საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ამ ტრიბუნიდან ბოდიშს ვუხდი გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს - პრეზიდენტი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:50 - 26 მაისი 2023 hits 1474

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკის გამო გააკრიტიკა. პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში ტყვედ ჩავარდნილი და შემდეგ წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძის და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 2016 წელს მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახებს.

„მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა.

გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც, საკუთარ შვილებს, ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი, ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი ნიკოლოზ ღარიბაშვილი სწავლას ამერიკაში, კერძოდ პენსილვანიის უნივერსიტეტში აგრძელებს. ეს უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული სასწავლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში. პენსილვანიის უნივერსტიტეტი ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. საქართველოში ფრანკლინის სახელობის კლუბის წევრ ახალგაზრდებს პრემიერი ღარიბაშვილი სატანისტებად მოიხსენიებს „აგენტების შესახებ რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ.

ანწუხელიძისა და ოთხოზორიას ოჯახებისთვის ბოდიშის მოხდის დროს, შეძახილები გაისმა ტრიბუნიდაც, სადაც ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები ისხდნენ. გაირკვა, რომ „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრმა, კახეთის ოთხი რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა წამოიყვირა. „როცა გაბრალებენ რუსეთის იმეებად გამოყვანას, უნდა იცოდეს, ვის როგორ მიმართოს“, - განმარტა ქადაგიშვილმა.  

„დღეს ის დღეა, როცა ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, ვეძებოთ გამოსავალი და დავიბრუნოთ მომავლის იმედი. სიძულვილის ენამ, დაპირისპირებამ, ურთიერთგაგება და პატივისცემა შეცვალა, ეს სახელმწიფოს ასუსტებს. ვაჟას სხვა სიტყვებიც უნდა გვახსოვდეს - „ციხე რომ შიგნიდან ტყდება, მაშინ იმარჯვებს მტერია“, სწორედ ესაა ქართველობის დაკარგვის საფრთხე, ჩვენივე ხელით და ჩვენივე ნებით. ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ, ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე კარგ, თუ ან ცუდ განცხადებაზე იყოს დამოკიდებული - ყველაფერზე, გარდა საკუთარ ინტერესზე. რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო.

ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ, როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს. ნუთუ გვავიწყდება, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს.

კარგად ვხედავთ დღეს, ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს, 26 მაისია და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ხელისუფლება გააკრიტიკა საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული შვილის შემოშვების და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამოც:

„გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენს პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრებულად უნდა იცავდეს სტაბილურობას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას ევალება, არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია. ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. უნდა იცოდე, ვინ შემოდის და გადის ქვეყნიდან.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ. მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობასა და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე?! გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს.

გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როდესაც დღეს ვითვლით თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების საჩუქარი. ნუთუ, ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!

ასევე, გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ქსენოფობიას გაბრალებს. ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ბრალდება ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შემწყნარებლობითა და სტუმართმოყვარეობით გაითქვა სახელი. ეს ყოველივე არა მხოლოდ წარსულით არის დამტკიცებული - ქართველთა და ებრაელთა 26 საუკუნოვანი თანაცხოვრებით, არამედ დღესაც, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან უსიტყვოდ მივიღეთ და ვაცხოვრებთ 80 ათასამდე იმიგრანტს და მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთი სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა. ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს“, - თქვა ზურაბიშვილმა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში