საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ვან გოგზე და მთაზე შეყვარებული 22 წლის გოგო, რომელიც შატილში მასწავლებლად წავიდა

20:05 - 15 ნოემბერი 2019 hits 51934

ჯერ კიდევ სტუდენტობისას გადაწყვიტა, რომ როდესაც სამხატვრო აკადემიას დაამთავრებდა, რომელიმე მაღალმთიან სოფელში წავიდოდა მასწავლებლად. ადგილის შერჩევაზე ბევრი არ უფიქრია, პაპა-ბებიასთან გატარებული ბავშვობის მოგონებამ ხევსურეთში დააბრუნა. 22 წლის მარგარეტ დაიაური შატილის სკოლის მოხალისე პედაგოგია და ბავშვებს ხელოვნებას ასწავლის.

ოცნების ასრულება მარტივი არ აღმოჩნდა - სკოლაში სწავლების ნებართვას სამი კვირა ელოდა, შატილში ჩასულს კი სკოლა პანსიონი დამწვარი დახვდა. ჭინჭარაულების კოშკში მისთვის გამოყოფილი ოთახის მოწყობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა იქაურობას სახელოსნოდ უკვე იყენებს. ბავშვები გაკვეთილების შემდეგ სწორედ მოხატული ნივთებით  გაფორმებულ მის სახელოსნოში კითხულობენ და არჩევენ წიგნებს, სწავლობენ ხატვას, კალიგრაფიას, ფოტოგადაღებას, ძერწვას და ხეზე მუშაობას.

მარგარეტის საყვარელი მხატვარი რომ ვან გოგია, ამას სახელოსნოში არსებული თითქმის ყველა ნივთი მოწმობს, მათ შორის მის მიერ შექმნილი სამკაულები, რომლებიც უცხოური არტ გალერეების ონლაინ გვერდებზეც მოხვდა. მარგარეტი იხსენებს, რომ „ვან გოგის ყელსაბამების“ გამო, თბილისში ყოფნისას, არაერთი შეთავაზებაც მიიღო. დარწმუნებულია, რომ თავის საყვარელ საქმეს, დიზაინს, აუცილებლად დაუბრუნდება, თუმცა დღეს მისთვის მთავარი ბავშვებთან მუშაობაა.

„მთის ბავშვები მგონია, რომ უფრო ახლოს არიან ხელოვნებასთან. შეუძლებელია, ყოველდღიურად ხედავდე ისეთ ლამაზ პეიზაჟებს, ზღაპრულ გარემოს როგორიც მთაშია და არ გააკეთო რაღაც ხელოვნების კუთხით“, - გვეუბნება მარგარეტი და გვიყვება, რა სირთულეები ახლავს მასწავლებლობას მთაში,

ამ ბავშვებს არ აქვთ საშუალება მუზეუმებში, გალერეებში ან თუნდაც კინოში წასვლის, რომ თავისი თვალით ნახონ, აღიქვან, რა ხდება მათ გარშემო. როცა რაღაცას ვუხსნი, თეორიულად ვუხსნი მხოლოდ, ვერაფერს ვაჩვენებ. რთულია, ისაუბრო ხელოვნებაზე ისე, რომ მათ ამის შესახებ წარმოდგენა არ შეუქმნა. პროექტორი ამ ყველაფერს შეცვლიდა“.

სკოლაში პრობლემაა ის ინვენტარიც, რომელიც ხელოვნების გაკვეთილებს სჭირდება. თოვლის მოსვლასთან ერთად ხეობაც ჩაიკეტება, რაც ნიშნავს, რომ გაკვეთილებისთვის საჭირო ინვენტარის შევსება შეუძლებელია.

ცდილობს დანაკლისი სხვაგვარად აანაზღაუროს - მეგობრული იყოს ბავშვებთან და მათ ისეთი გარემო შეუქმნას, რომელშიც  უფრო მეტის სწავლას შეძლებენ. მიაჩნია, რომ „მოსწავლესა და მასწავლებელს შორის არ უნდა იყოს ისეთი ბარიერი, როგორც ჩვენი მშობლების თაობის დროს იყო“.

მარგარეტი თავის მეგობრებსა და თანატოლებს ურჩევს, შიშის გამო უარი არ თქვან საკუთარ კუთხეში დაბრუნებაზე, - „არც კი დაფიქრდნენ, არ იფიქრონ არანაირ მატერიალურზე, არც ხელფასზე, რადგან არაფერს არ აქვს ისეთი დიდი ემოციის მოცემის საშუალება, როგორიც თუნდაც ერთი გაკვეთილის შემდეგ ბავშვის გამოხედვას, რომ ბევრი რამე ასწავლე ისეთი, რაც მანამდე არ იცოდა და გიყურებს ბრჭყვიალა მოციმციმე თვალებით“.

ავტორი - ლაშა ორჯონიკიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში