საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

დაფუძნდა მთიულეთის სათემო ორგანიზაცია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:45 - 28 სექტემბერი 2019 hits 22429
ფოტოზე - გიგა ჩოხელი, მთიულეთის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე
საზოგადოება
ფოტოზე - გიგა ჩოხელი, მთიულეთის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე

მთიულეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მთიულეთის განვითარების, სოფლად მცხოვრებთათვის სკოლამდელი, სასკოლო და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის, სამოქალაქო ჩართულობის, ეკო და აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის მთიულეთის სათემო ორგანიზაცია დააფუძნეს. სათემო ორგანიზაციის დამფუძნებლებმა თავმჯდომარედ გიგა ჩოხელი აირჩიეს, მოადგილედ კი გიორგი ბეგოიძე.

გიგა 27 წლის არის, პროფესიით მანქანური სწავლების ინჟინერია. წელიწადნახევარია რაც მასაჩუსეტსის შტატიდან საქართველოში დაბრუნდა. ბოსტონის საზოგადოებრივ კოლეჯში ფილოსოფია/კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებაზე სწავლობდა. აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, საცხოვრებლად თბილისიდან ხადის ხეობაში გადავიდა. მამით გუდამაყრელია, დედით მთიული. დედა ხადის ხეობის სოფელ ბენიან-ბეგონიდან ჰყავს. ხადა დუშეთის მუნიციპალიტეტშია, ზღვის დონიდან დაახლოებით 1700 მეტრზე.

გიგა თანატოლებთან ერთად აქტიურადაა ჩართული ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობის პროექტის მონიტორინგში. 23 კილომეტრიანი მაგისტრალი ხადის ხეობაზე უნდა გაატარონ. პროექტი 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. ადგილობრივები, გარემოსდამცველები და ტურიზმის სპეციალისტები შიშობენ, რომ ეს პროექტი ხადის ხეობაში ათობით ისტორიულ-კულტურულ ძეგლს დააზიანებს, ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, ეკოტურიზმის განვითარებას შეაფერხებს და მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს მკვეთრად გააუარესებს. უნდათ ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობის მხარდამჭერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ხადის მოსახლეობის ხმა გააგონონ.

გიგა ხადის ხეობაში შემორჩენილ ახალგაზრდებსა და ბავშვებს, ძირითადად ზაფხულობით პროგრამირებასაც ასწავლის. მეგობრის სახლში ყოველ შაბათს, პირველ საათზე იკრიბებიან. ჯგუფში ერთი გოგო და სამი ბიჭია. ფიქრობენ, რომ სათემო ორგანიზაციის ფარგლებში, პროგრამირების შესწავლა სხვა მთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც გახადონ შესაძლებელი.

გიორგიც ხადის ხეობიდანაა. მისი მიზანი მთიულეთში ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა. მთიულეთის სათემო ორგანიზაცია სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას აპირებს ადგილობრივ მოსახლეობაში სამეწარმეო და ბიზნეს-უნარების განვითარების მხარდასაჭერად.

მთიულეთი მოიცავს გუდაურს, ქვეშეთის, ფასანაურის, ჭართლის, ანანურის თემებს, გუდამაყრის ხეობას.

მთიულეთის სათემო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მხარდაჭერით დაფუძნდა. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ხელშეწყობით ახორციელებს მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირების პროექტს, რომლის მიზანია თუშეთის, პანკისის, ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრისა და ხევის მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა.

მთიულეთის სათემო ორგანიზაციაში გაწევრიანება შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ორგანიზაციის მიზნებს იზიარებენ. გასაწევრიანებლად უნდა შეავსოთ ანკეტა და გაგზავნოთ, ან მიწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში