საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჯავახეთს შერჩენილი სულისთვის მებრძოლები – რეპორტაჟი გორელოვკიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:24 - 09 მარტი 2017 hits 13636

კვირა დღეს ტატიანა ოსლოპოვა 6 საათზე დგება. ჯერ საქონელს უნდა მიხედოს, მერე თავად მოწესრიგდეს და სახლიდან გასასვლელად მოემზადოს. სადღესასწაულო ტანსაცმლის ჩაცმას, ვარცხნილობისა და თავსაბურავის გაკეთებას ნახევარი საათი მაინც სჭირდება. მისი სახლიდან „ობლის სახლამდე“ დაახლოებით 15- 20 წუთის სავალია.

დილის 8 საათი ხდება. გორელოვკის ცენტრში ვაჩერებთ მანქანას. გარეთ ჯავახური ცივი  ზამთარია. მთელი ღამის ნამგზავრები მანქანაშივე ცოტა დასვენებას და თვალის მოტყუებას ვაპირებთ, მაგრამ ჭრელქვედაბოლოიანი და თბილპლედმოფარებული ქალებიც მოდიან და „ობლის სახლში“ გვეპატიჟებიან. ზამთრობით ლოცვას 8 საათზე იწყებენ, ზაფხულში უფრო ადრე, მზის ამოსვლისთანავე.

ბევრნი არ არიან, 7 ქალია და 4 კაცი, მათ შორის ერთი ძალიან ახალგაზრდა. ეს არის და ეს. ჯერ თავის დაკვრით ესალმებიან ერთმანეთს, მერე სიმღერა-გალობასა და ფსალმუნების კითხვას იწყებენ.

ისინი დუხობორები - სულისთვის მებრძოლები არიან, ოდესღაც საკმაოდ დიდი თემისა და  დიდი სოფლის, გორელოვკის მკვიდრნი. ახლა ცოტანიღა დარჩნენ, ამ სოფელში სულ 135-მდე კაცი.

„ლოცვაზე ყოველ კვირას დავდივართ. ადრე აქ ყველა სკამი დაკავებული იყო, დღეს ცოტანი ვიყავით. ხან უფრო ცოტაც ვართ, ხან, უფრო დღესასწაულებზე - გაცილებით მეტი.

მაინც მადლობა ღმერთს, რომ ყოველ კვირა დღეს ვატარებთ ლოცვას, თუ გამოვტოვებთ, მაშინ დასასრული მოახლოვდება“, - გვეუბნება ტატიანა.

დუხობორები საქართველოში

ობლის სახლი ერთ-ერთი პირველი იყო, რაც ჯავახეთში ჩასახლებულმა დუხობორებმა ააშენეს. გზაში, სანამ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჯავახეთში ჩამოვიდნენ, ბევრი დაიღუპა. გარდაცვლილთა მოხუც მშობლებსა და დაობლებულ შვილებს პატრონობა ხომ უნდოდათ? ამ სახლში ცხოვრობდნენ სწორედ მოხუცები და ობლები, რომელთაც თემი მეურვეობდა. ახლა აქ ობლები აღარ არიან, თუმცა ეს ადგილი გამორჩეულ ადგილად, ფაქტობრივად, თემის მუზეუმად ითვლება. უმეტესად აქვე ტარდება კვირაობით შეკრება და ლოცვა.

დუხობორობა ერთ-ერთი პირველი მიმდინარეობა იყო, რომელიც მართლმადიდებლობას გამოეყო. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ენციკლოპედიის მიხედვით, ეს მოხდა 1740-50 წლებში რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, კერძოდ ხარკოვის გუბერნიაში. მიმდინარეობის მამათავარი ჯერ პრუსიელი უნტერ-ოფიცერი, შემდეგ კი კაზაკი სილუან კალესნიკოვი იყო.  

დუხობორები ანუ სულისთვის მებრძოლები სულის გადარჩენისთვის იბრძვიან. მათი აზრით, კაცობრიობის ისტორიაში მიმდინარეობს ბრძოლა სულიერსა და ხორციელს შორის. პირველს მიეკუთვნებიან აბელის, ხოლო მეორეს - კაენის მიმდევრები. დუხობორები კაენის შთამომავლებად მიიჩნევენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, უსამართლო მსაჯულებს, მდიდრებს. ლიტერატურის მიხედვით, დუხობორებს საკუთარი თავი მიაჩნიათ ჭეშმარიტ და რჩეულ ხალხად, რომელმაც უნდა შექმნას ღვთის სამართლით განმსჭვალული ძმობა. დუხობორები არ ცნობენ წეს-ჩვეულებებს, გარდა ქორწინებისა. ისინი არც „ბიბლიას“ აღიარებენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში თავიანთი მოძღვრება ჩაწერეს და „ცხოვრების წიგნი“ უწოდეს.

დუხობორების აზრით, მათსა და ღმერთს შორის შუამავალი არ არის საჭირო, არ სჭირდებათ მოძღვრები. არ ატარებენ ჯვარს, არ ცნობენ ხატებს.

ისინი რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში ცხოვრობდნენ და ახლაც ცხოვრობენ.

„ჩვენი წინაპრები საქართველოში, უფრო სწორად, მაშინდელი თბილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში („უეზდში“) 1841 წელს ალექსანდრე პირველის ბრძანებით ჩამოასახლეს ჩრდილოეთ კავკასიიდან, მოლოჩნი ვოდებიდან. თემის ლიდერი ილარიონ ვასილის ძე კალმიკოვი იყო, რომელიც იმ პერიოდისთვის სულ 26 წლის იყო. პირველი ნაკადის დუხობორებმა ააშენეს ობლის სახლი, დადგეს კარვები, დაიწყეს მიწის დამუშავება და შექმნეს კომუნები“, - გვიამბობს ვასილი სლასტუხინი.

იმ პირველი დუხობორების საფლავები ე.წ. „მაგილკები“ წმინდა ადგილად მიაჩნიათ დუხობორებს. ზაფხულში ხშირად სწორედ იქ ლოცულობენ. ამ საფლავების სანახავად სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდიან.  

მახსოვს თემის ისტორიას წლების წინ მასწავლებელი და თემის აქტივისტი ლუბა დემინოვა მიყვებოდა (სამწუხაროდ, ლუბაც რამდენიმე წლის წინ წავიდა საქართველოდან): დუხობორები არ ცნობენ იარაღს, ცდილობენ, არ წავიდნენ სამხედრო სამსახურში. 1895 წლის  29 ივნისს დუხობორებმა ბოროტებისა და ძალადობისადმი პროტესტი ისე გამოხატეს, რომ სოფლის ახლოს ერთ-ერთ გამოქვაბულში (ეს ადგილიც წმინდა ადგილად ითვლება) 2000-მდე მამაკაცმა იარაღი დაწვა. თუმცა ეს ფაქტი მაშინდელმა ხელისუფლებამ სახელმწიფოსადმი პროტესტად აღიქვა. მეფისნაცვალმა ვორონცოვმა (რომლის სახელიც არალეგალურად დღემდე შემორჩა თბილისის ერთ-ერთ მოედანს) კაზაკთა რაზმი მიავლინა ჯავახეთში. მამაკაცები გაშოლტეს, ნაწილი კი გააციმბირეს.

იმ პერიოდში, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს საქართველოდანაც წავიდა კანადაში დუხობორთა პირველი ნაკადი.

მეოცე საუკუნეში, საბჭოთა პერიოდში დუხობორები ბოგდანოვკის (დღევანდელი ნინოწმინდა) რაიონსა და მიმდებარე სოფლებში ცხოვრობდნენ. ბოგდანოვკა ერთ-ერთი პირველი დასახლებული პუნქტი იყო, რომელიც მათ დაარსეს საქართველოში. სახელიც რუსეთში არსებული დასახლების მიხედვით უწოდეს. თემის ცენტრი კი უდავოდ გორელოვკა იყო.

საქართველოში ჩამოსახლებულ დუხობორებს შეღავათები დაუწესეს: არ ახდევინებდნენ გადასახადებს, არ იწვევდნენ სამხედრო სამსახურში, მათ ჰქონდათ რელიგიური თავისუფლება.    

„რამდენი ვიყავით? ზუსტად თქმა გამიჭირდება, მხოლოდ გორელოვკაში 2000-ზე მეტი კაცი იყო.

გორელოვკა, სპასოვკა, ორლოვკა, ეფრემოვკა, ტროიცკა, ტამბოვკა, რადიონოვკა - 7 სოფელი იყო დუხობორებით დასახლებული და კიდევ თავად ბოგდანოვკა (დღევანდელი ნინოწმინდა) – „ბევრი ხალხი ვიყავით. 10-12 ათას კაცზე მეტი“, - გვეუბნება ვასილი სლასტუხინი. ის 62 წლისაა. გორელოვკაში დაიბადა და გაიზარდა, მერე ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობდა, ხან სად იცხოვრა, ხან - სად. მშობლები რომ მოხუცდნენ, დაბრუნდა. მამა - მიხეილ სლასტუხინი, რომელიც „ობლის სახლს“ პატრონობდა, ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა, დედა - 93 წლისაა.  

რას საქმიანობდნენ დუხობორები?

„ძირითადად მესაქონლეობას მივდევდით.  აქ ალპური საძოვრებია. ძალიან კარგ ყველს აკეთებდნენ. ახლა სადღაა ისეთი ყველი. დღეს აბსოლუტურად განსხვავებულად აკეთებენ, რაღაცას ამატებენ, რაღაცას აკლებენ და ცხადია, ისეთი არ გამოდის“, - გვიამბობს ვასილი.

საბჭოთა პერიოდში გორელოვკაში ცნობილი კოლმეურნეობა იყო.

„ადრე კარგად ვცხოვრობდით. რატომ? სამუშაო გვქონდა, ბევრი ვიყავით და საქმეც ბევრი იყო, სიმღერ-სიმღერით, ხალისით და მხიარულად ვმუშაობდით. კოლმეურნეობა გვქონდა, დიდი, ლენინის სახელობის. საქონელი გვყავდა. ფერმაშიც ვმუშაობდით, ზაფხულში მინდორში თივას ვაგროვებდით, ზამთარში თოვლისგან ვწმენდით გზებსა და სახლებს. მექანიზაციის ცენტრიც არსებობდა, სამშენებლო ორგანიზაციაც იყო, სადაც ძირითადად კაცები მუშაობდნენ“, - იგონებს ტატიანა ოსლოპოვა. თავისუფალ დროს გუნდში მღეროდნენ და სხვადასხვა რაიონში კონცერტებს მართავდნენ.

90-იანი წლებიდან წავიდა დუხობორთა უმეტესობა.

„საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, პრეზიდენტი გამსახურდია ამბობდა, საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის უნდა იყოსო. მას რუსები არ უყვარდა, თუმცა ამბობდა, დუხობორების წინააღმდეგი არ ვარო. საქართველოში დამკვიდრების 150 წლისთავს რომ აღვნიშნავდით, ვერტმფრენიც გამოგვიგზავნა დაცვით, რომ არაფერი მოხდარიყო...

მერე ცხოვრებაც გაჭირდა, სამუშაო აღარ იყო. აიყარნენ ჩვენები და წავიდნენ: რუსეთში, უკრაინაში, ვინ - სად. ბევრი ნათესავი გვყავს რუსეთში: ერთი ძმა კომშია, მეორე -სტავროპოლში, დედა - ნოვოროსიისკში, შვილი - მოსკოვში, მაგრამ მათთან თავისუფლად ვერ მივდივართ. თუ მოწვევა არ იქნა, არ გვიშვებენ.

ახლა რთულია ცხოვრება. ცოტა დავრჩით. მოწყენილობაა. ძირითადად სახლში ვართ, საქონელს ვუვლით. ასე გადის დრო“, - ყვება ტატიანა.

დღეს ის განსაკუთრებით გახარებულია, რადგან ლოცვას ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად, რომლებიც აქვე სახლობენ, მისი ვაჟიც ესწრება. ის მოსკოვში ცხოვრობს. ექსკავატორზე მუშაობს და წელიწადში ერთ-ორჯერ მაინც ახერხებს მშობლების მონახულებას. ახლაც ცოლთან და შვილთან ერთად სამი დღით ჩამოვიდა. ერევნიდან წამოსვლა უფრო იოლია და იაფიც ჯდება.

„კარგი ქმარი და შვილები მყავს: ქალი და ვაჟი. 5 შვილიშვილი მყავს, უკვე შვილთაშვილიც. ვაჟი მოსკოვში ცხოვრობს და ახლა ჩამოსულია ცოლ-შვილით. ქალიშვილი აქვე ცხოვრობს. მისი ერთი შვილიც ოჯახით მოსკოვშია, იქ დაოჯახდა. დუხობორები ცდილობენ დუხობორებზე იქორწინონ, მაგრამ ახლა აქ გოგოებიც აღარ არიან, ბიჭებმა ოჯახი რომ შექმნან. წასულები ხშირად დუხობორებს ვეღარ პოულობენ. ჩემი რძალიც არ არის დუხობორი“, - გვეუბნება ტატიანა.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ქალიშვილთან სტუმრობისთვის ემზადება, ტატიანა მაინც გვიწყობს სუფრას. დუხობორული ტრადიციით, პური და მარილი აუცილებლად უნდა დაახვედრო სტუმარს. ღუმელში გამომცხვარი გემრიელი პური, წნული ყველი, სალათები, მწნილი, ნამცხვარი - ასეთია ჩვენი სუფრა. ღვინოც აქვთ, ერთმა ქართველმა მეგობარმა გამოგვიგზავნაო. ოჯახს ვლოცავთ და კიდევ რამდენიმე სადღეგრძელოს ვამბობთ. თამადა ტატიანას მეუღლეა.

მანამდე ლოცვაზე მყოფ ერთ მასწავლებელთანაც ვსაუბრობთ. რაისა ასტაფოროვა გორელოვკის რუსულ საჯარო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის.

„სკოლა მცირერიცხოვანია, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კარგად ვართ აღჭურვილი, გვაქვს კომპიუტერები, მოსწავლეებს ნოუთბუქებსაც აძლევენ. რემონტიც გაკეთდა. ამ მხრივ ვერ დავიჩივლებთ.  

სკოლა საშუალოა, თუმცა სულ 35 მოსწავლე გვყავს. ყველა კლასია, თითო 2-3 მოსწავლით, ადრე 30-35 კაციანი თითო კლასი გვყავდა, იყო პარალელური კლასებიც. ორ ცვლად ვმეცადინებოდით და 500-600 მოსწავლე მაინც იყო სკოლაში“, - ამბობს რაისა ასტაფოროვა. მისი განმარტებით, სკოლაში სპეციალისტების დეფიციტი არა, მაგრამ საათების დეფიციტია. მასწავლებლებიდან ყველა სპეციალისტია, უმეტესობას 20-25-30 წლიანი სტაჟი აქვს  და ალაგ-ალაგ არიან მხოლოდ ახალგაზრდები.

„ადრე სოფელში მხოლოდ რუსული სკოლა იყო, რადგან ცხოვრებითაც მხოლოდ რუსები ვხოვრობდით, რამდენიმე ოჯახი იყო მხოლოდ სომხური, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ისინიც რუსულ სკოლაში დადიოდნენ.

ახლა ამ სოფელში მეორე სკოლაც არის: 40-მდე მოსწავლე ქართულ სექტორზეა, 100-მდე  სომხურ სექტორზე.   

რაიონში კი სულ სამი რუსული სკოლაა: ერთი ჩვენთან, ერთი ტამბოვკაში და ერთიც, ყველაზე მრავალრიცხოვანი - ბოგდანოვკაში (ნინოწმინდაში), 400 მოსწავლით“, - გვიყვება რაისა.

რამდენად ახერხებენ თვითრეალიზაციას სკოლის კურსდამთავრებულები? ზოგი აღარც აგრძელებს სწავლას, ზოგი - მიდის.

„ჩემი შვილიშვილი, ქალიშვილის შვილი, რომელმაც ჩვენი სკოლა დაამთავრა, გუმრიში სწავლობს. საქართველოში რუსული ფაკულტეტები აღარც არის, ან ჩვენ ბავშვებს ეროვნულ გამოცდებზე ქართულის ჩაბარება უჭირთ. ამიტომ ახალგაზრდები სომხეთში მიდიან სასწავლებლად“, - გვეუბნება ტატიანა ოსლოპოვა.

ბევრი წავიდა. თქვენ რა გაჩერებთ აქ?

„დედაჩემი აქ არის, ჩემი ოჯახიც. ცოტა ჭირს, მაგრამ ახლა დამშვიდდა სიტუაცია და როგორც ვცხოვრობდით, ისე ვცხოვრობთ“, - ამბობს ვასილი.

„გორელოვკა და საქართველო ჩვენი სამშობლოა და წასვლას არ ვაპირებთ არსად. ალბათ ბედისწერაა ასეთი. არ გვინდოდა და არც გვინდა წინაპრების საფლავების მიტოვება. რაღაც ძალამ დაგვტოვა. რასაც ღმერთი მოგცემს, ის უნდა აკეთო... მომავალში არავინ იცის, როგორ აეწყობა ჩვენი ცხოვრება, რაც ღმერთს ენდომება, ისე იქნება“, - ამბობს ტატიანა.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში