საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017

დათვი არ გეგონოთ, არაფერი მესროლოთ, მენა ვარ მეთქი, მენა – მაყვალა წიკლაური წკერედან

13:51 - 08 სექტემბერი 2017 hits 5361

გასულ ზამთარს ზვავს გადაურჩა - „პროვოლკა“, ტომარა და ქურთუკი ერთმანეთს გადააბა, ნახევრადჩამონგრეული სახლის ფანჯრიდან გადმოკიდა და ისე გამოაღწია სამშვიდობოს. გაუმართლა, რომ თოვლმა სათავსოს კედელი არ დაანგრია და თავადაც ქვეშ არ მოიყოლა. ეშინია, რომ მოსავლელად მიბარებული საქონელი მგელმა არ შეუჭამოს - მტაცებლის დაფრთხობას ჯოხითა და ხმამაღალი შეძახილებით ცდილობს. ასე, ბუნებრივი მოვლენებისა და მტაცებელი ცხოველების შიშით ცხოვრობს მაყვალა წიკლაური, სოფელ წკერეს ორი მუდმივი მცხოვრებიდან ერთ-ერთი.

55 წლისაა და ყველაზე მეტად ზამთრისა ეშინია - გზა 7-8 თვით იკეტება, ექიმი რომ დასჭირდეს ვერც მანქანა მოაღწევს და ვერც ადამიანი; მეუღლე უმეტესად დროებით სამუშაოებზეა წასული; სოფელი კი ცარიელია - 83 წლის „მეზობლის ქალს“ თუ არ ჩავთვლით, თუმცა ზვავთან და მტაცებელ ცხოველებთან ანიჩკა ბებო აბა რას გახდება?!

მცირე შემოსავალი აქვს. სახელმწიფოსგან დახმარებას იღებს და ამ 100 ლარით შვილის ოჯახს ეხმარება. მიბარებულ საქონელს უვლის, სანაცვლოდ მცირედით ეხმარებიან. ფქვილი ვალად აქვს აღებული.

მთელი დღე გარეთა ვარ და სულ ტირილით დავდივარ. დილით რო გავდივარ სახლიდან, სულ იმასა ვფიქრობ, საღამოთი თუ კიდე შავაღებ იმ სახლის კარებს და შავალ. ან ზვავი მამკლავს, ან მგელი შამჭამს, ან წავიქცევი სადმე და ამამძვრება სული. ერთი ოთახი, ან ცოტა ფული, ან ცოტა ადგილი რა გაუჭირდა მთავრობას რო ზამთარში აქედან წავიდე!“

ყველაზე მძიმე გასული ზამთარი აღმოჩნდა. სათავსოში თივის ჩამოსატანად ასულს ზვავმა მიუსწრო. კარი დაითოვლა და 55 წლის ასაკში „პროვოლკების“, ტომრებისა და საკუთარი ქურთუკისგან შეკოწიწებული „თოკით“ ფანჯრიდან გამოაღწია - ეხლა მე რო ცოცხალი ვარ, სულ სიზმარში მგონია თავი.“

იხსენებს, რომ ზვავის საშიშროების გამო წლების წინ მისი მეზობლები გაასახლეს - ზოგს დუშეთში მისცეს სახლი, ზოგს კობიანთკარში. მაყვალა წიკლაურის ოჯახმა სახლის მიღება ვერც „წინათ“ მოახერხა და ახლაც, წლების შემდეგ, უიმედოდ ითხოვს დახმარებას - საცხოვრებელ ვაგონს, ან პატარა სახლს, ან მცირე თანხას, თუნდაც „ალაგს“, რომ ზამთრობით ზვავსაშიში ზონიდან გააღწიოს, „თორემ, აბა, ამინდისას რას გაიგებს კაცი!“

შარშან, ქუცნაშვილი რო ამოვიდა არჩევნებისთვინა, პირადად ვუთხარ, იქნება რაიმეთი დამეხმაროთ მეთქი. თავიდან მითხრა, რო რაღაცას გავაკეთებთო. მეორედაც ამოვიდნენ, მაშინ მითხრა, ეხლა ისეთი დროა, ვაგონში როგორ უნდა იცხოვროო. ქირას გადაგიხდიო, აღარ დარჩე მანდაო. მე ვუთხარ, რო მამატყუოთ, მერე გზაში უნდა დავრჩე, ისივ დავრჩები, ჩემ სახლში მოვკვდები მეთქი. ეგ თქმა იყო მაგათი და მეტი არაფერი.“

ამ გაზაფხულს, სახელმწიფო ბიუროკრატიის ლაბირინთის გავლით იუსტიციის სახლს მიადგა, სადაც უთხრეს, რომ თუკი ზვავმა სახლი არ დაანგრია, „განცხადებას არა ვწერთო“. ვუთხარ, საძროხე დაანგრივა, კალო - დაანგრივა და სახლი რო დაენგრივა, მეც მავკვდებოდი. სახლი არ დაუნგრევია, მაგრამ როცა დაანგრევს, მერე რაღა გამოვა, სანამ დაანგრევს და მამკლავს, მანამდე მიშველეთ მეთქი.“

„გაიმარჯვა“ და 12 ივნისს განცხადებაც დააწერინეს. ამ განცხადების საფუძველზე, სიტუაციის ადგილზე შესასწავლად, ერთ თვეში წკერეში გეოლოგების ჯგუფი უნდა ჩასულიყო. ვუცდი ამ გეოლოგებსა და რავი, არ მოსულან. არ უნდა მოვიდნენ, თუ მოვლენ, ეგ ვეღარ ვიცი და ან სად უნდა მივიდე, ვეღარც ეგ“.

სხვადასხვა პრობლემას მტაცებელი ცხოველის თავდასხმის შიშიც ემატება - მიბარებული საქონელს რამე რომ დაემართოს, ისიც მისი გადასახდელი გახდება. მგლები ერთხელ უკვე დააფრთხო - თავადაც დამფრთხალმა, ჯოხის ქნევითა და ხმამაღალი მუქარით - ეხლა კი მოგკლამ, მგელი ხარ თუ დათვი ხარ, ეხლა კი მოგკლამ მეთქი. თან მეშინიან, კანკალი გამაქ და თან ჩხუბით მოვდივარ.“

სუ შიშში ვარ. ეგე, მთაზე მოთხილამურეები გადმოდიოდნენ და დავიწყე კივილი - დათვი არ გეგონოთ და არაფერი მესროლოთ, მენა ვარ, მეთქი, მენა. აბა რა იცოდნენ, ვინ ვიყავ. ჩაბნელებულია აქაობა, არც გზა, არც არაფერი და ალბათ იფიქრებდნენ, ეს ნამდვილად დათვი იქნება, აბა აქ რა უნდა ადამიანსაო. ასეთ შავ დღეში ვარ შვილებო. რატო არ უნდა მეღირსოს მიწა, რატო მაინცდამაინც მგელმა უნდა შამჭამოს მკვდარი?!“

წკერე, რომელსაც მაყვალა წიკლაური და ანიჩკა ბექაური არ ანებებენ დაცლას, ხადას ხეობის ბოლო სოფელია. 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, აქ 40 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს კი - 3.

წკერეს მსგავსად, ხადას ხეობის სოფლები: მუღურე, ქოროღო, ბენიან-ბეგონი, იუხო, როსტიანი და შარმანი თითქმის დაცარიელდა. დღესდღეობით, მთელ ხეობაში მუდმივად მხოლოდ 6-7 ოჯახი თუ ცხოვრობს.

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: Cheishvilig@gmail.com

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში