საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

50-მდე სპეცრაზმელი რიონის ხეობის ერთი მცველის დასაკავებლად - სპეცოპერაცია სვანების უბანში

19:16 - 07 ივნისი 2021 hits 27585

რიონის ხეობის მცველის, 29 წლის ირაკლი მუკბანიანის დასაკავებლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, წყალტუბოს სოფელ ახალ საყულიაში, სვანების უბანში სპეცოპერაცია 1-ელ ივნისს ჩაატარა. მუკბანიანის დაკავებაში 50-მდე სპეცრაზმელი მონაწილეობდა. რიონის ხეობის მცველს შსს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. გამოძიებას საქმეში ერთადერთი უტყუარი მტკიცებულება აქვს - „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული ვიდეო, საიდანაც ჩანს, ირაკლი მუკბანიანი პოლიციელს, თავში, ერთხელ როგორ არტყამს გაშლილ ხელს. სამინისტრომ ძალადობის ეს შემთხვევა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკვალიფიცირა. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ირაკლი მუკბანიანის დასაკავებლად შსს-მ ათობით სპეცრაზმელი ახალ საყულიაში ისე გაგზავნა, რომ ბრალდებული ერთხელაც კი არ დაუბარებიათ პოლიციის განყოფილებაში. სპეცოპერაციისას დაჭრეს 2 ადგილობრივი მცხოვრები. 

რიონის ხეობის მცველებს, რომლებიც გიგანტური ნამახვანჰესის მშენებლობას შვიდ თვეზე მეტია აპროტესტებენ და მის შეწყვეტას ითხოვენ, ნამოხვანში 14 აპრილიდან აღარ უშვებენ. ბოლო ადგილი, სადამდეც მათ ქუთაისი-რაჭის გზაზე მისვლა შეუძლიათ, გუმათია. სწორედ გუმათშია აღმართული რკინის კედელი, რომლის ერთ მხარეს ყოველდღიურად ასობით პოლიციელი და სპეცრაზმელი დგას, მეორე მხარეს აქტივისტები იკრიბებიან და 26 მაისიდან, პროტესტის ნიშნად, მთელი ღამის განმავლობაში რკინის კედელზე აბრახუნებენ. ხმაური რთული ასატანია. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა, აქციის მონაწილეები გააფრთხილა კიდეც, კედელზე ბრახუნი შეეწყვიტათ, რადგან პოლიციელები წუხდებოდნენ და პროტესტის ეს ფორმა, მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდებოდა. ნათქვამის დასადასტურებლად თამაზაშვილმა ვერანაირი საკანონმდებლო ნორმა ვერ მოიშველია, აქტივისტებმაც არ გაიგონეს და ბრახუნი გააგრძელეს.

ყოველ ღამეს რკინის კედელზე ხელებით ბრახუნი ადვილი არ არის - აქტივისტები როცა იღლებიან, კედელს ფეხებითაც ურტყამენ. 27 მაისს, რკინის ჯებირი ორ ადგილას დაზიანდა - დაახლოებით 40 სანტიმეტრზე გვერდი გაიღუნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო სახელმწიფოს კუთვნილი ნივთის დაზიანების მუხლით და საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, რომ კანონდარღვევის ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვებოდა.

რიონის ხეობის მცველების პროტესტით შეწუხებული პოლიციელები უკმაყოფილებას და აგრესიას რკინის კედლის მეორე მხარეს მყოფი აქტივისტების მიმართ სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ.

მაგალითად, 15 აპრილს, „მთის ამბების“ კამერამ გადაიღო, როგორ აგინებდნენ პოლიციელები მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მაკა სულაძეს და პროტესტის მონაწილე აქტივისტ ქალებს ფსიქიკურად დაავადებულებს უწოდებდნენ.

28 მაისს, ორმხრივი სიტყვიერი შეურაცხყოფისას, ერთ-ერთმა პოლიციელმა რკინის ჯებირის ნახვრეტში დემონსტრანტების მხარეს ჯოხი გაუყარა, რის გამოც აქციის მონაწილე თვალის გამოთხრას ან სახის დაზიანებას შემთხვევით გადაურჩა.

„ბოლო რამდენიმე დღეა, რაც თბილისიდან რიონის ხეობაში დავბრუნდით, ეს ურთიერთობა დაძაბულია. როცა დგას პოლიცია და ჩვენ უბრალოდ ვხმაურობთ რკინის კედელზე, ვიცით, რომ პროტესტის ეს ფორმა აღიზიანებთ. მთელი ღამე გარეთ დგომა და ამ ხმაურის ატანა უწევთ. საპასუხოდ ბარიკადის მეორე მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და ჟესტებით რეაგირებენ. ამას ყველა ხედავს, ვინც რკინის კედელთან დგას და ამიტომაც არიან განსაკუთრებულად გაღიზიანებული ჩვენი ბრძოლის მონაწილეები საპოლიციო ძალების და ხელისუფლების მიმართ“, - ასე ხსნის ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის ხელმძღვანელი, ვარლამ გოლეთიანი აქციის მონაწილეებში პოლიციის მიმართ დაგროვილ უკმაყოფილებას.

აქციის არაერთმა მონაწილემ „მთის ამბებს“ დაუდასტურა, რომ 29 მაისს, გვიან საღამოს, როცა რკინის კედელზე აბრახუნებდნენ, პოლიციელმა ირაკლი მუკბანიანს დედა შეაგინა. პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, წინა ღამეს 8 ადამიანი დააკავეს. დაძაბული იყო მეორე საღამოც. ირაკლი მუკბანიანი რკინის კედლის შუაში იდგა, ყველაზე ახლოს პოლიციელებთან და რამდენიმე აქტივისტთან ერთად ცდილობდა, პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება არ მომხდარიყო. პოლიციელის გინების ადრესატიც ამ დროს გახდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული ვიდეომასალიდან მხოლოდ ის ჩანს, ირაკლი მუკბანიანი გაშლილ ხელს, ერთხელ, როგორ არტყამს პოლიციელს თავში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მუკბანიანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1-ელ ივნისს, ასოფელ ხალ საყულიაში, სვანების უბანში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მუკბანიანის დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და სამართალდამცველებს თავს დაესხნენ. „ადგილობრივებმა პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს. ცდილობდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას, შეეცადნენ პოლიციისთვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას და უწევდნენ წინააღმდეგობას. ამავდროულად პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგანს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა. სიტუაციის ესკალაციის არიდების და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. ასევე, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს“, - შსს თავის განცხადებაში არაფერს ამბობს იმაზე, რომ სპეცოპერაციის დროს ორი ადამიანი, ჯაბა გულბიანი და გიორგი ხაბულიანი დაჭრეს.

ირაკლი მუკბანიანის დასაკავებლად სპეცოპერაცია დაახლოებით 15:00 საათზე, სასაფლაოზე ჩატარდა. თანასოფლელები ზელიმ და ჯაბა გულბიანები, ბუხუტი გოქაძე და ირაკლი მუკბანიანი, ლევან ონიანს ახალგარდაცვლილი მამის საფლავზე კოშკის მშენებლობაში ეხმარებოდნენ.

ზელიმ გულბიანი, თვითმხილველი: „ჩემი ძმისშვილიც, 20 წლის ბიჭიც იქვეა დაკრძალული. ჭიქა წავუქციეთ. შუადღე იყო, მზე რომ გადმოვიდა, ჩრდილში ჩამოვსხედით და ვლაპარაკობდით. უცებ მოვარდნენ, დაწექითო, იარაღი შუბლზე მოგვადეს და დედებს გვაგინებდნენ“.

ლევან ონიანი, თვითმხილველი: „ჩაფიქრებული ვიყავი და თან კოშკს გავყურებდი, რა და როგორ გაგვეკეთებინა. ნიღბები ჰქონდათ, ავტომატი თავზე დამადეს, არ გაინძრეო და თან დედას მაგინებდა. რა ხდება, ვინ ხართ, რა გინდათ მეთქი. მკვდარი მამის საფლავზე მოდიხარ, დედას მაგინებ, ავტომატს მადებ, ვინ ხარ, რა გინდა? ესენი აგრძელებდნენ გინებას. ამ დროს ირაკლის მოვკარი თვალი, მუკბანიანს. ხელებაწეული გამოვიდა. ეგრევე ეცნენ“.

ირაკლი მუკბანიანის დაკავების შემდეგ სპეცრაზმელებმა რამდენჯერმე გაისროლეს. „სროლის ხმა როცა გაისმა, ვხედავთ, ჩვენი მეგობარი ძირს დაეცა. ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ ისროდნენ, ფეხებში ისროდნენ. მერე ჰაერშიც ისროდნენ. ჩვენ მთლად გადაგვრიეს და ჭკუიდან გადაგვიყვანეს“, - იხსენებს კიდევ ერთი თვითმხილველი ბუხუტი გოქაძე. სწორედ მან სცადა დაჭრილი მეგობრები მანქანაში ჩაესვა და საავადმყოფოში გადაეყვანა. ლევან ონიანმა დაინახა, სპეცრაზმელებმა როგორ ესროლეს ბუხუტის მანქანას საბურავებში, რის შემდეგაც ავტომობილი პოლიციის მანქანას დაეჯახა.

ირაკლი მუკბანიანი არათუ პოლიციაში არ დაუბარებიათ, სადაც თუ მივიდოდა, იქვე შეეძლოთ დაკავება, სპეცოპერაციის გარეშე, არამედ 1-ელ ივნისს, როცა მთელი დღის განმავლობაში ლევან ონიანს ეხმარებოდა, სასაფლაოდან სახლში და მაღაზიაში, სიგარეტისა და ცივი წყლის მისატანად რამდენჯერმე მარტო გავიდა. „სამჯერ თუ ოთხჯერ მაინც წავიდა სახლში, ცივი წყალი მოიტანა. მერე მაღაზიაში იყო გასული, სიგარეტი იყიდა. ესენი მაინც აქ დაგვეცნენ, ამდენი სპეცრაზმი თან, როცა გზაზეც შეეძლოთ მშვიდად დაკავება. წინა 2 დღეც ჩემთან იყო დღისით, მეხმარებოდა მამაჩემის საფლავზე. თავისი ფეხით მარტო გამოდიოდა, საღამოს სახლში ერთად ვბრუნდებოდით. მითხრა კიდეც, პოლიციელს ხელით შევეხე და სამმართველოდან თუ დამირეკავენ, მივალო“, - ამბობს ლევან ონიანი.

საბა გაბიძაშვილი ირაკლი მუკბანიანის თანასოფლელია. გუმათში ისიც ხშირად მონაწილეობს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებში. საბა ფიქრობს, რომ სპეცოპერაციის ჩატარების მიზანი რიონის ხეობის მცველების დაშინება იყო.

3 ივნისს, ახალ საყულიაში გამართულ შეკრებაზე, სოფლის მოსახლეობამ ეკლესიაში დაიფიცა, რომ „ერთმანეთს არ უღალატებენ, იბრძოლებენ ირაკლი მუკბანიანის გასათავისუფლებლად და პოლიციას არ მისცემენ მისი დაკავების დროს, სასაფლაოზე მყოფი ბიჭების დაპატიმრების საშუალებას“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, 1-ელ ივნისს, საყულიას სასაფლაოზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

ვარლამ გოლეთიანს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას თავად მიჰყავს პროცესი ესკალაციისკენ, რათა ადვილად მოახერხოს რიონის ხეობის მცველების დისკრედიტაცია.

„ვინც ვერ დააშინეს და აქ, გუმათში მაინც მოდის, უკვე ამ ფორმით უსწორდებიან. აი, თუ მიხვალ, გააპროტესტებ და ჩართული იქნები, ჩვენ არ დაგზოგავთ და 4-დან 7 წლამდე ციხეში გაგიშვებთ. ასეთ მძიმე მუხლებს უყენებენ აქციის მონაწილეებს.

ვეღარ გადაწყვიტეს ეს პროტესტი ვერანაირად. მოქმედებების თვალსაზრისით ხელისუფლება ყველა მიმართულებით გაშიშვლდა და დარჩათ ერთი ეს, რომ ძალისმიერად დააშინონ ადამიანები და თუ ჩვენ ამას მშვიდობიანი ფორმებით გავუმკლავდებით, პრაქტიკულად აღარ რჩებათ არაფერი იმისთვის, რომ ეს პროტესტი კიდევ ათრიონ. ყველა შემთხვევაში დამთავრდება ჩვენი, საზოგადოების გამარჯვებით.

ახლა ცდილობენ, რომ მარგინალურ ვექტორზე გაუშვან ეს პროტესტი, როგორც ახლა იქ მოხდა გაღიზიანება, საყულიაში - ქალი, ბავშვი, დიდი, პატარა გამოსული იყო გარეთ და ამბობენ, რომ იქ თუ ვინმე მივა დასაპატიმრებლად, არ შეუშვებენ და ბოლომდე იბრძოლებენ. ჩვენც დავუდგებით გვერდში უსამართლობასთან ბრძოლაში იმიტომ, რომ ეს საერთო ბრძოლაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებას ესკალაციისკენ თვითონ მიჰყავს პროცესი, რათა შეფასების ნაწილში ადვილად იმსჯელონ, თქვან, რომ ეს ხალხი ხომ ასეთია, ეს ხალხი ხომ ქვას ისვრის, პოლიციაზე ძალადობენ, ბარიკადს აყირავებენ. მუდმივად ვცდილობთ, მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ არ ავყვეთ ამ პროვოკაციას და ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ“.

ავტორები: გელა მთივლიშვილი, ლაშა ორჯონიკიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში