საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სახლი აშენდა, ბედნიერებაა, რომ არ იცნობ და გვერდში უდგახარ - ბლოელი გოგია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:54 - 14 დეკემბერი 2019 hits 43388

„ბევრი რამ შეიცვალა - სახლი აშენდა, მზის ბატარეები მოგვცეს და ნათურა აინთო სოფელში. სხვა იმედი, სხვა ხალისი შემოვიდა ჩემში“, - იმედი და ხალისი ბლოელ გოგიას ყველაზე მეტად მისთვის უცნობი ადამიანებისგან მხარდაჭერამ მისცა. „მთის ამბების“ მაყურებლებმა #ბლოელიგოგიასთვის ხის პატარა სახლის ასაშენებლად 9339 ლარი შეაგროვეს: „მთას კიდევ ჰყოლია გულშემატკივრები. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წვლილი შეიტანა. ყველაზე დიდი ბედნიერება ეგ არის, რომ არ იცნობ და გვერდში უდგახარ“.

ბლო პირაქეთა ხევსურეთშია. გადმოცემით ბლოელ გიგაურთა წინაპარი „გიგა“, არდოტელ ზვიადაურთა წინაპარი „ზვიადი“, მუქოელ წოწკოლაურთა წინაპარი „წოწკურა“ და ჭიმღელი თეთრაულების წინაპარი „თეთრა“, ძმები ყოფილან. მათი პირვანდელი საცხოვრებელი ადგილი სოფელი ბლო იყო. გიგაურების გვარი ამ სოფლიდან იღებს სათავეს. აქვეა გვარის მთავარი სალოცავი მუხის გიორგის ჯვარი.

ბლოში ახლა ერთადერთი ადამიანი, 46 წლის გოგია გიგაური ცხოვრობს. ბლოელი გოგიას შესახებ პირველი რეპორტაჟი 2019 წლის მაისში „მთის ამბებმა“ მოამზადა. რამდენიმე წლის წინ, ძველი ხევსურული სახლი ზვავმა დაუნგრია. ბლომდე სამანქანო გზა არ არის, არც არასდროს ყოფილა, სოფელ როშკასთან წყდება. როშკიდან ბლომდე 5 კილომეტრია. საცალფეხო ბილიკი ტყეზე და კლდოვან ფერდობზე გადის, შემდეგ კი ხეობაში მდინარე ბლოსწყალს მიუყვება.

სახლის დანგრევის შემდეგ, ბარისახოდან ბლოში რკინის კარკასი აიტანა, ტენტი რომ გადაეფარებინა და შიგ ეცხოვრა. მეოთხე წელია კარავში ცხოვრობდა.

ბლოელი გოგიასთვის ხის სახლის ასაშენებლად „მთის ამბებმა“ მაისშივე დაიწყო კამპანია #ვიდრემისკარავსთოვლიდაფარავს და 9 ათას ლარზე მეტი შეაგროვა. შემოწირულება 400-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო.

14 ნოემბერს „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომ კომპანია შეარჩიეს, რომელიც 11 ათას ლარად, გოგიასთვის ბლოში 20 კვმ-ის ხის სახლს ხუთ დღეში ააშენებდა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ეტაპზე უარი თქვა ბარისახოდან ბლოში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მასალების გადატანაზე. ხელისუფლებას დაახლოებით 2000 დოლარი დაუჯდებოდა ბლოელი გოგიას დახმარება (ვერტმფრენით მომსახურება). სტატიას 38 ათასი ადამიანი გაეცნო და მწვავე კრიტიკა მოჰყვა სოციალურ ქსელებში მთავრობისა და შსს-ს მიმართ.

შსს-ს უარის შემდეგ ბლოელ გოგიაზე სიუჟეტი გადაიღო „მთავარმა არხმა“.

24 ნოემბერს კი ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოელ გოგიას სიურპრიზი გაუკეთა და ამ ზამთარს თბილ სახლში გაატარებდა. ბლოელ გოგიას 15 კვმ ხის კოტეჯი სასაზღვრო პოლიციამ აუშენა. მშენებლობა უკვე დასრულდა.

„მადლობა მესაზღვრეებს, ძალიან დამეხმარნენ. წინა დღეს მითხრეს, ხვალ სიურპრიზს გიმზადებსო სამინისტრო და მეორე დღეს მოფრინდა ვერტმფრენი.“

„თქვენმა აქტიურობამ, მედიის აქტიურობამ შეუწყო ხელი, რომ სათქმელი მიიტანეთ იმათ ყურებამდე, რა პირობებში უწევს ადამიანს ცხოვრება. მედიამ უნდა გააშუქოს, რომ მამაპისეულ კერაზე უნდა ხალხს ცხოვრება, დაბრუნება. მომავალ წელს კიდევ ერთი კაცი მოვა“.

„მთის ამბების“ მიერ შეგროვილი 9339 ლარით, სრულად, ბლოელ გოგიას გაზაფხულზე ძველი ხევსურული სახლის აღდგენას ან ბიზნეს იდეას დავუფინანსებთ, რათა ის უფრო მეტად გაძლიერდეს და მთაში დაბრუნების სტიმული სხვებსაც მისცეს.

გოგიას ერთი თხოვნა აქვს მთავრობასთან - „პირველ რიგში გზა არის საჭირო. ყოველდღიური ყურადღება არ გვჭირდება, ერთხელ გააკეთეთ გზა, ხალხს ხელი შეუწყეთ რომ დაბრუნდნენ და მერე თვითონ შევქმნით იმდენს, რომ სხვას დავეხმარებით“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში