელი და უსაფრთხო.

რატომ განიხილება ხადორის ხეობის გავლით ახალი გზის მშენებლობა და არა აბანოს უღელტეხილზე გამავალი გზის რეკონსტრუქცია? რატომ ვაკეთებთ ახალს და უფრო ძვირს და არ ვახდენთ ძველის განვითარებას? ვინც თუშეთის გზაზე ნამყოფია, გეოლოგია ესმის და საგზაო ინჟინერია, მას ახსნა არ სჭირდება, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის ვიტყვი, რომ ამ გზის მონაკვეთზე იმდენად რთული გეოლოგიური პროცესებია, მათი ლიკვიდაცია ფაქტობრივად შეუძლებელია ან დაკავშირებულია უზარმაზარ ხარჯებთან და ბუნებაზე ძალიან მძიმე ზემოქმედებასთან.

ამის გამო გადაწყდა რომ გაკეთდეს ახალი მიმართულება, სადაც გზა გაცილებით უფრო მყარ ქანებში გაიჭრება. ეს გზა ბევრად უსაფრთხო იქნება, გადასასვლელი უღელტეხილი (ხადორის) ზღვის დონიდან უფრო დაბალ სიმაღლეზეა და თუშეთთან საავტომობილო კავშირი გაცილებით მეტი ხნით შენარჩუნდება. შეიძლება ითქვას, რომ მარტო უამინდობის პერიოდში დაიკეტება ან/და ზამთრის რამდენიმე თვის განმავლობაში და არა 6 თვე, როგორც დღეს იკეტება აბანოს უღელტეხილი. რაც შეეხება არსებულ გზას, მინდა, ვინც არ იცის, ვუთხრა, რომ ეს არის გაჭრილი წინა საუკუნეში და მასზე საავტომობილო გზის ნებართვა ფაქტობრივად არ არსებობს - იგი დღემდე ირიცხება როგორც სამეცხვარეო გზა, რაც გულისხმობს შინაური და საპალნე ცხოველების გადაადგილებას.

ეს გზა 8 წლის განმავლობაში იჭრებოდა და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზაა არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონში. სამწუხაროა, მაგრამ ამ გზაზე ყოველ წელს გვაქვს ავტოსაგზაო და უბედური შემთხვევები, არა მხოლოდ მგზავრობისას, არამედ მომსახურების გაწევის დროსაც. 2017 წელს, გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების დროს, როგორც იცით ერთ-ერთი დასაქმებული ზვავმა იმსხვერპლა, წინა წელს ტურისტების ოჯახი, ისრაელის მოქალაქეები დაიღუპნენ და ა.შ.

ახალი გზის მშენებლობის შემდეგაც, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ძველ გზას არ მიატოვებს. ის შენარჩუნდება იმ სახით, რა სახითაც ახლა არსებობს, მაგრამ მისი მოდერნიზაცია არ იგეგმება ძალიან რთული ლანდშაფტური პირობებისა და გეოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე.

ვისაც სურვილი ექნება, რომ ამ გზით გადაადგილდეს, ეს გზა ზუსტად ასეთ პირობებში იქნება შენარჩუნებული როგორც შიდა გზა. არავინ აპირებს ამ გზის მიტოვებას. მოვლა-პატრონობა გაგრძელდება და გვექნება ორი ალტერნატივა.

- ბატონო გიორგი, თქვენ თქვით, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი არსებული გზის მოდერნიზაცია, გაუმჯობესება შეუძლებელია რთული გეოლოგიური პროცესების გამო. რეალურად, მეწყრული პროცესები, რამაც გასულ წელს სერიოზული პრობლემები შექმნა, მდინარე ჩაკეტა, გზა წაიღო და თუშეთში გადაადგილება ერთი თვით შეაფერხა, აბანოს უღელტეხილს იქით, სოფელ ხისოსთან არის განვითარებული, გზის 56-ე კილომეტრზე. იქამდე გზა ცუდად მოვლის გამო უფროა არასახარბიელო მდგომარეობაში, ვიდრე სხვა მიზეზებით. შესაძლებელი არის თუ არა, უფრო უსაფრთხო გზა რომ გვქონოდა თუშეთთან, არსებული გზისთვის შეგვეცვალა მიმართულება აბანოს უღელტეხილიდან და გვერდი აგვევლო ხისოსთან და შემდეგ მდებარე რამდენიმე რთული და პრობლემური მონაკვეთისთვის?

- ბევრი ალტერნატივის შესწავლა და განხილვა მიმდინარეობდა. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე ვარიანტი ჯერ კიდევ 90-იან წლებში მუშავდებოდა. ვერც მაშინ და ვერც ახლა, ამ მიმართულებაზე ვერ აღმოჩნდა იმაზე უკეთესი ალტერნატივა, ამჟამად სადაც გვაქვს გადასასვლელი აბანოს უღელტეხილზე და შემდეგ გზა როგორც მიუყვება. ამიტომ მიენიჭა პრიორიტეტი გაცილებით უფრო მდგრადი და მყარი გრუნტების მქონე ხეობას - ხადორს. ძირითადად კლდეში გავდივართ და იმისათვის, რომ გაკეთდეს უსაფრთხო და უფრო ადვილად მოსავლელი გზა, მოძრაობა უფრო მეტი ხნით რომ შენარჩუნდეს, არჩეულ იქნა ეს მიმართულება. ხადორის ხეობის გავლით უღელტეხილიც ზღვის დონიდან უფრო დაბალ სიმაღლეზეა, დაახლოებით 2600 მეტრზე, აბანოს უღელტეხილი 350-400 მეტრით მაღალია. რაც შეეხება თოვლიანობას, გაცილებით უფრო ნაკლები ნალექია მაგ ადგილას. ქარი უღელტეხილებზე მუდამ არის, ნამქერებს აკეთებს,რაც ჩვენთვის ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ გზის მოვლა და მისი გახსნა დროულად, უფრო მარტივი იქნება, ვიდრე აბანოს უღელტეხილის.

მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ხადორის ხეობაში ტყეებს არ შევეხოთ. შეიძლება პატარა ხიდი და გვირაბი დაგვჭირდეს. გზა ხადორის ხეობას რომ გაუყვება, ზემოთ საძოვრებია, შემდეგ საერთოდ პრობლემა აღარ არის. ვაკეზე მივდივართ, იოლად ავდივართ უღელტეხილზე და გავალთ შავწყალასთან, შემდეგ კი სოფელ ვერხოვანთან გომეწრის ხეობის გზას შეუერთდება.

მე თუშეთში გვიან შემოდგომაზეც ვყოფილვარ, მაშინ როცა აბანოს უღელტეხილი უკვე დაკეტილია. გვიან შემოდგომაზე თუშეთი სულ სხვანაირია და სამწუხაროა, რომ ამ პერიოდში ტურისტები იქ ვერ ჩადიან. ეს არის დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში.

ახალი გზა საშუალებას მოგვცემს, რომ თუშეთში საავტომობილო მიმოსვლა ნოემბრის ბოლომდე შევინარჩუნოთ და აპრილის დასაწყისისთვის გავხსნათ, ხანგრძლივობა მინიმუმ 2 თვით გავზარდოთ.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონალურ კავშირებზე, საქართველოს ყველა რეგიონი უნდა იყოს ერთმანეთთან მაქსიმალურად დაკავშირებული, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. მათ შორის, თუ რაღაც მოხდა, უნდა გვქონდეს სამაშველო ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობა. ავად თუ გახდა ადამიანი, მისი დროულად გადმოყვანა უნდა შევძლოთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონალური კავშირების ქონას, რეგიონების თანაბარ განვითარებას გულისხმობს ზუსტად მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა. თუ არ ექნება თუშეთს გზა, რაჭას ან ყაზბეგს, ვერ განვითარდება ეს რეგიონები ისე, როგორც მაგალითად ის ადგილები, რომლებსაც აქვთ კარგი გზა და კარგი კომუნიკაცია.

- ახლა მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა ახსენეთ, არსებობს ეს გეგმა როგორც ერთიანი დოკუმენტი? თუ არსებობს, არის საჯაროდ ხელმისაწვდომი?

- კი, არსებობს. ამ გეგმას აუცილებლად მოვიძიებთ და მოგაწვდით.

- თუშეთის გზის მოვლა-პატრონობის საკითხს რომ დავუბრუნდეთ - არსებული გზის შენახვა ბიუჯეტს ყოველწლიურად 410 ათასი ლარი უჯდება, გასულ წელს ბევრად მეტი დაიხარჯა მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე. მაშინ, როცა საავტომობილო გზების დეპარტამენტი სეზონურად ერთი გზის მოვლა-პატრონობასაც კი ვერ ახერხებს ნორმალურად, ვგულისხმობ არასაკმარისი, ძველი ტექნიკის გამო გზის გვიან გახსნას, გზაზე მიმავალი ადამიანების თოვლში ჩარჩენას, ხშირად ნაშალისგან გაუწმენდავ მონაკვეთებსა და სხვა პრობლემებს, ორი გზის მოვლას როგორ შეძლებთ?

- ამაში ვერ დაგეთანხმებით. გასულ წელს, ჩვენ ზამთარში უკვე ვიცოდით, რომ გზაზე მეწყერი იყო ჩამოსული, დავათვალიერეთ და წინასწარ ვგეგმავდით რაც უნდა გაგვეკეთებინა. მაგრამ, იქამდე რომ მივსულიყავით, მთელი ოპერაცია დაიგეგმა. მთავრობამ გაცილებით მეტი თანხა გამოყო პირველ ეტაპზე, რათა პრობლემის ლიკვიდაცია მომხდარიყო. უნდა გაწმენდილიყო უღელტეხილი. უღელტეხილის წმენდაში რამდენჯერმე ისევ უამინდობამ შეგვიშალა ხელი. ზუსტად იმიტომ, რომ მივდიოდით ჩქარი ტემპით, იმ ადგილამდე საკმაოდ ადრე მივედით, წყლის დონე დავწიეთ და გზა მიწაყრილებით აღვადგინეთ.

ეს გზა აქტიურ მეწყერზეა. იცით ალბათ, ცხენებიც დაუხოცა იქ ხალხს. გეოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საშიშია ტრანსპორტის გადაადგილება. საბედნიეროდ, წინა წელი ამ კუთხით ინციდენტის გარეშე დავასრულეთ. მაგრამ მაგ ადგილზე გზა ვერ აშენდება, არაფრის დაგეგმვა მანდ არ შეიძლება.

რაც შეეხება გზის მოვლას, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შეუძლია უკეთესად უპატრონოს ამ გზას, დღესვე მივიღებთ მის წინადადებას. სამწუხაროდ, ასეთი კომპანია ვერ ვნახეთ.

- ახლა რა სიტუაციაა იმ ადგილას? თებერვალი უკვე იწურება. ტურისტულ სეზონამდე 2 თვე დარჩა.

- დაგეგმილი გვაქვს ადრე გაზაფხულზე ჩასვლა და დათვალიერება. მაგ ადგილებში თოვლი ცოტა ადრე დნება. უნდა ვნახოთ, კიდევ რამე ხომ არ განვითარდა. აქტიური მოვლენები მანდ მაშინ არის მოსალოდნელი, როდესაც თოვლი დადნება, ეს მასები წყლით გაიჟღინთება და ტემპერატურა აიწევს.

- გეგმავდით, რომ მეწყერის ადგილას თუშეთის გზა ალაზნის მეორე მხარეს გადაგეტანათ. განხორციელდება ეს პროექტი?

- ეს გეგმა გეგმად რჩება. საიდანაც არის მოწყვეტილი ეს მასა, არ არის გამორიცხული იმის ზემოთაც კიდევ დაიძრას და იქ უფრო მეტი პრობლემები შეიქმნას. ამიტომ, ხიდის დაგეგმარება, რა სიმაღლეზე უნდა აიწიოს, გზამ როგორ უნდა გაიაროს ისე, რომ ახალმა მეწყერმა არ დაარტყას, ძალიან რთულია. მითუმეტეს ასეთ ადგილას. ამიტომ ვინარჩუნებთ მაგას როგორც არის.

- 20 – 21 თებერვალს ახმეტასა და დუშეთში დაგეგმილია სნო - ჯუთა - როშკა - შატილი - ომალო - ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტის ცალკეული ნაწილების განხილვა. მანამდე გამოქვეყნებული იყო კიდევ 2 მონაკვეთი. არ არსებობს მთლიანი პროექტი? თუ არსებობს რატომ არ არის ხელმისაწვდომი? როგორ უნდა შეაფასოს დაინტერესებულმა საზოგადოებამ პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ხაზი უნდა გავუსვა, რომ ყველაზე პრობლემური მონაკვეთების (ხევსურეთი-თუშეთი, ხადორის ხეობა და ა.შ.) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები ჯერ არ არის გამოქვეყნებული. რატომ გადაწყვიტეთ ამ პროექტის განხილვა ნაწილ-ნაწილ?

- პროექტის დასახელება ერთიანია, ოღოდ რამდენიმე ნაწილად იყოფა. პირველი არის არსებული გზების რეაბილიტაცია, მაგალითად სნო-ჯუთა. ასევე, ჯუთის ზემოთ არის ოთხი კილომეტრი, რომელიც ჩვენს საგუშაგომდე მიდის. ძიბახევი-ხადორის გზაც არსებულია. ასევე, თუშეთში არსებული გზები. მეორეა - ე.წ. მწვანე გზები, სადაც ჯერ-ჯერობით საავტომობილო გზა არ ყოფილა.

პროექტი დაყოფილი გვაქვს ორ ნაწილად - რეაბილიტაცია და მშენებლობა. რეაბილიტაციას არ სჭირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები, თუ მშენებლობასაც არ მოიცავს. მშენებლობის შემთხვევაში კი, ნებართვას ვერ მიიღებ, თუ არ გაქვს დადებითი შეფასება. ზუსტად აქ ვართ ახლა და აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებთან.

პეტიცია რომ შეიქმნა მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობის პროექტის შეჩერების მოთხოვნით, დოკუმენტის ავტორებთან თუ გაქვთ კომუნიკაცია?

- ჩვენ გვქონდა შეხვედრა სამინისტროში. სამწუხაროდ, მე ვერ დავესწარი ამ შეხვედრას, მაგრამ შეთანხმება იყო ასეთი, რომ ყველაფერი გაკეთდებოდა ურთიერთშეთანხმებით, მიღწეული იქნებოდა კონსესუსი. ამ ეტაპზე ჯერ საგანგაშო არაფერია. ეს შეთანხმება შედგა და მეორე თუ მესამე დღეს გამოქვეყნდა პეტიცია. აქაც ვერ ვხედავ პრობლემას. პეტიციაში ბევრია ისეთი მსჯელობა, რომელიც ჯერ-ჯერობით არანაირ კონკრეტულ ფაქტს არ ეფუძნება. საერთოდ ჭაუხი და აბუდელაურის ტბები არაფერ შუაშია. მე თვითონ მთიული ვარ, ნახეტიალიც ბევრი მაქვს, ჭაუხიც კარგად ვიცი და აბუდელაურის ტბებიც. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. ეს გზა საერთოდ არ არის ახლოს აბუდელაურის ტბებთან და ჭაუხთან, ძალიან შორს გაივლის და როშკა-არხოტის გზას შეუერთდება.

პეტიციის ავტორთა მოსაზრებები შეფასება უფროა. რა შეიძლება პროექტმა დაანგრიოს? ეკონომიკას ვერ დაგვინგრევს, პირიქით, უკეთესი იქნება. სოფლებს არ დაანგრევს. ალბათ, უფრო აღადგენს და გააცოცხლებს. რაც შეეხება ბუნებას, როგორც გითხარით, ყველა მონდომებულია, რომ მშენებლობა მაქსიმალურად იყოს შესაბამისობაში გარემოს დაცვით ნორმებთან.

- თუ არ არსებობს ჯერ მთლიანი პროექტი და არ ვიცით გზების ზუსტი მარშრუტი, შესაძლოა ახლოსაც აღმოჩნდეს ბუნების ამ ძეგლებთან.

- ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს დაპროექტება და რაც უკვე დაპროექტებულია, ის საჯარო განხვილვისთვის გამოგვაქვს. დასრულებული გვაქვს სნო-ჯუთა, ჯუთიდან საგუშაგომდე მონაკვეთი. ასევე, დასრულებულია ძიბახევიდან ხადორამდე მონაკვეთი. ველოდებით თუშეთის შიდა გზების - ომალოდან რაც მოდის შავწყალისკენ, მათ შორის მწყობრიდან გამოსული გზების პროექტებს.

რაც შეეხება ახალ გზებს, პირველი ნაწილი ამ ახალი გზების, ეს არის ჯუთის ზემოთ საგუშაგოდან როშკა-არხოტის გზამდე დაერთება, დაახლოებით 17 კილომეტრი გამოდის. მოეწყობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვა და გაძლევთ პირობას, რომ ყველა შენიშვნა იქნება გათვალისწინებული. ასევე, როშკაში კეთდება ახალი ასასვლელი ბარისახო-შატილის ძირითადი გზიდან. მოსახლეობამ გვთხოვა, რომ არსებული ვიწრო გზა ახალი გზით შეგვეცვალა. იქ არის საცალფეხო გზა, ადრე ადგილობრივები სარგებლობდნენ. ფაქტობრივად ის გზა დაპროექტდა და მაგის განხილვა ხდება.

წეღან გითხარით, რომ ჭაუხებს გვერდს ავუვლით. ჩვენ შევდივართ უფრო ღრმად რუსეთის ფედერაციის საზღვრისკენ, დაახლოებით იმ ადგილას, საიდანაც ხეობა ხდის ხეობას უერთდება. ახალი გზის გაყვანა ხდება ჭაუხების ხელმარცხნივ, დაახლოებით 10 კილომეტრი იქნება დაშორება. კეთდება უსაფარო, ე.წ. ხრეშოვანი გზა, რომელსაც ექნება მხოლოდ ტურისტული დანიშნულება. სატვირთო მანქანები ვერ ივლიან, მხოლოდ ტურისტები, ველოტურები, საცხენოსნო ტურები, კვადროციკლები და ა.შ. საუბარი გვქონდა და ვფიქრობთ, რომ იქ მარტო სერტიფიცირებული მძღოლები დავუშვათ, რომლებსაც მთის მაშველის მომზადება ექნებათ გავლილი, რადგან იქ ნისლია ხშირად, უამინდობაა. სამიათასმეტრიან უღელტეხილებზე დღეს ტურისტები ხშირად დაუცველები არიან.

- ვისგან მოისმინეთ ეს წინადადება?

- ყაზბეგის მცხოვრებლებთან გვქონდა საუბარი, ვინც არიან მაშველები და გამყოლები.

-  ეს ამ მიმართულების, მომსახურების მონოპოლიზებას ხომ არ გამოიწვევს?

- არა მგონია. დღეს არის გამყოლების ბიზნესი მონოპოლიზირებული?

- დღეს არ გვაქვს რეგულაციები.

- მაგალითად, არაბმა ტურისტმა, რომელსაც მარტო დუბაის ავტობანებზე მოძრაობის გამოცდილება აქვს, არ უნდა იქირაოს მანქანა და არ უნდა წავიდეს მანდ დაუცველი. მთის გზებს თავისი სპეციფიკა აქვს, ცოდნა უნდა. ასეთი გზები, როგორც არის სხვა ქვეყნებში, დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ ტუროპერატორებისთვის, იმიტომ რომ მას პირველ რიგში ეს დანიშნულება ექნება. თქვენ თუ გნებავთ, რომ თქვენი მანქანით გადაადგილდეთ, პრობლემა არ არის, მაგრამ მომსახურებას თუ გაუწევთ, გავლილი უნდა გქონდეთ სათანადო მომზადება. როგორც ახლა არიან გამყოლები, ვისაც მწვერვალებზე აჰყავთ ტურისტები, მათ რაღაც გამოცდილება აუცილებლად გააჩნიათ. გეტყვით საიდანაც წამოვიდა ეს. ჩამოსულები იყვნენ უცხო ქვეყნის ე.წ. გიდები, თვითონ არ იყვნენ მომზადებულები სათანადოდ, პრობლემები შეექმნათ მათთან ერთად მყოფ ტურისტებს და მერე ჩვენი საშველი გახდა ეს ყველაფერი.

- ბატონო გიორგი, გზას რომ დავუბრუნდეთ, როშკადან გზა ბარისახო შატილის გზას შეუერთდება და ისევ დათვიჯვრის უღელტეხილის გავლით გადავალთ შატილში?

- კი, დაგეგმილია ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია.

- ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი, რაც გარემოსდამცველების და საფეხმავლო გიდების შეშფოთებას იწვევს, მუცო-არდოტის ხეობიდან თუშეთში საავტომობილო გზის გაყვანაა.

- ხევსურეთიდან თუშეთისკენ გადასასვლელი გზის პროექტი და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშიც წელს გვექნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი უნდა არსებობდეს, თუმცა ამ გზის მშენებლობა ამ ეტაპზე პრიორიტეტულად არ განისაზღვრა.

- როგორია გზის ამ მონაკვეთის სავარაუდო მარშრუტი? როგორ გეგმავენ პროექტს, გზა ანდაქიდან გადავა თუშეთში, თუ ხონისჭალა-ხონეს მხრიდან?

- ეს არის სავარაუდო მარშრუტები. განვიხილავთ ანდაქსაც და აწუნთას უღელტეხილსაც, სავარაუდოდ, უფრო ანდაქის მხრიდან. როგორც გითხარით, გვაქვს პირველი და მეორე ხარისხის ამოცანები. პირველი ხარისხის ამოცანებია არსებული გზების რეაბილიტაცია და იმ ახალი გზების მშენებლობის პროექტების შეფასება, მშენებლობის ნებართვების მიღება, როგორიცაა თუშეთში მიმავალი გზა ხადორის გავლით, ასევე სნოდან როშკამდე. სულ მშენებლობა-რეაბილიტაცია დაახლოებით 240 კილომეტრს მოიცავს.

- როდის გვექნება სრულყოფილი პროექტის გაცნობის შესაძლებლობა?

- პროექტირებაზე დავალება ჩვენ გავეცით წინასწარი კვლევის გარეშე და ფაქტობრივად, კომპანიას უხდებოდა კვლევა, გეოლოგია, მარშრუტის ერთად დაგეგმვა. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ბევრი პრობლემაც შეგვექმნა. რამდენიმე თვით ხადორის პროექტიც გადაიწევს, მაგრამ მიმდინარე წელს იქნება. წელსვე დავიწყებთ თუშეთში არსებული შიდა გზების კეთილმოწყობას.

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში