საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დაბა სტეფანწმინდაში „ნორჩ მკითხველთა კლუბი“ იხსნება

12:38 - 05 აგვისტო 2017 hits 1416

დაბა სტეფანწმინდაში დღეს „ნორჩ მკითხველთა კლუბი“ იხსნება. სივრცე 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის შექმნილი. აქ მათ წიგნების კითხვის, ხატვის და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის საშუალება ექნებათ.

„ნორჩ მკითხველთა კლუბის“ პრეზენტაციის ფარგლებში წიგნის ფესტივალი და ყაზბეგის რაიონში მცხოვრები ბავშვების ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ასევე, წარმოდგენას გამართავს თბილისის თოჯინების სახლემწიფო თეატრი. ღონისძიებები, რომელშიც დაახლოებით 50 ბავშვი მიიღებს აქტიურ მონაწილებას, მუსიკალური ელემენტებითაც გაფორმდება.

აქტივობები 15 საათზე, დაბა სტეფანწმინდას ცენტრში დაიწყება და შემდეგ ცენტრალურ პარკში გადაინაცვლებს.

„ნორჩ მკითხველთა კლუბი“ არაფორმალური განათლების ცენტრის „ხევის მომავალი“-ს პროექტია, რომელიც „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. კლუბისთვის წიგნების ნაწილი მოგებული პროექტის, ნაწილი კი საკუთარი სახსრებით - განვადებით შეიძინეს. დღეისათვის ახალგაზრდებს 4000 ლარის ღირებულების 400-მდე წიგნზე მიუწვდებათ ხელი.

„ხევის მომავალი“ მასწავლებელთა იმ ჯგუფმა შექმნა, რომელთაც სურთ, რომ რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს არაფორმალურ განათლებაზეც მიუწვდებოდეთ ხელი. ორგანიზაციას გადამზადების პატარა ცენტრი აქვს, სადაც ათი მასწავლებელი სხვადასხვა საგანში ამზადებს მოსწავლეებს. მიღებული თანხა იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ ელექტროენერგიისა და ინტერნეტს გადასახადებს თუ ფარავს. სხვა ხარჯებს საკუთარი და მეგობრების დაფინანსებით ისტუმრებენ.

„ხევის მომავალს“ ჩვენი საკუთარი თანხებით ვაცოცხლებთ. იმედი გვაქვს, ოდესმე ვინმე მიხვდება, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ და გვერდში დაგვიდგება“.

როგორც ამბობენ, „ნორჩ მკითხველთა კლუბის“ პრეზენტაცია პირველი ფართომასშტაბიანი ინტელექტუალური ღონისძიებაა ყაზბეგში და სურთ, რომ ის ყოველწლიურად ჩატარდეს.

„ბავშვის განვითარება და სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავება სწორედ ამ ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობით ხდება. ეს თუ არ იქნება, ბუნებით ისედაც ჩაკეტილი ხალხი ვართ და უფრო ჩავიკეტებით. ურთიერთობებიც ძალიან გაგვიჭირდება“, - აღნიშნავს „ხევის მომავლის“ დირექტორი, ნაზი ჩოფიკაშვილი.

მისივე თქმით, ახალგაზრდები მთას, ძირითადად, არაფორმალური განათლების მიღების შეუძლებლობის გამო ტოვებენ. პასუხისმგებელ პირებს კი რატომღაც გონიათ, რომ არაფორმალური განათლება ფანდურზე ერთი-ორი სიმღერის სწავლებაა.

„ნორჩ მკითხველთა კლუბი“-ს პრეზენტაცია დაახლოებით 4500 ლარი დაჯდა. ნაზი ჩოფიკაშვილის განცხადებით, 3000 ლარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა გამოყო. ამ თანხიდან 1000 ლარი მაისურების დამზადებაზე, 1000 - თოჯინების თატრის მოწვევაზე, 1000 კი სტუმრების გამასპინძლებაზე დაიხარჯება. 1500 ლარი თავად დაამატა. ეს ფული წიგნის სანიშნების ბეჭდვაზე, ტრანსპორტირებასა და სახატავი მასალების შეძენაზე წავიდა. ნორმალური გამოფენის მოწყობა სურდა, ბავშვებს კი იმის საშუალება არ ჰქონდათ, რომ საღებავები და ფუნჯები თავად შეეძინათ.

„მუნიციპალიტეტში მითხრეს, თქვენნაირი ორგანიზაციები წინადადებებით წინასწარ უნდა შემოვიდნენ ბიუჯეტის დამტკიცების დროს და იმ თანხას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დაგჭირდებათ, ბიუჯეტში შევიტანთო. მე ვერც ბიუჯეტის შედგენაში ვერკვევი და ვერც დამტკიცებაში, მაგრამ ნუთუ არ შეიძლებოდა რაიმე სამართლებრივი გზის პოვნა იმისთვის, რომ ამ ბავშვების გასახარებლად 5000 ლარი მოძიებულიყო?“

„ხევის მომავლის“ წევრებს სურთ, რომ კულტურულ-საგანმანათლებლო ტიპის აქტივობებს სისტემატური ხასიათი ჰქონდეს. მომავალ წელს ფესტივალის ჩატარებას ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმში გეგმავენ. წელს ეს შეუძლებელი იყო - სახლ-მუზეუმში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება არაფორმალური განათლების ცენტრის სხვა აქტივობებს; დიდი წვალების შედეგად საკონფერენციო დარბაზი და კომპიუტერული კაბინეტი გახსნეს. კომაროვის სკოლასთან ხელშეკრულება გააფორმეს და სტეფანწმინდაში ახლა საშაბათო სკოლა აქვთ, სადაც 35 ბავშვი, შეღავათიან ფასად (40 ლარი თვეში) ლოგიკურ აზროვნებაში, ლოგიკურ მათემატიკასა და ლოგიკურ ფიზიკაში ემზადება. მათ, ისევე, როგორც სხვა აქტივობებში ჩართული ბავშვების ტრანსპორტირებას - „ხევის მომავალი“ აფინანსებს.

ღონისძიებებისთვის შენობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან იქირავეს. იჯარა წლიურად 3000 ლარი უჯდებათ, რაც, როგორც ამბობენ, მათთვის საკმაოდ დიდი თანხაა.

„3 წელია ვარსებობთ და ძალიან ვწვალობთ. გაზის ფულმა ცალკე დაგვახრჩო, იჯარა ცალკე გვიჭერს. ჩემი თუ არ გჯერათ, ბავშვებს ჰკითხეთ, აქამდე, ამხელა ყაზბეგში ახალგაზრდების შეკრების ერთი ადგილიც კი არ არსებობდა. ჩვენი შენობა მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ბრძოლა მოგვიწია, რადგან მას დიდი ფულის მქონე არაერთი ადამიანი უმიზნებდა - მორიგი სასტუმროს, ან რესტორნის გასახსნელად. მუნიციპალიტეტში გვითხრეს, არასამთავრობო ხართ და შენობას უფასოდ ვერ დაგითმობთო. რა ვიცი აბა. ვიღაცეები კბილებს ილესავენ, იქნება ამ ნაზის მობეზრდეს ამდენი წვალება, წავიდეს და ჩვენ იქ სხვა რამეს გავხსნითო“, - აღნიშნავს ნაზი ჩოფიკაშვილი.

ნაზი ჩოფიკაშვილი 48 წლისაა. თბილისში დაიბადა, თუმცა მოხევეა და 2000 წელს ყაზბეგში დაბრუნდა. გიმნაზია-პანსიონის მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლის. კითხვაზე, როგორ ფარავს ამდენ ხარჯს, გვპასუხობს, რომ რეპეტიტორია - ბავშვებს უნარებსა და მათემატიკაში ამზადებს, მიღებული თანხის ნაწილს კი არაფორმალური განათლების ცენტრისთვის იყენებს.  

ახალგაზრდების სურვილიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში, ჭადრაკის წრის გახსნა სურს. ამ საკითხზე ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებსაც ესაუბრა და გაარკვია, რომ შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე მასწავლებლის დაფინანსების პრობლემა აქვს.

მომავალს იმედიანად უყურებს და სჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გონებისა და ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული აქტივობების დაფინანსებაში დაეხმარებიან.

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში