საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შაბათი, 16 დეკემბერი 2017

„მშვენიერი, შორეული და მომაჯადოებელი სვანეთი“ – ბრიტანელი მოგზაურის სტატია საქართველოზე

17:04 - 13 ნოემბერი 2017 hits 4684

ბრიტანულმა გამოცემა The Times-მა მწერლისა და მოგზაურის, სტენლი სტიუარტის სტატია გამოაქვეყნა, სათაურით - „მგზნებარე მოგზაურობა საქართველოში“. ავტორი საქართველოს არაერთ ქალაქს ეწვია, თუმცა მისი ვიზიტის გამორჩეულად საინტერესო ნაწილი სვანეთს უკავშირდება.

„კარგი მსმელების, მონდომებული მაჭანკლებისა და ცად აღმართულ ტაძარში მცხოვრები ბერების შორეული მხარე“, - ასე აღწერა ავტორმა საქართველო. ხოლო რატომ და რით იყო გამორჩეული მისი მოგზაურობა საქართველოში, განსაკუთრებით კი სვანეთში, თავად სტენლი სტიუარტის სტატიის ქართულ თარგმანში შეგიძლიათ იხილოთ.

„მგზნებარე მოგზაურობა საქართველოში“

უშგულისაკენ მიმავალ გზაზე ხანდაზმულ წყვილს შევხვდი. შვილისთვის საცოლეს ეძებდნენ.

ევროპის ყველაზე მაღალი სოფლისკენ მიმავალ გზაზე, სვანეთის ველურ მთებში, ბუთულის და თამარას პატარა გზისპირა ყავის ჯიხური აქვთ გამართული. გარე ტერასაზე მორყეული მაგიდა დგას, რომლის ერთ-ერთ ფეხსაც ქვა ამაგრებს. როცა მზე ანათებს, კავკასიონის დიდებული მწვერვალების ხილვით დატკბებით. ხოლო თუკი ამინდი სუსხიანია, ბუთულისა და თამარას შორის, ღუმელთან შეგიძლიათ ჯდომა. აქ ფეხებსაც გაითბობთ და მასპინძლების მესამე ვაჟის დაქორწინების პერსპექტივასაც განიხილავთ, პერსპექტივას, რომელიც არცთუ სახარბიელო ჩანს.

ძველ დროს, სვანეთში, პატარძლებს იტაცებდნენ ხოლმე, რაც ხშირად სწორედ მათი თანხმობითა და წაქეზებით ხდებოდა. თამარამ სარძლოდ ჩემს გიდს - გვანცას დაადგა თვალი.

„100-ზე მეტი ცხვარი ჰყავს“, - აღტაცებით თქვა თამარამ და ყავა ჩამოასხა - „და ყველა კბილი ადგილზე აქვს“.

„თამარა მოიტაცე?“, - ვკითხე ბუთულის. ბუთული 81 წლისაა. ის და თამარა თითქმის 60 წელია ცოლ-ქმარი არიან.  

„არა, რა თქმა უნდა, არა“, - მიპასუხა ბუთულიმ, „მოტაცება რომ დამეპირებინა, ვინმე უფრო წესიერი შესახედაობისას მოვიტაცებდი“.


უშგული

კავკასიის რეგიონში, ერების ამ თავსატეხში, ყველაზე მეტად მისაწვდომი, ყველაზე გამოცდილი და მხიარული - საქართველოა. ამას ყოველთვის აღნიშნავდნენ რუსი რომანტიკოსები. ეს ის ადგილია, სადაც ისინი გასართობად, მოახლეებთან ერთად იპარებოდნენ. ჯეიმს ბონდიც ხომ ამ ქვეყნის გულშემატკივარი იყო:

„ქვეყანა მშვენიერია, თუმცა მთავარი შარმი ადამიანებში იმალება“, - წერდა ფიცროი მაკლინი, დიპლომატი, ჯარისკაცი, მოგზაური და ადამიანი, რომელიც იან ფლემინგმა „აგენტ 007“-ის პროტოტიპად გამოიყენა.

„ისინი, სამხრეთელები, ღვინის მსმელები, მთამსვლელები და მოჩხუბრები არიან. მათში ხმელთაშუაზღვის თავშეუკავებლობა და სიმკვირცხლე, ასევე, მთიელის ენერგია და სიმტკიცეა გაერთიანებული. ქართველები საკუთარ რასას მიეკუთვნებიან, უძველესი ენითა და წეს-ჩვეულებებით.“

დიდი არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირის სულისშემხუთავი შებოჭილობისგან დაიხსნა თავი. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. ღვინო კვლავაც მშვენიერია, რასაც უნდა ელოდე კიდეც იმ ქვეყნისგან, რომელსაც მეღვინეობის 6000 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. როგორც ჩანს, ქართველებს დიდი რაოდენობით ღვინის დალევა შეუძლიათ. ზოგიერთის მტკიცებით, რიგიანი სადილის დროს, ისინი 2-3 ლიტრ ღვინოსაც კი მიირთმევენ.

საკვები საოცარია, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი დანაღმული ველია ადამიანისთვის, ვინც დიეტას იცავს, ან ვეგეტარიანელია.  

პოლიფონიური მუსიკა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ის ხმებში იშლება, თმას ყალყზე დაგიყენებთ, ხოლო მათი ტრადიციული ცეკვის ფონზე, შოტლანდიური ცეკვა ვალსს ემსგავსება. ეს ისეთი რამაა, რაც ალერსისა და მოფერების ნაცვლად, ტრავმებით უფრო დასრულდება, განსაკუთრებით „3 ლიტრიანი სადილის“ ბოლოსკენ.

დედაქალაქი, თბილისი, მომხიბლავი ქალაქია. ერთი მხრივ, საკმაოდ პატარა იმისთვის, რომ ფეხით მოიაროთ, მეორე მხრივ კი დიდი, რათა ცოცხალი ღამის ცხოვრება და რესტორნების განვითარებული ქსელი ჰქონდეს.

დედაქალაქს მიღმა, დათოვლილი კავკასიონის მთებამდე, მომხიბლავი პეიზაჟებია გადაჭიმულია.

ქუთაისში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ვიოლინოზე დამკვერლმა ისეთი მელანქოლიური მელოდიები მომიძღვნა, რომ ავტირდი.


კაცხის სვეტი. ფოტო: ლევან ნიორაძე

კაცხში ვნახე ბერი, რომელიც კლდის თავზე სახლობდა, როგორც სირიელი განდეგილი 1500 წლის წინ. შევამჩნიე როგორ ადიოდა კიბეზე, როგორ უფარფატებდა კაბის კალთები. მიწაზე მისი ყოველკვირეული ვიზიტის შემდეგ უკან ბრუნდებოდა.

ყაზბეგში, დარაბებდახურულ სახლში, შევხვდი ქალს, რომელმაც ოჯახის საგანძური - საუკუნის წინანდელი მოქარგული კაბა მაჩვენა. წინანდალში, ჭავჭავაძეების მამულში, ვიხილე მომხიბლავი ბიბლიოთეკა, სადაც ერთ დროს პუშკინი და ალექსანდრე დიუმა საუბრობდნენ.

გორში არის სახლი, სადაც სტალინი და მისი წყენა მწიფდებოდა.

ჩემი მოგზაურობის დროს, რეგულარულად ვისმენდი საოცარ ამბებს სვანეთის შესახებ. როგორც ამბობენ, კავკასიონის ძირში მდებარე სვანეთი - დაუმორჩილებელი და გარეშე მტერთან უკომპრომისოდ მებრძოლი მხარე, საქართველოს განსაკუთრებული ნაწილია, ადგილი, სადაც ტრადიციული კულტურა ჯერ კიდევ ყვავის. სვანეთი მშვენიერია, შორეულია, მომაჯადოებელია - ყველა ამას ამბობდა. ადგილობრივები - სვანები მხიარულები არიან. არასდროს იცი ჩამოსულ სტუმარს როგორ დახვდებიან - ნადიმს გაუმართავენ, თუ მიზანში ამოიღებენ. ზოგჯერ, ორივე ამბავი ხდება.

მძღოლთან და გიდთან ერთად ზუგდიდიდან სვანეთისკენ დავიძარი. გზა მთის ვიწრო ხეობებში გადიოდა, სადაც მზის სხივი იშვიათად აღწევდა. დროდადრო ავტომობილი კლდიდან მოწყვეტილ ლოდებს უვლიდა გვერდს. ჩვენს ქვემოთ, მდინარე ენგური მოედინებოდა. ცოტა ხნის წინ, თოვლს გზები 6 თვით ჰქონდა ჩაკეტილი და სვანეთი გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი.


სათიბები უშგულის თემში. ფოტო: Tony Hanmer

რამდენიმე საათის შემდეგ, გრძელი, სათიბი ველებითა და ნათელი, შემოდგომის ტყეებით შემოსაზღვრულები აღმოვჩნდით. ვაგონები და მარხილები სახლების ქვით ნაგებ კედლებთან ეწყო. ძროხები მძინარე მგზავრებივით ნელა დახეტიალობდნენ. გრძელ თეთრ მოსასხამებში გამოწყობილი მწყემსები ჩვენს სვლას აკვირდებოდნენ. შესახვევიდან გამოჩენილი ორი ცხენოსანი კი ღორებს მიერეკებოდა.

აქაურობას შუა საუკუნეების ეფექტს კოშკები სძენს. თუკი იტალიასა და საბერძნეთში რამდენიმე ასეთი კოშკიღაა შემორჩენილი, სვანეთში მათი რაოდენობა თითქმის 200-ს უტოლდება. როგორც ჩანს, თითოეულ სახლს საკუთარი კოშკი აქვს, რომელთაც, ქვის კედლებზე, მხოლოდ თავდაცვისთვის საჭირო ფანჯრის ნიში აქვთ ამოჭრილი. კოშკი თავდაცვითი ნაგებობა იყო, როგორც გარეშე დამყპრობლების, ასევე მეზობლებისგან თავდასაცავად. სვანეთი ვენდეტითა და მოსისხლეობითაა ცნობილი. ამის ფონზე სიცილია ჭირვეულ საბავშვო ბაღად მოჩანს.

თანამედროვე ეპოქამ, რომელმაც აქ დაახლოებით ათწლეულის წინ მოაღწია, უკანონობას წერტილი დაუსვა. სამართალდამცავთა ეფექტურმა ღონისძიებებმა ავაზაკობის ნარჩენები ალაგმა. ამ პროცესს კი ძალიან დაეხმარა სვანების მიერ იმის გაცნობიერება, რომ სტუმართმოყვარეობა დღესდღეობით ცხოვრების საუკეთესო გზაა. თუკი ვიზიტორს ოთახს მიაქირავებთ, ის, სავარაუდოდ, დაბრუნდება. ხოლო თუკი ადამიანს გაძარცვავთ, ის უკან აღარ ჩამოვა. ზოგიერთი ძველი დროის რომანტიკის დაკარგვას მისტირის, თუმცა, დღესდღეობით, სავარაუდოდ, სტოკჰოლმში უფრო გაგძარცვავენ, ვიდრე სვანეთში.

უშგულისკენ, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, ევროპის ყველაზე მაღლა მდებარე სოფელში წავედით. მოვიარეთ მიმდებარე სოფლები, ვივახშმეთ შემწვარი ცხვრის ხორცითა და შავი ღვინით.


ლამარია, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია უშგულში (IX-X სს.). ფოტო: Tony Hanmer

ლამარიას პატარა ეკლესიაც დავათვალირეთ. ტაძრის ნეფი კოტეჯის სამზარეულოს ზომისა თუ იქნებოდა. მრევლი შედგებოდა ორი შავად შემოსილი ბერისგან, ერთი გამვლელისგან, რომელმაც მასწავლა თუ როგორ და როდის გადამეწერა პირჯვარი სწორად და ჩემგან. აქვე, ქვის სკამზე ჭრელი კატა იყო შემოსკუპებული. როცა წითელ სამოსელში გამოწყობილი მღვდელი ფარდის უკან გაუჩინარდა, რათა ჩვენთვის ელოცა, ერთ-ერთმა ბერმა საოცარი სისწრაფით დაიწყო ფსალმუნის კითხვა.

უკან, ცივილიზაციისაკენ მიმავალ გზაზე, კიდევ ერთხელ შევჩერდით ბუთულისა და თამარას ჯიხურთან. ისე შეგვხვდნენ, როგორც ძველ მეგობრებს. მუქი, მღვრიე ყავის ჭიქებით ხელში, შიგნით, სკამზე დავსხედით. თამარა ჯერ კიდევ იმედოვნებდა, რომ გვანცასთან რამეს გახდებოდა.

„ჩვენ სულ ხომ არ ვიქნებით?“, - მხიარულად თქვა მან. „როცა წავალთ, ჩვენი სახლი ჩვენს ბიჭს დარჩება. სამი ოთახი და მშრალი ადგილი ღორებისთვის“.

„შეხედეთ, რამდენი წლისაა“, - იხუმრა 81 წლის ბუთულიმ. „მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ის ძალიან მოხუცდა. დააკვირდით მის ნაოჭებს. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვრჩები მასთან, რომ მეცოდება.“

თამარამ მეუღლეს ხელი ჰკრა, სანამ ბუთული სკამის ბოლოსკენ გაცლას მოასწრებდა.

მოგვიანებით, როდესაც მისი მეუღლე საქმით იყო დაკავებული, გარეთ გამოსულ ბუთულის ვკითხე, რა იყო ასეთი ხანგრძლივი ქორწინების საიდუმლო.

მხრები აიჩეჩა.

„მარტივია, თამარა მას შემდეგ მიყვარს, რაც პირველად დავინახე 16 წლისა, უშგულში. მოტაცება აღარ დამჭირდა.“

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში