საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ბორჯომის პარკში შესვლა 50 თეთრიდან 2 ლარამდე გაძვირდა

15:31 - 11 იანვარი 2017 hits 16573

ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესვლა 50 თეთრიდან 2 ლარამდე გაძვირდა. პარკის დირექტორის, ლადო გელაშვილის თქმით, ახალი ფასი ადეკვატურია და მისი მეშვეობით პარკი რენტაბელური გახდება.

„ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესვლის ახალი ფასი სხვა პარკებში შესვლის ღირებულებას რომ შევადაროთ, მაინც ბევრად იაფია. ვარძიაში შესვლა 5 ლარი ღირს, რაბათში - 7 ლარი, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა კი - 8 ლარი. ახლა რომ განვმარტო რატომ გახდა შესვლის ფასი 2 ლარი და არა 3 ან 5 ლარი: ბორჯომის ცენტრალურ პარკში დამონტაჟებულია ტურნიკეტი (ავტომატური მოწყობილობა მიმსვლელთა თითო-თითოდ შესვლისთვის). აქ ნაღდი ფულის გამოყენება გამორიცხულია. ბარათის თვითღირებულება კი 1,5 ლარია. ჩვენ ვიდექით დილემის წინაშე: ან გარკვეული ჯგუფებისთვის შეღავათები უნდა გაგვეუქმებინა, ან კიდევ ფასი გაგვეზარდა. გადავწვიტეთ, რომ ფასი გაგვეზარდა. პარკში შესვლა შშმ პირებისთვის, პენსიონერებისთვის, 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ადგილობრივი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის უფასოა. სტუდენტები და 16 წლამდე ასაკის მოზარდები 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ვიზიტორთა მიერ გადახდილი თანხიდან მიღებული შემოსავალი პარკის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება,“ - აცხადებს www.mtisambebi.ge-სთან საუბარში ლადო გელაშვილი.

ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესვლის ახალი ფასი 2016 წლის 22 დეკემბერს დაწესდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ზაფხულში, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, ერთი დღის განმავლობაში ბორჯომის ცენტრალურ პარკს ყოველდღიურად 12 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს.

ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის არსებობის ისტორია საუკუნეებს ითვლის, მინერალური წყლის აღმოჩენა და მისი გამოყენება კი პარკის დაარსებამდე მოხდა. მე-17–18 საუკუნეებში ამ მხარის გაუკაცრიელების გამო მინერალური წყლები მივიწყებას მიეცა, მისი ხელმეორედ აღმოჩენა კი მე-19 საუკუნის დასაწყისში მოხდა. 1841 წელს, ბორჯომში, ავადმყოფ ქალიშვილთან ერთად სამკურნალოდ მთავარმართებელი გოლოვინი ჩამოვიდა. ქალიშვილის გამოჯანმრთელების შემდეგ მან ბორჯომის უკეთ მოწყობის მიზნით განკარგულება გასცა. მოგვიანებით, პარკის მოვლა-პატრონობაში მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი ჩაერთო. 1850 წელს, გერმანელი ინჟინრის მოლდენგაურის პროექტით, მდინარე ბორჯომულას ხეობაში, იქ სადაც მინერალური წყლის წყაროები და გოგირდის აბანოები იყო, 15 ჰა მიწის ფართობზე მშენებლობა დაიწყო. აშენდა შენობა-ნაგებობები, დასასვენებელი ადგილები, საზაფხულო და ზამთრის ბაღები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები და დაირგო მსოფლიოს სხვადასხვა დაცული ტერიტორიებიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეები. პარკმა თანდათან მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის მისაღები იერ-სახე შეიძინა. პარკის ტერიტორიაზე აშენდა, დღეს უკვე ისტორიული, მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხანა და ამავე დროს, ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტოსადგურიც.

ბორჯომის ცენტრალური პარკის ფართობი ამჟამად 20 ჰექტარს შეადგენს. პარკში ფუნქციონირებს კაფეები, მცირე კვების ობიექტები, ატრაქციონები და საცურაო აუზი. პარკის ტერიტორიის ბოლოს კი ისტორიული, გოგირდოვანი აბანოებია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში