საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შაბათი, 18 ნოემბერი 2017

ნაზი ბუჩუკური უკანაფშავიდან - ზაფხულში მაინც ხომ შეიძლება გზა მქონდეს, ზამთარს არ ვჩივი

20:45 - 30 აგვისტო 2017 hits 1572

63 წლის ნაზი ბუჩუკური უკანაფშავში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალახევში ცხოვრობს. ის ამ სოფლის ერთადერთი მკვიდრია. ჩალახევამდე სამანქანო გზას მდინარე არაგვი რამდენიმე ადგილას კვეთს. წელიწადში 5 თვე, ნოემბრიდან აპრილამდე გზა ჩაკეტილია და გადაადგილება მხოლოდ ცხენით ან ფეხით არის შესაძლებელი. ჩალახევიდან შუაფხომდე, რომელიც უკანაფშავის ადმინისტრაციული ცენტრია, 14 კილომეტრია.

„ცხენით წავედი და წყალში დავწექი. ჩვენმა რწმუნებულმა, ყოჩაღი ქალი ყოფილხარო. რა მინდა, ბაყაყი ვარ, წყალში ვიხტუნაო? 2 წელია რაც თემის გამგებელი მე აქ არ მინახავს.

ერთხელ ხომ უნდა დაგაინტერესოს, იქნებ რამე დაგვემართა. გადმოდი რა, გადმოგვხედე, რა ბევრი ხალხი აქა ვყევართ. კაციშვილი ჩვენი კარის შემომღები არ არის, რომ როგორ ხართ, რა გიჭირთ“, - უთხრა ნაზი ბუჩუკურმა „მთის ამბებს“.

ჩვენი გადამღები ჯგუფი უკანაფშავის სოფლებში - ჩალახევსა და ელიაგზაში რეპორტაჟის მოსამზადებლად მიდიოდა, მაგრამ ვაკისოფელს იქით, ვიდრე ჩალახევამდე მივიდოდით, იმ ადგილას, სადაც სამანქანო გზას მდინარე არაგვი მეორედ კვეთს, ავტომობილს გადაბრუნების საფრთხე შეექმნა.

უკანაფშავის სოფლებში არც სატელეფონო კავშირია. სამაშველო სამსახურისთვის რომ მიგვემართა, ნაზი ბუჩუკურს მაგთიფიქსის ტელეფონი ვეთხოვეთ, მთის წვერზე ავედით და 112-ზე, გაჭირვებით, იქიდან დავრეკეთ. მობილურით დარეკვა მთის წვერიდანაც შეუძლებელია.

დუშეთიდან ჩალახევამდე დაახლოებით 2.5 - 3 საათის სავალია. ვიდრე მაშველები მოვიდოდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დასახმარებლად მესაზღვრეები გამოგზავნა სოფელ ბარისახოდან, რომელიც ჩალახევიდან დაახლოებით 25 კილომეტრით არის დაშორებული და თითქმის 1 საათის სავალია.

მესაზღვრეების მოსვლამდე ავტომობილის საბარგული ქვებით დავტვირთეთ, გადამღები ჯგუფის წევრები მანქანას ამოვუდექით, გადაბრუნებას გადავარჩინეთ და მდინარიდანაც გამოვიყვანეთ. 

„უპირველესი პრობლემა არის გზა და სატელეფონო ხაზი. ყველა გარბის აქედან. აი, ახლა 4 ადამიანი ვიცი, უგზოობით შეწუხებულები, დაზამთრებამდე აპირებენ წასვლას. ვინღა დარჩება? ზაფხულში მაინც ხომ შეიძლება გზა მქონდეს, მაგას ვდაობ, თორემ ზამთარს არ ვჩივი“, - ამბობს ნაზი ბუჩუკური და იხსენებს, რომ ერთი წლის წინ, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა: „ლაშარის ძირს აქეთ მანქანით ვეღარ წამოვიდნენ. ფეხით ამოვიდნენ და წყალში ჩავარდნილან. სულ სველები იყვნენ. ისინი მე როგორ გამიყვანდნენ აქედან, ნეტა თვითონ გასულიყვნენ მშვიდობით. დავრჩი ბოლოს სოფელში და ჩემი ხელით გამზადებული წამლებით მოვირჩინე თავი“.

ბოლო 20 წლის განმავლობაში უკანაფშავის 23 სოფლიდან 11 გაუკაცრიელდა. დარჩენილი სოფლების უმეტესობაშიც ხალხი მხოლოდ ზაფხულობით ადის. ოფიციალური ინფორმაციით, უკანაფშავის 13 სოფელში 143 ადამიანი ცხოვრობს. 53 ადამიანია რეგისტრირებული სოფელ თხილიანაში, 35 - შუაფხოში, 15 - უძილაურთაში და 13 - მუქოში. დანარჩენ სოფლებში - ბინდაურთაში, გოგოლაურთაში, მათურაში, უკანაფშავში (ვაკისოფელი, ჩალახევი, ელიაგზა), ცაბაურთაში, ჭიჩოსა და ხოშარაში ერთი ან რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. ახადი და ბეტისჩრდილი კი ნასოფლარებად იქცა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში