საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მეშინია ლაპარაკი არ დამავიწყდეს“ - მარტოკაცი ზვარეთიდან, რომელიც ცარიელ სოფელს უვლის

23:27 - 10 თებერვალი 2020 hits 67194

ზვარეთში მშობლების გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა, 22 წლის წინ. სოფელი იცლებოდა. ზვარეთს შერჩენილი მოხუცები კვდებოდნენ ან შვილებს მიჰყავდათ ბარში. ახალგაზრდები ქალაქში გარბოდნენ. ის ფეხს აღარ იცვლიდა. ნანობს, სწავლის დასრულების შემდეგ თბილისში რომ დარჩა, ეგრევე რომ არ დაბრუნდა და ახალგაზრდობის წლებიც მშობლებთან რომ არ გაატარა.

4 წლის წინ, სოფელში ორნიღა იყვნენ. ის და მისი მეზობელი, 62 წლის გიორგი. წელს გიორგიმაც დატოვა იქაურობა, ვეღარ გაძლო და გამოსაზამთრებლად ცაგერში წავიდა, დასთან. ასე შემორჩა ზვარეთს მარტოკაცად ვეფხია ერისთავი. მისი ერთადერთი ხმის გამცემი შავი ბელგიური ნაგაზია, „მავნე“ მარტოკაცს არ შორდება. პატრონის სიყვარულს იმავე ეზოში მცხოვრებ მალამუტსაც არ უზიარებს და ხშირად ერჩის.

ზვარეთი რაჭაშია, ონის რაიონში, კვაშხიეთის თემში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. მთის სოფლებისთვის თითქოს არც ისე მაღლაა, მაგრამ თოვლი მთის საკადრისი იცის.  ჩვენი სტუმრობის დროსაც ნახევარ მეტრამდე მოთოვა. წინა წლებში ორ მეტრამდეც მახსოვსო, ამბობს ვეფხია.

ზამთარი რაჭაში დიდხანს გრძელდება და ისედაც რთულ მარტოობას კიდევ უფრო ართულებს.

„დამლაპარაკებელი გინდა. დალაპარაკებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შემოვა ადამიანი და დაელაპარაკები...

მეშინია, ლაპარაკი არ დამავიწყდეს. ძნელია მარტო ცხოვრება, ძალიან ძნელი. საფიქრალის მეტი რა არის ცხოვრებაში, მითუმეტეს რა გამოლევს მარტოკაცისთვის. ჩავრთავ ტელევიზორს, ხანდახან ვუყურებ, ხან საერთოდ არ ვუსმენ, მაგრამ მიხარია რომ რახუნობს“.

უახლოესი მეზობელი კვაშხიეთში ჰყავს, იქამდე დაახლოებით 4 კილომეტრია. „რაც გინდა იყვირო აქედან, ხმას ვერავის გააგონებ. ამიტომ, ვცდილობ რომ მაგრად ვიყო და მე თვითონ ვიდგე ფეხზე“.

თბილისში ბინაც აქვს, მაგრამ „ქალაქისკენ გული აღარ მიუწევს“, ზვარეთში მეტი თავისუფლებაა. მარტოობით შეწუხებულს ხანდახან დაოჯახებაზე ფიქრიც მიეძალება, ასაკი აღარ მიწყობსო ხელსო. არადა, 52 წლისაა.

რამდენიმე სული საქონელი ჰყავს. უვლის, შემოდგომაზე თითო ძროხას ყიდის და ზამთრისთვის პროდუქტს იმარაგებს.

„მეზობელ სოფელში ჰყავთ ნივა, იმას თუ დავედარები ხოლმე, მაგრამ მეტწილად ფეხით ჩავდივარ-ამოვდივარ“ - ონამდე 10 კილომეტრია. როცა გზა თოვლისგან არ არის ჩახერგილი, ტაქსსაც ქირაობს, ერთი გზა 40-50 ლარი ღირს. ავტობუსი არც ახსოვს - აბა, ერთ ან რამდენიმეკაციან სოფლებში ტრანსპორტს ვინ ატარებსო და იქვე დასძენს, რომ უტრანსპორტობა, ხალხს რომ მიმოსვლა არ შეუძლია, სოფელს კლავს.

ზვარეთში ბევრი ხალხი ახსოვს. ოცი სახლი ყოფილა ღია, თითოში კი სამი ადამიანი მაინც ცხოვრობდა. სკოლაც ჰქონდათ, მეზობელ სოფელში - კვაშხიეთში, ოთხწლიანი. კლასში მხოლოდ სამნი იყვნენ, მათ შემდეგ კი დაწყებითი სკოლაც დაიხურა: „ახალგაზრდამ აქ რა უნდა გააკეთოს? სამუშაო არ აქვთ. ოჯახები რომ შექმნან, ბავშვებს განათლებას ვერ მისცემენ. ამიტომ მიდიან და არც გაემტყუნებათ“ . 

ახლა მხოლოდ ზაფხულობით თუ ჩადიან, ისიც ერთი ან ორი კვირით, რადგან სოფელს წყალი არ აქვს და მანქანებით სხვა სოფლიდან ეზიდებიან. მათი ხანმოკლე ჩასვლა მაინც ძალიან ახარებს: „წასვლისას ვეხუმრები ხოლმე, გზა უნდა გავაფუჭო, რომ აღარ გაგიშვათ მეთქი“.

უპატრონოდ არც სხვის ეზო-კარს ტოვებს, ეკალ-ბარდისგან წმენდს, სახურავი რომ არ ჩაინგრეს, თოვლისგან ასუფთავებს. ეს ერთი კაცი უვლის მთელ სოფელს.

ზვარეთსა და მის შემოგარენში კი ეკალ-ბარდი უზარმაზარ ტერიტორიას მოედო. „კარგი სათიბები იყო, მაგრამ ხალხი რომ აღარ არის, ეკალმა გადაუარა, ცელს ვეღარ მოიქნევ. დაეტყო უხალხობა. სოფელი ისეთია, რომ ხელი უნდა ყველაფერს. ერთ წელიწადს რომ არ გათიბო, უკვე ეკალი ამოდის“- წუხს ვეფხია და ყველაზე მეტად ის უნდა, ზვარეთში დამლაპარაკებელი ჰყავდეს.

ერთია სოფლად, მაგრამ ხელისუფლებიდან მაინც ახსენდებათ, წინასაარჩევნოდ. თან აუცილებლად ფოტოგრაფიც მიჰყავთ და მერე ფოტო „ამბობს“, რომ ერთკაციანი სოფლებიც ახსოვთ. არჩევნების შემდეგ აღარავის მოუკითხავს, მგელი მიდის ხოლმე...

2002-2014 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ხალხი ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შემცირდა (37 %-ით). 2002 წელს, ონის რაიონში 9 182, ამბროლაურის რაიონში კი 16 225 ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წლის აღწერამ აჩვენა, რომ ონის მუნიციპალიტეტში 6 130 ადამიანი ცხოვრობს, ამბროლაურში კი 9 139. ბევრ სოფელში ხალხის რაოდენობა ერთ, ორ, სამ ან ათ ადამიანს აღარ აღემატება. რამდენიმე სოფელი გაუკაცრიელდა.

ავტორი: ლაშა ორჯონიკიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში