საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჰუცულები უკრაინის კარპატებიდან - როგორ ცხოვრობენ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მთიან რეგიონებში

15:14 - 03 ივლისი 2020 hits 19432

უკრაინაში, ევროპის გეოგრაფიულ ცენტრში მცხოვრებმა ჰუცულების ეთნიკურმა ჯგუფმა, სხვადასხვა იმპერიების გავლენების მიუხედავად, შეძლო, დღემდე შემოენახა მდიდარი ფოლკლორი, წეს-ჩვეულებები და დიალექტი, რომელსაც ახლა გაქრობის საფრთხე ემუქრება. როგორც მრავალი საუკუნის განმავლობაში, ჰუცულები დღესაც საკუთარი რესურსებით ცდილობენ კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებას. ჰუცულების შესახებ რეპორტაჟი იმ სერიის ნაწილია, რომელიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მთიანი რეგიონების ცხოვრებას ეხება.

ვინ არიან ჰუცულები

ჰუცულები უკრაინელი ხალხის ეთნოგრაფიული ჯგუფია. ისინი ძირითადად უკრაინის კარპატების მთიან რაიონებში - იმიერკარპატების, ჩერნივცის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში, ასევე, რუმინეთის სასაზღვრო რეგიონებში ცხოვრობენ.

უკანასკნელი აღწერით, რომელიც უკრაინაში 2001 წელს ჩატარდა, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში 21 249 ჰუცული ცხოვრობს.

ჰუცულების ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რეგიონს „ჰუცულშჩინა“ ჰქვია, თუმცა ის დღეს ადმინისტრაციული ერთეული აღარ არის. XIV- XVII საუკუნეებში, „ჰუცულშჩინა“ ჯერ პოლონეთის, შემდეგ კი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო მოქცეული. XX საუკუნეში, 1918-დან 1919 წლამდე იარსება დამოუკიდებელმა სახელმწიფოებრივმა წარმონაქმნმა - ჰუცულების რესპუბლიკამ, რომელსაც დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკაში გაერთიანება სურდა. 1920 წლიდან 1939 წლამდე ამ რეგიონის ნაწილები შედიოდა ჩეხოსლოვაკიის, რუმინეთისა და პოლონეთის შემადგენლობაში. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, 1945 წელს მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების შედეგად, „ჰუცულშჩინას“ უდიდესი ნაწილი უკრაინის, შესაბამისად საბჭოთა კავშირის საზღვრებში მოექცა. 1991 წლიდან ჰუცულები დამოუკიდებელი უკრაინის მოქალაქეები არიან.

კარპატებში მცხოვრები სხვა ეთნოგრაფიული ჯგუფებისგან ჰუცულები გამოირჩევიან თავიანთი ფერადი, ორნამენტული ხალხური სამოსით, რომელსაც დღეს მხოლოდ დღესასწაულებზე ატარებენ. ასევე, ცნობილია ჰუცულების ეთნო მუსიკა და ცეკვა, ხის არქიტექტურა, ხეზე კვეთა, კერამიკა, ხელნაკეთი სამკაულები, ნაქარგები, ძვლის, ტყავისა და სპილენძის ნაკეთობები.

კულტურა და სამეზობლო

„საბჭოთა კავშირის პერიოდში კომუნისტური ბერკეტებით ცდილობდნენ ერი ნაციონალური სიამაყიდან უბრალო მოსახლეობად ექციათ. ჩააცვეს პიონერის ერთნაირი ფორმა, ყელზე შეაბეს ერთნაირი ყელსახვევები, დაავიწყეს ტრადიციული ნაქარგი სამოსი, ოლექს დოვბუშის (ჰუცულების ეროვნული გმირი) დასავიწყებლად თავს მოახვიეს ლენინის სადიდებელი სიმღერები და ლექსები. 1991 წლამდე აქტიურად მიდიოდა ბრძოლა ადგილობრივი, ტრადიციული კულტურის წინააღმდეგ,“ - გვიყვება ივან ბერკელა, რომელიც იმიერკარპატებში, რახივის ოლქში, ჰუცულების საზოგადოების თავმჯდომარეა.

უკრაინელი ხალხის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის დროს, ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ტრადიციები ახსოვდათ. ვერხოვინაში, ჰუცულების ტრადიციული რეწვისა და კულინარიის კერძო მუზეუმის მფლობელი პავლა რაშკოვსკა ამბობს, რომ წინაპრების მიერ ზეპირსიტყვიერად გადმოცემული ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას ახლა ცდილობენ, უმეტესად, საკუთარი რესურსებით. ვერხოვინა ივანო-ფრანკოვსის ოლქის ის დასახლებაა, სადაც ჰუცულები რიცხობრივად ყველაზე მეტნი არიან.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ჰუცულების კულტურის მიმართ ინტერესი გაიზარდა. იმატა ტურისტების რიცხვმაც.

ივანო ფრანკოვსკის ოლქის სოფლებში ინფრასტრუქტურა განუვითარებელია, თუმცა ჰუცულები ტურისტებისთვის მიმზიდველი სერვისების შეთავაზებას მაინც ახერხებენ. მხოლოდ ვერხოვინაში 15 კერძო მუზეუმი გაჩნდა - ტრადიციული ხალხური მედიცინის, ხალხური რეწვის, კულინარიის, ხალხური საკრავებისა და მუსიკის და სხვა.

„იმის გამო, რომ დღევანდელ რეალობაში საკუთარი ხელობით რთულია უკრაინაში სამსახური იშოვო შესაბამისი ანაზღაურებით, ჰუცული ოსტატები ტოვებენ სახლებს და ევროპაში - რუმინეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში განაგრძობენ მუშაობას, მაგრამ ისინი იქ  ქმნიან არა უკრაინულ-ჰუცულურ კულტურას, არამედ უკვე იმ ქვეყნისას, სადაც მუშაობენ. ადგილობრივ ახალგაზრდობას კი არ აქვს შესაძლებლობა ისწავლოს ტრადიციული ხელსაქმე, ხეზე კვეთა და ქარგვა,“ - იეროსლავა ტკაჩუკი 20 წელია ჰუცულების ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს ხელმძღვანელობს კოლომეიაში. ეს უკრაინაში შექმნილი პირველი მუზეუმია, სადაც ჰუცულების ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატები ინახება.

იეროსლავა შიშობს, რომ თუ სახელმწიფო ხელს არ შეუწყობს ჰუცულების კულტურის შენარჩუნებასა და აღდგენას, მალე ამ მცირე ეთნიკური ჯგუფის კულტურასთან შეხება, არტეფაქტების სახით, მხოლოდ მუზეუმში იქნება შესაძლებელი.

საფრთხე ყველაზე მეტად უკრაინული ენის ჰუცულურ დიალექტს ემუქრება.

ვასილი იუსკივი და მისი მეუღლე მარია პოშივაილო 10 წელია, რაც ივანო-ფრანკოვსკიდან საკუთარი მამა-პაპის ხის სახლს დაუბრუნდნენ ვერხოვინას მთებში. მათ სახლამდე სამანქანო გზაც კი არ მიდის. დაახლოებით 4 კილომეტრს, ტყის ბილიკით, ფეხით გადიან იქიდან, სადაც მჭიდროდ დასახლებული უბანი მთავრდება. ძველ დასახლებაში არც ელექტროენერგიაა. მზის პანელი თვითონვე შეიძინეს და დადგეს.

მათი მთავარი საზრუნავი ჰუცულური დიალექტის გადარჩენაა. ვასილიმ უკრაინის კულტურის ფონდის მცირე ფინანსური მხარდაჭერაც მიიღო და ჰუცულური ხალხური ზღაპრების პირველი აუდიო წიგნი შექმნა.

„ჰუცულების უმრავლესობამ არ იცის სწორად კითხვა და სიტყვების მნიშვნელობა. გასაკვირი არ არის, რადგან ყოფა იცვლება და სიტყვები იკარგება, ქრება დიალექტი. ჩვენ დავისახეთ მისია, შეგვენარჩუნებინა დიალექტი და მოგვეხდინა მნიშვნელოვანი მომენტების პოპულარიზაცია ჰუცულების ყოველდღიურობაში. გვინდა, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი ჩართულობა, არ შერცხვეთ, მიიღონ და იამაყონ საკუთარი კულტურით, დიალექტით“, - გვეუბნება ვასილი და იქვე დასძენს, რომ უკრაინის აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვართან განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად დაანახა კულტურისა და იდენტობის მნიშვნელობა,

„როდესაც ხალხს ართმევ კულტურას, ისინი კარგავენ კავშირს საკუთარ ფესვებთან, საკუთარ ისტორიასთან. სწორედ ამიტომ, რუსეთმა ადვილად მოახდინა მათი ოკუპაცია. მათ რომ ჰქონოდათ საკუთარი კულტურის განცდა, მაშინ მათი დაპყრობა ასე ადვილი არ იქნებოდა.

მათ ექნებოდათ ის, რისთვისაც ბრძოლას აზრი ექნებოდა. ყოველი ერის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია საკუთარ ისტორიასთან და კულტურასთან კავშირის შეგრძნება. ორი ადამიანისთვის რთულია შეცვალოს რამე, მაგრამ ორ ადამიანს შეუძლია გახდეს ბირთვი და იყოს ბიძგის მიმცემი სხვა ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე ერთად შეუძლიათ იბრძოლონ საკუთარი რეგიონის და ქვეყნის უკეთესობისკენ“.

1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან უკრაინას დასავლეთ მეზობლებთან  პოლონეთთან, ავსტრიასთან, უნგრეთთან და რუმინეთთან არცერთი კონფლიქტი არ ახსოვს. პირიქით, იმიერკარპატების საზღვრისპირა დასახლებები გამორჩეულად შეძლებული და განვითარებულია. 1991 წელს აღიდგინა დამოუკიდებლობა საქართველომაც, თუმცა, მეზობელი რუსეთი ამ დღიდან აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. მომდევნო რეპორტაჟში გიამბობთ, როგორ ცხოვრობენ რაჭველები კონფლიქტის ზონის სოფლებში და როგორ ცდილობენ მთიან რაჭაში ჯერ კიდევ შემორჩენილი ახალგაზრდები მოსახლეობისგან დაცლილ სოფლებში უძრაობის გარღვევას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში