საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ომალოდან ავადმყოფი თელავის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:01 - 17 თებერვალი 2017 hits 5179

თუშეთში, სოფელ ომალოში მცხოვრები 66 წლის გელა სისაური ვერტმფრენით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „მთის ამბებს“ თუშეთის ექიმმა, ირაკლი ხვედაგურიძემ უთხრა, ავადმყოფი სტაციონარში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც თვითმკვლელობა სცადა. სისაურს 10 დღეზე მეტია, მუხლებზე ღრმა დაჟეჟილობა, შეშუპება და ნაფლერთოვანი ჭრილობები აღენიშნებოდა.

„გუშინ ღამე დამირეკეს და მითხრეს, რომ გელამ თვითმკვლელობა სცადა. ჭრილობები დავუმუშავე და ნაკერები დავადე. გუშინ ცუდი ამინდი იყო და ამიტომ ვერტმფრენით თელავში დღეს გადაიყვანეს“, - აღნიშნა ირაკლი ხვედაგურიძემ.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მაია მახათელაშვილის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

„პაციენტს ორივე მუხლზე აქვს ზედაპირული, ხანდაზმული ტრავმა და წინამხარის ნაკვეთი ჭრილობები. გარდა ამისა, ორივე ტერფზე მოყინული აქვს პირველი თითები. ახლა მას გამოკვლევა უტარდება და ექიმი გადაწყვეტს, მოყინულ თითებზე საჭირო გახდება თუ არა ქირურგიული ჩარევა. ამ დროისთვის პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განუცხადა „მთის ამბებს“ მაია მახათელაშვილმა.

თუშეთის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ორ ადამიანს რომ სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია პირველად „მთის ამბებმა“ 15 თებერვალს გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ თუშეთში, სოფელ ომალოში მცხოვრები 66 წლის გელა სისაური და კვავლოში მცხოვრები 41 წლის კარლო ქუჯაიძე სტაციონარში გადაყვანას საჭიროებდნენ, სისაური კი ჰოსპიტალიზაციაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო თანახმა, თუ მას ახმეტის ან თელავის საავადმყოფოში გადაიყვანდნენ. როგორც მაშინ კახეთის გუბერნატორის მოადგილემ, ირაკლი შიოშვილმა განაცხადა, პაციენტის ახმეტის ან თელავის ჰოსპიტალში ჩამოყვანა შეუძლებელი იყო, რადგან ვერტმფრენით ავადმყოფის გადაყვანა მხოლოდ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაშია შესაძლებელი.

ჩვენ დღეს კიდევ დავუკავშირდით ირაკლი შიოშვილს და დავინტერესდით, სუიციდის მცდელობამდე ავადმყოფის ჰოსპიტალში გადმოყვანა რატომ ვერ მოხერხდა. „გელა სისაურის და კარლო ქუჯაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმმა ირაკლი ხვედაგურიძემ დაახლოებით 1,5 კვირის წინ მოგვაწოდა. სტაციონარში მათ გადმოყვანაში თავდაპირველად ხელი უამინდობამ შეგვიშალა. როცა ამინდი გამოვიდა, სისაურმა თქვა უარი ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანაზე. ის ახმეტის ან თელავის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა. ვერტმფრენს, რომელიც თბილისიდან მიფრინავს, პაციენტის გადაყვანა მხოლოდ თბილისში შეუძლია. ჩვენ 2 დღის განმავლობაში ვაწარმოებდით მასთან მოლაპარაკებას და მისი დაყოლიება ვერ მოვახერხეთ. დღეს მან თანხმობა განაცხადა ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანაზე, მაგრამ ვისარგებლეთ იმ შემთხვევით, რომ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თელავში იმყოფებოდა და თელავში გადმოვიყვანეთ,” - განაცხადა „მთის ამბებთან“ საუბარში ირაკლი შიოშვილმა.

„მთის ამბები“ დაინტერესდა, რატომ არ გადმოიყვანეს თელავის საავადმყოფოში გელა სისაურთან ერთად კარლო ქუჯაიძეც. ქუჯაიძეს ხელის და ფეხის თითები აქვს მოყინული და ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. შიოშვილის თქმით, ის თანახმაა თბილისში გადმოყვანაზე, მაგრამ სახლში მარტოა და საქონელს ვერ ტოვებს. ვერტმფრენით მორიგი რეისი თუშეთის მიმართულებით 21 თებერვალს შესრულდება. რეისს თუშეთში ქუჯაიძის ახლობელიც გაჰყვება, რომელიც მის სახლში დარჩება და საქონელსაც მიხედავს, დაშავებულს კი სამკურნალოდ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში