საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშეთის გზა გაიხსნა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:32 - 12 ივნისი 2017 hits 5430

თუშეთთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნა. დღეს თუშეთიდან ბარში ხვიჩა ბუქვაიძე დაბრუნდა ავტომობილით. როგორც „რეგინფოს“ გზის გამწმენდი კომპანიის შპს „გერალის“ წარმომადგენელმა ტარიელ წიკლაურმა განუცხადა, დამეწყრილ ადგილას ხელოვნური ყრილებით გაკეთებულ გზაზე რამდენიმე ავტომობილმა უკვე გაიარა და საქონელიც გადარეკეს.

„ოფიციალურად გზას ჯერ გახსნილად არ ვაცხადებთ, რადგან გზის გაწმენდის და გაფართოების სამუშაოები გრძელდება. კვირის ბოლოს ამ სამუშაოებსაც დავასრულებთ და გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება“, – განაცხადა ტარიელ წიკლაურმა.

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის გავლით, 13 ივნისს, თუშეთში ტურისტების რამდენიმე ჯგუფი მიემგზავრება. მგზავრების გადაყვანაზე დასაქმებული მძღოლები შეკვეთებს უკვე იღებენ ქვემო ალვანში. ოთხკაციანი ჯიპით თუშეთში ასვლა 200 ლარი ღირს, „დელიკით“ ასვლა–ჩამოსვლა 500 ლარი.

თუშეთის გზა სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე. გზის სიგრძე 72 კილომეტრია, თუმცა მის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება. გზის დიდი ნაწილი კლდეებზე და მთებზეა გაჭრილი.

უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა ოქტომბერში, თითქმის 7 თვით იკეტება, მაისის შუა რიცხვებამდე. ამ პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. სახიფათო პირობების გამო თუშეთის გზაზე ბევრი ადამიანია გარდაცვლილი.

წელს გზა კიდევ უფრო საშიში იქნება. ზამთარში უღელტეხილს იქით, სოფელ ხისომდე, დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც 8–10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა, მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა და დიდი რაოდენობით წყალი დაგუბდა. გზის გახსნა ამიტომ დაგვიანდა. ახალი გზა ხელოვნური ყრილებით ნახევრადმოწყვეტილი მთის ძირში გაიყვანეს. არსებობს საფრთხე, რომ წვიმების დროს მთა კიდევ ჩამოიშალოს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის განცხადებით, ინტენსიური წვიმების დროს თუშეთის გზას დაკეტავენ.

თუშეთში, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. მათი დიდი ნაწილი დაცლილია. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მთელ თუშეთში 47 ადამიანი ცხოვრობს, 30 მამაკაცი და 17 ქალი. 37 ადამიანია რეგისტრირებული სოფელ ომალოში, რამდენიმე კი ბოჭორნაში, კვავლოში, შენაქოში, ჩიღოსა და წაროში.

2016 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, თუშეთს 13 558 ვიზიტორი ეწვია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში