საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშეთის დაცული ლანდშაფტის დირექტორმა ნაკრძალში 29 ფიჭვი მოჭრა

16:08 - 04 აგვისტო 2018 hits 6118

თუშეთის დაცული ლანდშაფტის დირექტორის ზაზა ლაგაზიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ლაგაზიძეს სოფელ შენაქოში, ნაკრძალის ტერიტორიაზე, უკანონოდ, 29 ძირი ფიჭვის მოჭრას ედავება.

როგორც „მთის ამბებს“ თუშეთის ეროვნული პარკის დირექტორმა ვახტანგ გიუნაიძემ უთხრა, რეინჯერებს რომ არ შეეჩერებინათ, ლაგაზიძე ნაკრძალის ტერიტორიაზე უფრო მეტი ხის მოჭრას აპირებდა.

„შენაქოს საფეხმავლო ხიდიდან დაახლოებით 150 მეტრში, 29 საღი ხე მოჭრა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, გვითხრა, რომ ჩეხეთიდან ჩამოსულ მოხალისეებთან ერთად საფეხმავლო ხიდის აღდგენას აპირებდა და ხის მასალა სჭირდებოდა. ნაკრძალში ხის მოჭრაზე უარი ვუთხარით. მას შემდეგ რაიმე კომუნიკაცია არ გვქონია. უცებ კი გავიგეთ, რომ ხეები მაინც მოუჭრია. რეინჯერების ხელმძღვანელმა შეძლო შეეჩერებინა, თორემ კიდევ აპირებდნენ მოჭრას. ზიანი აღვწერეთ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შევადგინეთ და მასალები რეაგირებისთვის პოლიციას გავუგზავნეთ, რადგან მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა“, - აღნიშნავს ვახტანგ გიუნაიძე.

„თუშეთის დაცული ლანდშაფტი“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირია. მისი დირექტორი ზაზა ლაგაზიძე განმარტავს, რომ ომალო-შენაქოს, ღელე-ჩიღოს, დოჭუ-გოგრულთას, ალისგორი-ვერხოვანის, ალისგორი-წოვათას ტურისტულ ბილიკებზე საფეხმავლო ხიდები ამორტიზებულია და საფრთხის შემცველია ადგილობრივებისა თუ ვიზიტორებისთვის. ლაგაზიძის თქმით, ჩეხ მოხალისეებთან ერთად, ის ომალო - შენაქოს დამაკავშირებელი საცალფეხო ხიდის აღდგენით სამუშაოებს აწარმოებდა, რომლის რეაბილიტაციაც ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მოთხოვნით შეწყვიტა.

„ვეთანხმები ვახტანგ გიუნაიძის კომენტარს იმ ნაწილში, რომ შენაქოს ხიდის რემონტი მათთან შეთანხმებული არ ყოფილა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი ამას არ ითანხმებენ წლების განმავლობაში. ეროვნული პარკის მიერ „კანონდარღვევაზე“ რეაგირების შედეგად შეწყვეტილია შენაქოს საფეხმავლო ხიდის აღდგენა, რაც ყველასთვის არასასურველი შედეგია. მიგვაჩნია, რომ გარემოს დაცვასთან ერთად ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, ჩვენი, ორივე ადმინისტრაციის საზრუნავია“, - ამბობს ლაგაზიძე.

ვახტანგ გიუნაიძის თქმით, ომალო-შენაქოს სახალფეხო ხიდი თუშეთის ეროვნული პარკის ბალანსზეა და მის მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებელი დაცული ტერიტორიების სააგენტოა:

„თუ ნაკრძალში ხეების ჭრა დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას უბრალო მიზეზად მიაჩნია, ძალიან ცუდად ყოფილა საქმე. კარგი იქნებოდა თუ ზაზა ლაგაზიძე კარგად გაეცნობოდა დაცული ტერიტორიების შესახებ კანონს“.

საცალფეხო ხიდის გავლით ომალოდან შენაქომდე მანძილი 4.5 კილომეტრია, საავტომობილო გზით 7 კილომეტრი. ხიდის ამორტიზებულობის გამო ბილიკი არ ფუნქციონირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საქმეს ახმეტის პოლიცია იძიებს.

თუშეთის დაცული ლანდშაფტის დირექტორი ზაზა ლაგაზიძე 2015 წლიდან 2017 წლამდე პირადი კომფორტისთვის იყენებდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ, თუშეთისთვის გადაცემულ ახალ, მაღალი გამავლობის ავტომობილს, რომელიც თუშეთში ექიმს უნდა მომსახურებოდა. ლაგაზიძემ თუშეთის სასწრაფოსთვის განკუთვნილი ავტომობილი მთაში მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნა, რაც ამ თემაზე „მთის ამბებმა“ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში