საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ნიური ნამგალაძე - მარტოქალი რაჭიდან

17:36 - 12 ნოემბერი 2019 hits 15374

აბანოეთში, ნამგალაძეების უბანში, ზამთრობით კვამლი მხოლოდ მისი სახლიდან ამოდის. მალე მეზობელი მოხუცი ცოლ-ქმარიც ქალაქში დაბრუნდება და ხმის გამცემად ერთგული ძაღლიღა დარჩება. 84 წლის ნიური ნამგალაძე სოფლის მიტოვებული უბნების ერთადერთი გამომზამთრებელია.

ნახევარ საუკუნეზე მეტია, ნიური აბანოეთში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ შვილი, სამი წლის წინ კი ქმარიც მოუკვდა. რახანია შვილიშვილები თბილისში გადასვლას სთხოვენ, მაგრამ არ მიდის - ვიცი, იქ ვერ გავძლებ და სხვა რაღატომ უნდა შევაწუხოო.  

სოფელში ზამთრობით დიდი თოვლი იცის, ისედაც დანგრეულ გზაზე დიდთოვლობისას საერთოდ ვეღარავინ ადის. სტუმარსაც და მეზობლებსაც გაზაფხულამდე არც ელოდება.

„გზა არ არის და რაფრა მოვიდეთ, რაფრა გავჩერდეთო იძახიან“, - ნიური იმასაც ვერ იხსენებს, ბოლოს როდის მოხრეშეს და გაასწორეს სოფელში მისასვლელი გზა.

„აქაურობა სავსე იყო ხალხით, ახალგაზრდები დასხდებოდნენ ნიგვზის ძირში, მღეროდნენ, იცინოდნენ, დროს ატარებდნენ, კარგი სოფელი იყო“, - იხსენებს და წუხს, რომ ახლომახლოს აღარც მაღაზიაა და არც სამედიცინო პუნქტი; უგზობის გამო სასწრაფოც კი შეიძლება ვერ მივიდეს, - „თუ შემოგვხედავს ეს მთავრობა ვინცხა, რომელიცხა იქნება“.

ნიური გვიყვება, რომ ამბროლაურიდან 13 კილომეტრში მდებარე აბანოეთში, ერთ დროს, ჩამსვლელიც ბევრი იყო და დამხვედრიც. სოფელი თეთრი და შავი სასმელი გოგირდის წყლებისა და ხვანჭკარის ვენახებით ყოფილა მდიდარი.

ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, ზემო აბანოეთიდან, ადგილობრივები, უკეთესი პირობების გამო, სოფლის ქვედა უბანში გადასახლებულან. ზოგმა ოჯახის ძველი ოდაც დაშალა და წაიღო, თუმცა ერთი მოხუცის ამარა დარჩენილ უბანში, ახლა, ასწლოვანი ხის რაჭული ოდების უმრავლესობაც დაცლილი და მიტოვებულია.

ავტორი - გიორგი შარმაზანაშვილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში