საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ნარკოტიკების მოხმარებისთვის არაერთხელ გასამართლებული პოლიციის განყოფილების უფროსად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:42 - 12 ოქტომბერი 2021 hits 12659
ფოტოზე - ზურაბ უძილაური
საზოგადოება
ფოტოზე - ზურაბ უძილაური

ზურაბ უძილაური, რომელიც ახმეტის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან იმიტომ მოხსნეს, რადგან ვამხილეთ, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ მოხმარებისთვის რამდენჯერმე იყო გასამართლებული, წინასაარჩევნოდ ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დააბრუნეს. 2015 წლის მარტშიც, როცა შსს იძულებული გახდა უძილაური პოლიციის უფროსის თანამდებობიდან მოეხსნა, მინისტრი ვახტანგ გომელაური იყო. ახლაც, როცა უძილაური რუსთავის პოლიციის სამმართველოში განყოფილების უფროსად დანიშნეს, მინისტრი ისევ გომელაურია.

ზურაბ უძილაური „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც პოლიციის ორგანოებში მუშაობდა. 2012 წლის 4 ივნისამდე თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო. ზურაბ უძილაური მონაწილეობდა 2012 წლის 20 მაისს, თიანეთში, პოლიციის მიერ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის უკანონოდ დაკავებაშიც. პოლიციაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ჰყავდათ დაბარებული და მათზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ჟურნალისტი ზეწოლის ფაქტებზე რეპორტაჟს ამზადებდა, რის გამოც პოლიციის შენობაში აქტივისტების მიყვანას შორიდან იღებდა. ჟურნალისტს ვიდეომასალა პოლიციის შენობაში პირადად ზურაბ უძილაურმა გაუნადგურა. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საქმე არ გამოუძიებიათ.

2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზურაბ უძილაური თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, „უძილაურს „ქართული ოცნების“ წევრთან ზურაბ ზვიადაურთან ურთიერთობის გაწყვეტა მოსთხოვეს“. ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, რომელიც 2012 წელს „ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს, უძილაურის შვილის ნათლიაა.

პარლამენტის წევრად არჩევის შემდეგ, ზურაბ ზვიადაურმა ახმეტაში სახელმწიფო დაწესებულებებზე სრული კონტროლი დაამყარა და თითქმის ყველა საკვანძო თანამდებობაზე საკუთარი ნათესავებისა და მეგობრების დანიშვნა მოახერხა.

2013 წელს, ზურაბ უძილაური ჯერ ახმეტის პოლიციის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებლად დაინიშნა, 2014 წლის ივლისში კი პოლიციის უფროსის მოადგილედ დააწინაურეს.

2015 წლის 23 იანვარს, ვიდრე ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგებოდა, რამდენიმე წუთით ადრე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ზურაბ უძილაური ახმეტის პოლიციის უფროსად დანიშნა.

ზურაბ უძილაურმა ახმეტის პოლიციის სამმართველოდან მალევე გაათავისუფლა პოლიციის ინსპექტორი გიორგი აბულაშვილი. მის ადგილას კი თავისი ცოლის მამიდაშვილი დანიშნა. აბულაშვილის თქმით, უძილაურმა მასზე შური იძია: „2012 წელს ახმეტაში ერთხელ მე დავაკავე. თელავში ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. ხელისუფლება რომ შეიცვალა და ახმეტის პოლიციაში დაიწყო მუშაობა, ყველას ძალიან გაგვიკვირდა. ნარკოტიკების მომხმარებელთა ბაზაში იყო აღრიცხული. უფროსად რომ დანიშნეს, დამიბარა და მითხრა, წადი ახლა და მანქანები გარეცხეო, გამათავისუფლა სამსახურიდან“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთის საინფორმაციო ცენტრს 2015 წელსაც უმალავდა დოკუმენტაციას პოლიციის უფროსად ზურაბ უძილაურის დანიშვნის შესახებ. სამინისტროსთან მაშინაც დავა დაგვჭირდა, რომ საჯარო დოკუმენტი - მინისტრის ბრძანება მოგვეპოვებინა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრს რამდენიმე სანდო წყარო ატყობინებდა, რომ ახმეტის პოლიციის უფროსად ზურაბ უძილაური, შს მინისტრ ჭიკაიძეს, იმ პერიოდშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა დაანიშნინა.

მტკიცებულებების გამოქვეყნების შემდეგ, რაც ადასტურებდა, რომ ზურაბ უძილაური 2010-2012 წლებში ნამდვილად და არაერთხელ იყო დაკავებული და გასამართლებული ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისა და ხულიგნობისთვის, 2015 წლის 4 მარტს, უძილაურს პირადი განცხადება დააწერინეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მანამდე, წინა დღეს, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა: „ახმეტის პოლიციის უფროსის ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით მე არ ვარ საქმის კურსში. მოვიკვლევთ და თუ ეს ნამდვილად დადასტურდება, ის თანამდებობას აუცილებლად დატოვებს“.

ნათესავის, ზურაბ ზვიადაურის დახმარებით, მალევე ზურაბ უძილაური ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლის წყლის სისტემების მოვლა-პატრონობის ცენტრის დირექტორად დაინიშნა. საყურადღებოა, რომ იურიდიული პირი სახელმწიფო რეესტრში 7 აპრილს დარეგისტრირდა, გამგებლის ბრძანება ააიპ-ის დირექტორის დანიშვნის შესახებ კი 6 აპრილს არის გამოცემული, როცა ორგანიზაცია ოფიციალურად ჯერ კიდევ არ იყო რეგისტრირებული. უფრო მეტიც, 6 აპრილის ბრძანებით ზურაბ უძილაურის დანიშვნა ძველი რიცხვით - 31 მარტიდან განხორციელდა.

ზურაბ უძილაური ზვიადაურის „პირადი ჟანდარმის“ ფუნქციას ასრულებდა. აქტიურად ერეოდა ყველა იმ საკითხის გადაწყვეტაში, სადაც ზვიადაურის პირადი ინტერესი იკვეთებოდა. მაგალითად, 2016 წლის მაისში, როდესაც ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის იმპიჩმენტის საკითხი იხილებოდა, მან საკრებულოს რამდენიმე დეპუტატზე უშუალოდ განახორციელა სხვადასხვა სახის ზეწოლა, რათა მათ მხარი არ დაეჭირათ ამ თანამდებობის პირების გადაყენებისათვის.  

ააიპ-ის დირექტორად ზურაბ უძილაურმა 2020 წლის შემოდგომამდე იმუშავა.

2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების წინა პერიოდში ზურაბ უძილაური შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დააბრუნეს და რუსთავის პოლიციის სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად დანიშნეს. სამინისტროს წერილობით მივმართეთ და საჯარო ინფორმაცია მოვითხოვეთ, რის საფუძველზე დაინიშნა ზურაბ უძილაური რუსთავის პოლიციის სამმართველოში. სამინისტრომ უარი გვითხრა ამ ინფორმაციის მოწოდებაზე იმ საბაბით, რომ ის ზურაბ უძილაურის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. შსს-ს ადმინისტრაციული საჩივრითაც მივმართეთ, რომელიც არ განუხილავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს ვკითხეთ, რა თანამდებობაზე მუშაობს ზურაბ უძილაური რუსთავის პოლიციაში, მაგრამ ინფორმაცია ვერც ამ გზით მივიღეთ. ტელეფონით ზურაბ უძილაურსაც დავუკავშირდით. არ განმარტა, როგორ მოახერხა, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის არაერთხელ გასამართლებული შსს-ს სისტემაში დაბრუნდა. ასევე, არ გვიპასუხა, რუსთავის პოლიციის სამმართველოში რომელი განყოფილების უფროსად მუშაობს.

რამდენიმე დღის წინ, 8 ოქტომბერს, ზურაბ უძილაური მონაწილეობდა რუსთავის ციხესთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეების დაკავების პროცესში, სადაც ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ლაშა გოგნიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში