საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გიგლა ლიქოკელი - სკოლამდე ფეხით 3-4 საათს ვანდომებთ, მგლებიც არიან, მაგრამ რა ვქნათ

22:37 - 08 აპრილი 2017 hits 3983

„აქედან სკოლაში ფეხით დავდივართ მე და ჩემი პატარა და-ძმები. როცა გზა გაწმენდილია, 2 საათი გვჭირდება პანსიონამდე. ზამთარში, როცა თოვლია, 3-4 საათს ვანდომებთ, გზის გაკვალვა გვიწევს. პარასკევს გაკვეთილებს ან საერთოდ ვერ ვესწრებით ან ნაწილს ვაცდენთ, სკოლიდან მალე მოვდივართ, რომ სოფელში ასვლა დაღამებამდე მოვასწროთ. გზა საშიშია. ნადირია ბევრი. ერთხელ შეგვხვდა კიდეც მგელი, ბავშვებს შეეშინდათ, მაგრამ მგელი მარტო იყო და გაიქცა. ორნი რომ იყვნენ, მაშინ შეიძლება შემოგვიტიონ“, - ამბობს 17 წლის გიგლა ლიქოკელი.

გიგლა და მისი და-ძმები, 15 წლის ელისაბედი, 14 წლის თათია, 12 წლის გია და 10-ის გაგა ლიქოკის ხეობაში მცხოვრები ბოლო ოჯახიდან არიან. მთელ ხეობაში, მხოლოდ ჭალისოფელშიღა ცხოვრობს ერთი - დავით ლიქოკელისა და დარიკო მურღოევის ხუთშვილიანი ოჯახი. ჭალისოფლიდან ბარისახომდე 9 კილომეტრია.

„რთულია აქ ცხოვრება, ზამთარში მითუმეტეს. ყოველ ზამთარს, 2 მეტრზე მაინც მოდის თოვლი. ახლა უკვე მშობლებსაც აღარ შეუძლიათ, ჯანმრთელობა ხელს აღარ უწყობთ, რომ აქ დარჩნენ. ჩვენც გვიჭირს, ყოველ შაბათ კვირას აქედან ჩავიდეთ ფეხით ბარისახოში, თოვლში, ძნელია რა მართლა და ვაპირებთ, ჩვენც აღარ დავრჩეთ ლიქოკში. ბარისახოში ჩავალთ და იქ ვიცხოვრებთ, სადაც უფრო გაიოლებულია. პირობებიც ისეთია, ტრაქტორი მაინც არის ყოველდღე და გზას წმენდს. სკოლაც ახლოსაა იქ“, - ამბობს გიგლა.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებით, ხევსურეთის თემის ლიქოკის ხეობის სოფლებში: კარწაულთაში, აჭეში, ბოქჩვილოში აღარავინ არის რეგისტრირებული.

ამ თემაზე:

ლიქოკის ხეობას ბოლო ოჯახი ტოვებს

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში