საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შაბათი, 16 დეკემბერი 2017

„ბებერსაც უნდა ჭამა, სმა და არსებობა“ - 90 წლის თეკლე ბადრიშვილის ვიდეობლოგი

14:07 - 03 ნოემბერი 2017 hits 7977

- თქვენ რომელი არხი ხართ?

- მთის ამბები.

- მთის ამბები? ეგ ახალია რაღაცა, მე არ გამიგია და მთიელები ხართ? ღმერთმა ჯანმრთელები გამყოფოთ. აბა, ცოტა გავიპრანჭ-გამოვიპრანჭო...

თმას ისწორებს და იწყებს. იწყებს თავიდან, - „მე აქ დავიბადე შვილო, მაისში 90 წელი შემისრულდება. ოცი წლისა რომ გავხდი, გავთხოვდი და ერთი წელიც ვერ დავჰყავი ქმრის სახლში. წამოვედი და ქმარიც აქ წამოვიყვანე. მალე გავცილდი ქმარსა... რა ვიცი, ძაან ამაყი ვიყავ, თამამი და უხეში. მას მერე შუაფხოში ვარ. 2 ვაჟი გავზარდე, 4 შვილიშვილი მყავს და 3 შვილთაშვილი. 3 წელია რაც ჩემი უმცროსი ბიჭი აქედან წავიდა, თორემ ისიც აქ იყო“.

რაც დაიბადა, მას შემდეგ შუაფხოშია. სულ ორჯერ დატოვა სოფელი - ერთხელ, ახალგაზრდობაში, როცა გათხოვდა, მეორედ კი გასულ ზამთარს, როდესაც თავი ცუდად იგრძნო, „ე მანდ მარტოობაში არ მოვკვდეო“ იფიქრა და სოფელ თვალივში წავიდა შვილთან, გამოსაზამთრებლად.

„სამი თვე ვიყავი ჩემს შვილთან და ფუტკარს აღარ მაძლევენ, მუდმივად აქ არა ხარო. მთის ხალხს ჩუქნიან ფუტკარსა და მე არ მაძლევენ. რატომ წახვედიო, აღარ გერგებაო...“, შარშან ფულები მოგვცეს 200 მანეთი, წელსაც უნდა დაარიგონ, მარა მე სიიდან ამამიღეს როგორც ბებერი, მაგრამ ბებერსაც უნდა ჭამაც, სმაც და არსებობაც. რო დაბერდებიან, მერე მამიგონებენ და გვიან იქნება“-  ცოტა ხნით ისვენებს და ამატებს, - „ჯანდაბას, როგორც მიცხოვრია, ისევ ისე ვიცხოვრებ“.

შრომაში ცხოვრობს. როდესაც შუაფხოში თეკლა ბებო ვიკითხეთ, სოფლის თავში, ფერდობზე, კაკლის ხეებისკენ მიგვასწავლეს, იქ იპოვითო. დადიოდა და კაკალს აგროვებდა, ფერდობზე ხელებს იხმარდა ასასვლელად, შემოდგომის გამომშრალ ფოთლებზე ფეხი რომ არ დასცდენოდა.

„რისთვის ვაგროვებ? შვილები, შვილიშვილები, ვიღაცა მამივა ნათესავი იმას გავატან, მე თვითონაც მოვიხმარებ. ეხლა მე ყოველ წელს ერთ ვედრა ერბოს, ყველს, კაკალს ყველაფერს ვინახავ, რო მოვკვდები, არ დაღონდნენ ჩემი შვილები, ხარჯი ხო მინდა. აი, მაგისთვის ვაგროვებ კაკალს. მიქელგაბრიელმა მომიკაკუნა მე მგონი უკვე. 90 წელი ცოტა არ არი შვილო, მაგრამ ვერ გავჩერდები, ხო უნდა იმოძრაო რაღაცა შეჰქმნა, რაღაცა იშოვო. აი, ჭრიჭინა და ჭიანჭველა ხო მოგიყე“, - როდესაც ეკითხებიან ამ სიბერეში ამდენს როგორ შრომობო, იმ ჭრიჭინას ამბის მოყოლას იწყებს, ზამთრისპირს ჭიანჭველას რომ მიადგა, გამომკვებეო.

გვიყვება, რომ განსაკუთრებით ზამთარში უჭირთ იქაურებს. -20 გრადუსიან ყინვაში ადამიანის ყოფნაც რთულია და საქონლის მოვლაცო. ამიტომაც მიჰყავთ საქონელი ბარში რომ იქ გამოაზამთრონ და გამოკვებონ. თეკლა ბებოს აზრით, მეტი ხელშეწყობა სჭირდება მთის ხალხს: სკოლები, ექიმები, ხიდები, გზები, დახმარება - „გზები, ნაპირსამაგრები უნდა გააკეთონ, გადასახადი არ უნდა გადაახდევინონ. წამოიწიოს ხალხმა ძროხით, ცხვრით და მერე შეაწერონ ის გადასახადი, თუ აუცილებელია“.

დღევანდელ მთავრობას მაინც არ ემდურის, არჩევნებზეც დადის, ახლა, ოქტომბერშიც იყო.

„ყველა სოფელი ცოცხალი იყო ჩემს ბავშვობაში, რაც კი სოფლები იყო ფშავში. ახლა ბევრია დაცლილი. ჭიჩოში ერთადერთი კაცი ცხოვრობს, უძილაურთაში აღარავინ არის, არც ახადში, ბევრი სოფელი დაიცალა შვილო, ბევრი...“

60 კომლს უცხოვრია შუაფხოში მაშინ, თუმცა აღარც ხეობა და სოფელია ისეთი, როგორიც მის ბავშვობაში.

თავის ცხოვრებაზე ბევრს არ ლაპარაკობს. უკანაფშავის ხევისბერის შვილია და როგორც კი მამაზე ვთხოვთ საუბარს, სახე უნათდება. „ბებოჩემი იტყოდა ხოლმე, რომ დაიბადა, სინათლის სვეტი დასდგომია მამაჩემს, ღმერთს სხვანაირად ჰყავდაო მონიშნული“.

105 წლამდე უცოცხლია. 100 წლისა კიდევ ხევისბერობდაო, ამბობს და სიამაყით იხსენებს, როგორ სცემდნენ პატივს სოფელსა და მთელ ხეობაში. გულდაწყვეტით ამბობს, რომ დღეს ისე აღარაა ხეობაში აღარც ხევისბერობა და აღარც სხვა ძველი ტრადიციები. „ამათ არ იციან და ჰგონიათ ეგ არიო რა. ასრულებენ რა, ისე ვერა როგორც ისინი, მარა. უდედობას დედინაცვალიო, უხევისბრობას ხო მაინც სჯობია. ცდილობენ მაინც, ხატში მიდიან, საკლავს ხოცავენ, ყმებად აბარებენ შვილებს, შვილიშვილებს. სანამ ფშავი იარსებებს, ეგ არ გაუქმდება. მთაწმინდის წვერის ანგელოზია იქ, მთავარანგელოზი. ამასწინათ, ვიღაც იყო სიონიდან მოსული. ბებო, მასწავლე როგორ მივიდე, კურატი უნდა ავიყვანო და დავკლაო. იქ წვერზე უნდა აიყვანონ კურატი, დაკლან და დალოცონ ვაჟი, მარტო ვაჟი და გოგო არა. ქალზე მარტო ქადას გასჭრიან.

ვთქვა ხატში როგორ ილოცებოდნენ ადრე?

დიდება შენდა ღმერთო, მაღალო ცათა სწორო, ხმელეთის ბადალო ქრისტეო და ღმერთო დასწერე ჯვარი, ანთებულ სანთელს დადგმულ ჭიქა-ბარძიმს, დაჭვრეთილ სეფეს, ვინც დედამიწა დაარსა, ცა სარგვლად დაჰხურა, მზე მთვარე მოჰფინა, ღვთისშვილი აკურთხა ღვთისშვილადა და ჩვენ მოსამსახურენი ჩაგვაბარა მოსამსახურედა. გეხვეწებით, გევედრებით, გახვეწებთ ჩემ თავს, ჩემ შვილბოლოს, აი ამ გორზე შემომხტარ ყველა მლოცავს მიეცით ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ჭკუა-გონება, ბედ-იღბალი, ნურც ენიანთ ენას მორევთ, ნურც დავლათიან დავლათს, და მტერი მტერზე გადაუგდეთ, მწარე სიკვდილი მუხანათზე, დალოცვილო გეხვეწები და გევედრები“.

ამ ფშავური დალოცვით გვაცილებს, მადლობა, რომ მოხვედით და გამართეთ ბებერი ქალიო და დარიგებასაც გვატანს „და კიდევ გეტყვით, შვილო, დედამიწამ ნამუსს უთხრა, ჩემზე მძიმე შენა ხარო. დედამიწაზე მძიმეა ნამუსი... ნამუსით იცხოვრეთ, სიკეთე რჩება ამქვეყნად მარტო“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში