საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სკოლამდელი განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვები სვანეთის სოფელში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:35 - 27 დეკემბერი 2019 hits 18033

„რატომ უნდა იყოს მთის სოფელში მცხოვრები ბავშვი დაჩაგრული? ბავშვის უფლება ყველგან უნდა იყოს დაცული. ჩვენს პატარებსაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა სკოლამდელი განათლება მიიღონ“, - 28 წლის გია ბენდელიანი ლენტეხის რაიონის სოფელ დურაშში ცხოვრობს. სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ამ სოფელში კიდევ ერთი ოჯახია შემორჩენილი, 4 ბავშვით. ორი წელია სოფელში საბავშვო ბაღის გახსნას უშედეგოდ ითხოვენ. რამდენიმე ბავშვიანი ოჯახი სოფლიდან უკვე აიყარა.

დურაში ლენტეხიდან 14 კილომეტრშია, ჩოლურის თემში. სოფელში ათი ოჯახიღა ცხოვრობს. დურაშს ბევრი პრობლემა აქვს - დიდთოვლობის დროს გზა ხშირად იკეტება. თოვლის სიმაღლე ზოგჯერ 2 მეტრს აჭარბებს. სოფლამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. დურაშში არც ინტერნეტია, მაგრამ მთავარ პრობლემად მაინც საბავშვო ბაღის არქონას ასახელებენ.

უახლოესი საბავშვო ბაღი 7 კილომეტრშია, სოფელ თეკალში. ამ მანძილის გავლას მანქანით დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება, დურაშამდე კი, ცუდი გზის გამო სკოლის მიერ დაქირავებული მანქანაც არ ადის და ერთ მასწავლებელსა და სამ მოსწავლეს სოფლიდან კილომეტრნახევარში ტოვებს.

„არიან ისეთი ოჯახები, რომლებიც სხვაგან წავიდნენ იმის გამო, რომ ბავშვებს ელემენტარული პირობები შეუქმნან - ბაღში ატარონ. ხშირად ჩამოდიან აქ და მათი ბავშვები უფრო კონტაქტურები არიან, უფრო აზროვნებენ, ვიდრე ჩემები, ჩაკეტილ სივრცეში მყოფები. სკოლაშიც, რომელიც სოფელ ჩოლურშია, მოუმზადებლები შედიან აქედან და სასწავლო პროგრამების ათვისებაც უჭირთ.

კი ვცდილობთ, რომ ყურადღება არ მოვაკლოთ, მაგრამ მეც და ჩემს მეუღლესაც აქ ფიზიკურად გვიწევს მუშაობა. დრო არ გვრჩება იმისა, რომ რაღაცა განუვითარო ან ეთამაშო. საღამოს შეიძლება ცოტა ხნით, მაგრამ ეს არ ჰყოფნით, ბავშვისთვის ბაღია საჭირო“, - ამბობს გია ბენდელიანი.

სოფლის დატოვება არ უნდა, მაგრამ ხელისუფლების იმედიც არ აქვთ: „ჩვენ ვითხოვთ, რომ აქედან გაქცევა არ მოგვიწიოს. არ გვინდა არც მოხუცი მშობლების და არც სოფლის დატოვება, ზოგს წასასვლელიც არსად აქვს. ორი წელი იქნება რაც ამ საქმეზე დავდივართ მერიაში. თავიდან იყო დაპირებები, მაგრამ ბოლოს ასე გვითხრეს, სადაც მეტი რაოდენობა იქნება, ბაღი იქ გაიხსნება, თქვენთან ჯერ-ჯერობით არაო“.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 15 საბავშვო ბაღია 150-მდე აღსაზრდელით. აქედან ერთი ბაღი ლენტეხშია და დანარჩენი სოფლებში. რაიონის 2019 წლის ბიუჯეტიდან, რომელიც 3 794 400 ლარია ადგილობრივი შემოსავლებისა და სუბსიდიის ჩათვლით, საბავშვო ბაღების გაერთიანებისთვის სულ 320 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვებს ორჯერადი კვება აქვთ. ერთი ბავშვის კვებაზე ყოველდღიურად 1.50 ლარი იხარჯება. მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 1 864 400 ლარი დაიხარჯა საკრებულოს და მერიის თანამშრომლების ხელფასებზე.

სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის ლამზირა გუგავას თქმით, სოფელში მოსახლეობის შესანარჩუნებლად საბავშვო ბაღი აუცილებელია. ლამზირა გუგავა სამი წელია რაც ამ პოზიციაზე მუშაობს. რაიონში ახალი საბავშვო ბაღი არ გახსნილა, თუმცა სოფელ სკედში, სადაც ორი ბავშვი დარჩა, ბაღს ინარჩუნებენ.

ლენტეხის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღის გახსნის ხარჯს არ ითვალისწინებს.  

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში