საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გუდაურში დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახები 100-100 ათას ლარს მიიღებენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:24 - 01 აგვისტო 2022 hits 7644

„სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, შსს თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს, ასევე, ექიმებისთვის, გამონაკლისის სახით ჯანდაცვის სამინისტროც 100 000 ლარს გამოყოფს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე, გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს, წლებია უკვე, ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას, სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს. ასევე, დაღუპულ ექიმებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული ამ ტრაგედიამ და მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გუდაურში სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი „მი 8“, 29 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი. დაიღუპა ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი: ეკიპაჟის მეთაური - ზაზა ლორია, ეკიპაჟის წევრები - დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი; ექიმები - ქეთევან გულაღაშვილი, გიორგი ვენეცკი; მაშველები - გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა. ვერტმფრენის დახმარებით, გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტის და მისი თანმხლები პირის სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვერტმფრენს ე.წ. „კუდის როტორი“ დაუზიანდა, რამდენიმე წამში კი მთლიანად მოსძვრა, რის შემდეგაც ვერტმფრენმა მართვა დაკარგა. ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქების შედეგად ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა.

მაშველების სხვა ჯგუფმა კლდეში ჩავარდნილი პარაპლანისტი ცოცხალი ამოიყვანა, მისი თანმხლები უცხოელი ტურისტი კი დაიღუპა.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში