საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გაგა შეთეკაური – შუაფხოს სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:11 - 03 იანვარი 2017 hits 37801

„იმიტომ დაამთავრე მაგისტრატურა და იმიტომ ისწავლე უცხოეთში, რომ ისევ სკოლაში წახვიდე? არ მოგბეზრდა? შენი ჯგუფელები სამინისტროში მუშაობენ და შენ არავინ გყავს, იქ რომ დაგაწყებინოს სამსახური?“, - ერთ მეგობარს უთქვამს ამასწინათ გაგა შეთეკაურისთვის. გაგა კი ამბობს რომ არ უნდა კაბინეტში იჯდეს, აკეთებს იმ საქმეს, რაც სიამოვნებას ანიჭებს.

გაგა ხევსურია, თუმცა ბარში გაიზარდა. მთის სიყვარული ოჯახიდან მოსდგამს: გარდა იმისა, რომ ფესვები აქვს მთაში, მამამისი, შამილ შეთეკაური ბოტანიკოსია. გაგა და-ძმასთან ერთად ზაფულს ხშირად ხევსურეთში ატარებდა და მამასაც დაყვებოდა ექსპედიციებში. მთისა და ბუნების სიყვარული ასე თანდათან გაჩნდა.  

ახლა 25 წლის არის და მეორე თვეა შუაფხოს საჯარო სკოლაში ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, თან პარალელურად ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციაში მუშაობს. სკოლა მცირეკონტიგენტიანია, გაგას ბევრი საათი არ აქვს და ორი სამსახურის შეთავსებას ახერხებს.

ახალგაზრდა მასწავლებელი ყოველ ორშაბათს ჩადის შუაფხოში და კვირის ბოლომდე იქ რჩება. ცხოვრებით სკოლის დირექტორის, ირმა ცქიფაშვილის ოჯახში ცხოვრობს. სახლშიც და სკოლაშიც უამრავი საქმე აქვს: გაკვეთილებს რომ თავი დავანებოთ, ჯერ მარტო ამდენი ღუმელიც მისი დასანთებია. დირექტორის სახლში ხომ ოჯახის წევრების გარდა კიდევ ხუთი ქალი მასწავლებელია.  

გაგამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. მერე ილიას უნივერსიტეტში გარემოს დაცვის მართვის მიმართულებით გაიარა მაგისტრატურა, ერთი სემესტრი გაცვლითი პროგრამით ნიდერლანდებშიც იყო. სკოლაში მუშაობა უნივერსიტეტის მერე დაიწყო, პროგრამის ფარგლებში „ასწავლე საქართველოსთვის“ ჯავახეთში, ახალქალაქის სოფელ ოკამში მუშაობდა, მაგისტრატურის მერე, შარშან - ბარისახოს სკოლაში. მოკლედ, როგორც მასწავლებელს გარკვეული გამოცდილებაც დაუგროვდა, თუმცა თითქოს აღარც აპირებდა სკოლაში მუშაობას.

„შემოდგომა იყო, რომ გავიგე, შუაფხოში არ ჰყავდათ ინგლისურის მასწავლებელი. ვიცოდი, რომ განათლების სამინისტროში მოთხოვნა ჰქონდათ გაკეთებული და პროგრამიდან  მასწავლებელი არ წამოვიდა. სწორედ იმ დროს რამდენიმე დღე უსაქმოდ ვიყავი და რაღაც ძალამ აქეთ წამომიყვანა. დირექტორს დავურეკე, გავარკვიე პირობები და წამოვედი. მერე ტელევიზიით რეპორტაჟი გავიდა ჩემ შესახებ და ბევრმა მაშინ გაიგო, აქ რომ ვიყავი“, - იგონებს გაგა. რადგან პროექტის ფარგლებში არ მოდიოდა, სამინისტროდან არც ის გრანტი  აქვს, რასაც პროექტის „ასწავლე საქართველოსთვის“ მასწავლებლები იღებენ. ხელფასს იმაზე ნაკლებსაც ელოდა, მაგრამ როგორც მთიანი რეგიონის მასწავლებელს, დანამატიც მისცეს.  

„ზოგადად მთა არ არის ჩემთვის უცხო, მთელ ზაფხულს ხევსურეთში ვატარებდი, ექსპედიციებსა და ლაშქრობებში ვმონაწილეობდი. აქაურებს პირადად არ ვიცნობდი, თუმცა  ეს ჩემი კუთხეა. ვიცოდი, სადაც მოვდიოდი, რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არც მქონია“, - ყვება გაგა.   

- გაგა, ახალგაზრდა კაცისთვის რთულია ალბათ აქ ცხოვრება...

- რთულია, ნამდვილად რთულია. როცა მუდმივად აქ ხარ და საქმე არ გაქვს, რთულია. აქ არ არის ინფრასტრუქტურა, არ არის წესიერი გზა, არ არის მაღაზია, სხვა რაიმე ობიექტი. სკოლა დასაქმების ერთადერთი ადგილია. ახალგაზრდისთვის აქაურობა ცოტა მოსაწყენია.

ყოფილა შემთხვევა, რომ დიდი თოვლის გამო (არადა, წელს, განსაკუთრებით ცივი ზამთარი დაემთხვა) ავტობუსი ვერ წავიდა და გაუკვალავ თოვლში მომიწია ცენტრალურ გზამდე სიარული.  

არ მიჭირს? ალბათ არა, რადგან სულ დაკავებული ვარ, დრო ისე გადის, ვერც ვამჩნევ. აქ უამრავი საქმეა. უსაქმოდ ჯდომა რომ მიწევდეს, ალბათ მომწყინდებოდა.

კარგია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და სკოლის ხელმძღვანელობა ხელს უწყობს მასწავლებლებს.

ინტერნეტზე მკითხეთ წეღან და ინტერნეტი იჭერს, ნელა მუშაობს, მაგრამ სოციალურ ქსელებში ურთიეთობაც ხერხდება.

-  გაგა, ამბობთ, რომ რთულია და რა გაძლევთ მოტივაციას?

-  ყველაზე კარგი ის არის, რომ დამხვდნენ ძალიან ნიჭიერი ბავშვები. რა მაძლევს მოტივაციას? იმას, რასაც ვასწავლი, ბავშვები კარგად ითვისებენ. საოცარი გრძნობაა, როცა ხედავ, რომ შედეგზე გადიხარ.

ვფიქრობ, რომ აქ ცხოვრება საკმაოდ საინტერესოა, ამდენი ბავშვის გარემოში ვარ აქაც და სახლშიც, სადაც პატარ-პატარა საქმეებშიც ვეხმარები მასპინძლებს.

სკოლის გარდა პროფესიულ ინტერესს მეორე სამსახურშიც იკმაყოფილებს. ფშავ-ხევურეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაცია არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ეროვნული პარკის პოპულარიზაცია, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ეკოსაგანმათლებლო ღონისძიებების ჩატარებაა. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ბარისახოში ფშავ-ხევსურეთის სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით.

რა არის აქ ყველაზე დიდი პრობლემა?

- ყველაზე დიდი პრობელმა გაუმართავი გზაა. მანძილი არ არის დიდი, მაგრამ ცუდი გზის გამო დრო ძალიან იწელება. სკოლაც მისახედია, სარემონტოა. აქურებისთვის სერიოზული პრობლემაა ის, რომ სკოლა მხოლოდ ცხრაწლიანია და შემდეგ ახალგაზრდა იძულებული ხდება, მიატოვოს სოფელი, სხვაგან გადავიდეს. ამის გამო ბევრი ოჯახი აიყარა.

გაგა, როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს დარჩები შუაფხოში?

მიფიქრია ამაზე. დავრჩები, სანამ საშუალება მექნება. მომავალ სასწავლო წელსაც აქ რომ ვიქნები, ეს ნამდვილად ვიცი.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში