საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018

თუშეთიდან ავადმყოფის გადმოყვანა ვერ ხერხდება, ხალხი ზვავებს შორის არის ჩარჩენილი

22:51 - 04 ოქტომბერი 2017 hits 14281

თუშეთში, სოფელ ომალოში, მურმან იჭირაულის საოჯახო სასტუმროში დაბინავებულ ერთ-ერთ სტუმარს, 47 წლის მამაკაცს, მეორე დღეა ფარული სისხლდენა აქვს, თუმცა გაუწმენდავი გზის გამო ავადმყოფის სტაციონარში გადმოყვანა ვერ ხერხდება. თუშეთის გზაზე, საუღელტეხილო მონაკვეთზე ზვავებს შორის არის ჩარჩენილი 2 ადამიანი. იმის გამო, რომ გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელმა კომპანიამ გაწმენდითი სამუშაოები დროულად არ დაიწყო, გზაზე ჩარჩენილებს მთელი ღამის გათევა ავტომობილში მოუწევთ. უღელტეხილთან -4 გრადუსი ყინვაა.

„დღეს რადგან თოვდა, ახმეტის გამგეობასთან შევთანხმდით, რომ დაველოდებოდით ამინდის გამოსვლას და გზის გაწმენდას ამის შემდეგ დავიწყებდით“.

ვიღაცამ იცოდა, რომ გზა დაკეტილი იყო და ძალიან თოვდა, მაგრამ მაინც წავიდა და ჩარჩა აბანოებთან“, - განუცხადა თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის შპს „გერალის“ წარმომადგენელმა ტარიელ წიკლაურმა „მთის ამბებს“.

მისივე თქმით, უღელტეხილზე თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. „თოვა საღამოს ხუთი საათისთვის შეწყდა და მაშინვე წავიდა ტრაქტორი, მაგრამ რომ დაღამდა, ვეღარ ხედავენ. ისეთი ნისლია, გზაც არ ჩანს, თორემ ტრაქტორისტები იქ არიან და ახლავე გაწმენდდნენ. სამუშაოებს დილითვე დაიწყებენ და გზა შუადღისთვის გახსნილი იქნება. ერთი მეტრი თოვლი ტრაქტორისთვის არაფერია. ზვავი ჩამოსულია ბოთლის წყაროსთან. დიდი ზვავი არ არის. მაგის იქით რა ხდება, არ ვიცით. ამ ადგილას ყოველ წელს ზვავებია“, – განაცხადა ტარიელ წიკლაურმა.

თუშეთის გზაზე, ე.წ. ბოთლის წყაროსთან ჩარჩენილები, ლევან სულაკაური და მისი მეგობარი არიან. ლევანი სოფელ ომალოში სასტუმროს აშენებს. ის დღეს თუშეთში მიდიოდა, თუმცა ვიდრე უღელტეხილამდე მივიდოდნენ, გზაზე მცირე ზვავი იყო ჩამოსული და მოძრაობა ვეღარ გააგრძელეს. უკან დაბრუნდნენ, თუმცა მობრუნების შემდეგ თორღვას აბანოს მიმართულებითაც თოვლი ჩამოიშალა და გზა ორივე მხრიდან ჩაიკეტა. დაღამებამდე, თითქმის 4-5 საათის განმავლობაში გზის გაწმენდას ითხოვდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

ლევანი უარყოფს „გერალის“ წარმომადგენლის ინფორმაციას, რომ თუშეთის გზაზე დღეს საღამომდე გადაუღებლად თოვდა და რომ თოვლის საფარი უღელტეხილზე 1 მეტრს აღწევს:

„მაქსიმუმ 30-40 სანტიმეტრზეა თოვლი. „გერალი“ გზების დეპარტამენტს ატყუებს, გზების დეპარტამენტი ჩვენ. გზა ვერ გაწმინდეს და დავრჩით ასე ზვავებს შორის. წასასვლელი არსაით გვაქვს. მთელი ღამის გათენება აქ მოგვიწევს. იმედი მაქვს, უსაფრთხოდ“.

ჩვენი ინფორმაციით, ლევან სულაკაურის და მისი თანმხლები პირის გარდა, თუშეთის გზაზე კიდევ რამდენიმე მგზავრია ჩარჩენილი. მათთან ტელეფონით დაკავშირება ვერ ხერხდება, რადგან უმეტეს ადგილას სატელეფონო კავშირი არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, თუშეთიდან მაღალი გამავლობის მანქანით, იაპონიის ერთ-ერთი მოქალაქე, ტურისტი გადმოჰყავდათ, რომელსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ უღელტეხილს აქეთ, მძღოლმა გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და უკან მიბრუნდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თუშეთი 30 სექტემბერს დატოვა, მომავალი წლის ტურისტული სეზონის გახსნამდე. ახლა თუშეთში მყოფი ადამიანები პირველადი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში თუშეთის ერთადერთი ექიმის, 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძის იმედზე არიან. ექიმი თუშეთის სოფლებში ცხენით გადაადგილდება.

ირაკლი ხვედაგურიძის თქმით, მისთვის არავის მიუმართავს უცხოელი ტურისტისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, თუმცა ქვემო ომალოში, სასტუმროში დაბინავებულ ერთ-ერთ პირს, 47 წლის მამაკაცს სტაციონარში სასწრაფოდ გადაყვანა სჭირდება. „მას ფარული სისხლდენა აქვს. ახლა იქ ჩვენი ექთანია. მე პირიქითში ვიყავი, ადგილობრივს დახმარება სჭირდებოდა. მირგველაში შემომაღამდა და აქ გავჩერდი. ომალოში მყოფი ავადმყოფის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც ინფორმირებულია და კახეთის გუბერნატორიც. მას საავადმყოფოში გადაყვანა სჭირდება, მაგრამ ვერ გადაჰყავთ, გზა არ არის. უნდა გაეწმინდათ, მაგრამ არ გაწმინდეს. ადგილზე რისი საშუალებაც გვაქვს, ყველაფერს ვაკეთებთ“, - აღნიშნა თუშეთის ექიმმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დღეს საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე დასაქმებულმა მუშებმა „მთის ამბებს“ უთხრეს, რომ გზა დღეს საწვავის არქონის გამო ვერ გაწმინდეს. კომპანია „გერალის“ წარმომადგენელი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. აღნიშნულ კომპანიას ტენდერში გამარჯვების შედეგად ბიუჯეტიდან 1 236 791 ლარი აქვს გამოყოფილი იმისთვის, რომ 2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით თუშეთის გზას მოუაროს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

რეკლამა

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში